1. ოცდახუთი წლისა იყო ამაციაჰუ, რომ გამეფდა, და ოცდაცხრა წელი იმეფა იერუსალიმში. დედამისი იყო იეჰოყადანი, იერუსალიმიდან.
2. სწორად იქცეოდა უფლის თვალში, თუმცა არა მთელი გულით.
3. როცა გაუმტკიცდა მეფობა, დახოცა თავისი მორჩილნი, რომელთაც მოკლეს მეფე, მამამისი.
4. მაგრამ მათი შვილები არ დაუხოცავს, რადგან სწერია მოსეს რჯულის წიგნში, უფლის ბრძანებისამებრ: არ უნდა მოიკლან მამები შვილთა გამო და შვილები მამათა გამო არ უნდა მოიკლან, არამედ თითოეული თავისი დანაშაულისაოვის უნდა მოიკლას.
5. შეკრიბა ამაციაჰუმ იუდა და დააყენა მამისსახლების, ათასისთავების და ასისთავების მიხედვით მთელი იუდა და ბენიამინი. აღრიცხა ოცი წლის ასაკს გადაცლებულნი და გამოვიდა სამასი ათასი რჩეული კაცი, ლაშქრად გამსვლელი და ფარ-შუბის დამჭერი.
6. ას ქანქარ ვერცხლად იქირავა ისრაელისგან ასი ათასი მამაცი მებრძოლი.
7. მივიდა მასთან ღვთისკაცი და უთხრა: ნუ გაიყოლებ ისრაელის ჯარს, რადგან არ არის უფალი ისრაელთან, არცერთთან ეფრემიანთაგან.
8. მხოლოდ შენ წადი. იმოქმედე და მტკიცედ იყავი ბრძოლაში, თორემ დაგამარცხებს უფალი შენი მტრების წინაშე, რადგან ღმერთს შეწევნაც შეუძლია და დამარცხებაც.
9. უთხრა ამაციაჰუმ ღვთისკაცს: მაშ, ას ქანქარს რაღა ვუყო, რომელიც უკვე მივეცი ისრაელის მოქირავნეებს? მიუგო ღვთისკაცმა: უფალს ამაზე მეტი შეუძლია მოგცეს.
10. გამოაცალკევა ამაციაჰუმ ჯარი, ეფრემიდან რომ მოუვიდა, თავიანთ ადგილზე დასაბრუნებლად. ძალიან განრისხდნენ იუდაზე და გაცეცხლებულნი დაბრუნღნენ თავიანთ ადგილას.
11. ძალი მოიცა ამაციაჰუმ, გაუძღვა თავის ხალხს მარილოვანი ველისკენ და ათი ათასი სეყირიანი ამოხოცა.
12. ათი ათასი კაცი ცოცხლად ჩაიგდეს ტყვედ და წამოასხეს იუდიანებმა. აიყვანეს კლდის წვერზე და გადმოყარეს კლდის წვერიდან. ყველანი ერთიანად გაწყდნენ.
13. ხოლო ლაშქარი, რომელიც უკან გააბრუნა, რომ საომრად არ გაჰყოლოდა, შეესია იუდას ქალაქებს სამარიიდან ბეთ-ხორონამდე. სამი ათასი კაცი დახოცეს და დიდძალი ნაძარცვი დახვეტეს.
14. როცა დაბრუნდა ამაციაჰუ ედომელების განადგურების შემდეგ, წამოასხა სეყირიანთა ღმერთები და ღმერთებად დაიყენა. მათ სცემდა თაყვანს და უკმევდა.
15. განურისხდა უფალი ამაციაჰუს. მიუვლინა წინასწარმეტყველი, რომელმაც უთხრა: რად მოძებნე მაგ ხალხის ღმერთები, რომელთაც ვერ იხსნეს ეგ ხალხი შენი ხელიდან?
16. როცა ამას ეუბნებოდა, უთხრა მას მეფემ: რაო, მეფის მრჩევლად დაგაყენეს? შეწყვიტე. რისთვის უნდა მოაკლევინო თავი? შეწყვიტა წინასწარმეტყველმა და თქვა: ვიცი, შენი დაღუპვა გადაწყვიტა უფალმა, რადგან ასე გააკეთე და არ გაიგონე ჩემი რჩევა.
17. ითათბირა ამაციაჰუ იუდას მეფემ და კაცი გაუგზავნა იოაშს, იეჰოახაზ იაჰუს ძის ძეს ისრაელის მეფეს, და შეუთვალა: მოდი, მოვსინჯოთ ერთმანეთი.
18. შემოუთვალა იოაშმა ისრაელის მეფემ, ამაციაჰუს, იუდას მეფეს: ლიბანის კვრინჩხმა შეუთვალა ლიბანის ნაძვს: ცოლად მიათხოვე შენი ასული ჩემს ვაჟს. მაგრამ ჩაიარა ლიბანის გარეულმა მხეცმა და გათელა კვრინჩხი.
19. ამბობ, ედომი დავამარცხეო, და აჰა, გული მოგეცა საამპარტავნოდ. ახლა იჯექი შენ სახლში. რისთვის სტეხ შფოთს? შენც დაეცემი და იუდაც შენთან ერთად.
20. ყური არ ათხოვა ამაციაჰუმ, რადგან ღვთისგან იყო ეს, რომ მტრის ხელში ჩავარდნილიყო, რაკი ედომელთა ღმერთები მოძებნა.
21. მაშინ გამოვიდა იოაში, ისრაელის მეფე, და მოსინჯეს ერთმანეთი, მან და ამაციაჰუმ, იუდას მეფემ, ბეთ-შემეშთან, იუდაში რომ არის.
22. დამარცხდნენ იუდაელები ისრაელიანებთან და თავთავის კარვებში გაიფანტნენ.
23. ხოლო ამაციაჰუ, იუდას მეფე, ძე იოაშ ახაზიაჰუს ძისა, შეიპყრო იოაშ ისრაელის მეფემ ბეთ-შემეშში და მიადგა იერუსალიმს. დაანგრია იერუსალიმის კედელი ეფრემის კარიბჭიდან კუთხის კარიბჭემდე, ოთხასი წყრთის სიგრძეზე.
24. გაზიდა მთელი ოქრო-ვერცხლი, მთელი ჭურჭელი რაც კი უფლის სახლში ინახებოდა ყობედ-ედომთან, და მეფის სახლის საგანძური. აიყვანა მძევლები და გაბრუნდა სამარიას.
25. ისრაელის მეფის, იოაშ იეჰოახაზის ძის, სიკვდილის შემდეგ თხუთმეტი წელი იცოცხლა ამაციაჰუ იოაშის ძემ, იუდას მეფემ.
26. ამაციაჰუს დააარჩენი საქმეები - პირველნი და უკანასკნელნი, იუდასა და ისრაელის მეფეთა წიგნშია ჩაწერილი.
27. მას შემდეგ, რაც ამაციაჰუ უფალს განუდგა, შეითქვნენ მის წინააღმდეგ იერუსალიმში, და მან თავი შეაფარა ლაქიშს. მიუგზავნეს კაცები ლაქიშში და იქ მოკლეს.
28. წამოასვენეს ცხენებით და დამარხეს თავის მამა-პაპის გვერდით იუდას ქალაქში.