1. გამოიყვანა იუდას მთელმა ხალხმა ყუზიაჰუ, თექვსმეტი წლის ყმაწვილი, და მამამისის, ამაციაჰუს, ნაცვლად გაამეფეს.
2. მან აღადგინა ელოთი და დაუბრუნა იუდას. მერე განისვენა მეფემ მამა-პაპასთან.
3. თექვსმეტი წლის იყო ეუზიაჰუ, რომ გამეფდა, და ორმოცდათორმეტი წელი იმეფა იერუსალიმში. დედამისი იყო იექალია, იერუსალიმელი.
4. სწორად იქცეოდა უფლის თვალში, როგორც ამაციაჰუ, მამამისი, იქცეოდა.
5. ეძიებდა ღმერთს, ვიდრე ცოცხალი იყო ზაქარია წინასწარმეტყველი, საღვთო ხილვების მეცნაური. ვიდრე ეძებდა უფალს, ღმერთიც შეეწეოდა მას.
6. გადიოდა და ებრძოდა ფილისტიმელებს. დაანგრია გათის, იაბნესა და აშდოდის კედლები. ქალაქები გააშენა აშდოდში და ფილისტიმელებში.
7. ღმერთი შეეწეოდა ფილისტიმელების, არაბების, გურ-ბაყალის მცხოვრებთა და მეყუნელთა წინააღმდეგ.
8. ყამონელნი ძღვენს უგზავნიდნენ ყუზიაჰუს და მისმა სახელმა ეგვიპტის საზღვრებამდე მიაღწია, რადგან მეტად გაძლიერდა იგი.
9. ააგო ყუზიაჰუმ იერუსალიმშიკოშკები კუთხის კარიბჭეზე, ველის კარიბჭეზე და კუთხეში და გაამაგრა.
10. ააგო კოშკები უდაბნოშიც და უამრავი ჭა ამოიყვანა, რადგან ბევრი ხარ-ძროხა ჰყავდა დაბლობში და ვაკეზე. მიწისმუშაკნი და მევენახენი კი მთებში და ქარმელში ჰყავდა, რადგან მიწის მოყვარული იყო.
11. ყუზიაჰუს მებრძოლი ჯარი ჰყავდა, რომელიც გუნდ-გუნდად გამოდიოდა ომში და აღნუსხული იყო მათი რიცხვის მიხედვით იეყიელ მწერლისა და მაყასიაჰუ ზედამხედველის ხელით, და ხანანიას, მეფის ერთ-ერთი კარისკაცის, ხელმძღვანელობით.
12. მამისსახლთა თავკაცების, მაგარ ვაჟკაცთა, სრული რიცხვი იყო ორიათას ექვსასი,
13. მათ ხელში იყო სამასშვიდიათას ხუთას კაციანი ლაშქარი, რომელიც თავგამოდებით იბრძოდა მეფის დასახმარებლად მტრების წინააღმდეგ.
14. დაუმზადა ყუზიაჰუმ მთელ ლაშქარს ფარები, შუბები, მუზარადები, ჯაჭვის პერანგები, მშვილდები და შურდულის ქვები.
15. გააკეთა იერუსალიმში გამომგონებლის მიერ გამოგონებული მანქანები, რომ დაედგათ კოშკებზე და კუთხეებში დიდრონი ისრებისა და ლოდების სატყორცნად. შორს გაითქვა სახელი, რადგან საკვირველად იყო შეწევნილი, ვიდრე არ გაძლიერდა.
16. როცა გაძლიერდა ყუზიაჰუ, გადიდგულდა და თავისდა დასაღუპავად შესცოდა უფალს, თავის ღმერთს, რადგან შევიდა უფლის ტაძარში საკმევლის საკმევად სამსხვერპლოზე.
17. მას მიჰყვა მღვდელი ყაზარიაჰუ უფლის მღვდლების, ოთხმოცი ვაჟკაცის თანხლებით.
18. წინ გადაუდგნენ მეფე ყუზიაჰუს და უთხრეს: შენ არ გეკუთვნის ყუზიაჰუ, უფლისათვის კმევა, არამედ მღვდლებს, აარონიანებს, რომელნიც მკმევლებად არიან ნაკურთხნი. გამოდი საწმიდარიდან! რადგან შესცოდე და პატივად არ ჩაგეთვლება უფლისგან, შენი ღმერთისგან.
19. განრისხდა ყუზიაჰუ, ხელში კი საცეცხლური ეჭირა საკმევად, და როცა განურისხდა მღვდლებს, კეთრი გამოაჩნდა შუბლზე მღვდლების წინაშე, უფლის სახლში, საკმევლის სამსხვერპლოსთან.
20. მიიხედეს მისკენ ყაზარიაჰუ მღვდელმთავარმა და ყველა მღვდელმა და, აჰა, შუბლზე კეთრი აქვს. სასწრაფოდ გამოიყვანეს იქიდან. თვითონაც ჩქარობდა გამორიდებას, რადგან უფალმა დაჰკრა მას.
21. სიკვდილამდე კეთროვანი იყო მეფე ეუზიაჰუ, ცხოვრობდა ცალკე სახლში, როგორც კეთროვანი, რადგან მოკვეთილი იყო უფლის სახლიდან. მისი ძე იოთამი კი მეფის სახლს განაგებდა და განიკითხავდა ქვეყნის ერს.
22. ყუზიაჰუს დანარჩენი ამბები - პირველნი და უკანასკნელნი აღწერა წინასწარმეტყველმა ესაიამ, ამოცის ძემ.
23. განისვენა ყუზიამ თავის მამა-პაპასთან და დამარხეს იგი თავისი მამა-პაპის გვერდით, მეფეთა სამარხავ მინდორზე, რადგან ამბობდნენ: კეთროვანიაო. მის ნაცვლად მისი ძე იოთამი გამეფდა.