1. ოცდახუთი წლის იყო იოთამი, რომ გამეფდა და თექვსმეტი წელი იმეფა იერუსალიმში. დედამისი იყო ერუში, ცადოკის ასული.
2. სწორად იქცეოდა უფლის თვალში, როგორც მამამისი ყუზიაჰუ იქცეოდა. ოღონდ უფლის ტაძარში არ შესულა. ხალხი კი ძველებურად სცოდავდა.
3. ააგო უფლის სახლის ზემო კარიბჭე და ყოფელის კედელიც ბევრგან აღადგინა.
4. იუდას მთაზე ქალაქები ააშენა, ტყეებში კი ციხესიმაგრეები და კოშკები.
5. ყამონიანთა მეფეს ებრძოდა და სძლია მას. ყამონიანებმა იმ წელს ასი ქანქარი ვერცხლი, ათიათასი ქორი ხორბალი და ქერი მისცეს. ამდენსავე აძლევდნენ ყამონიანები მეორე და მესამე წელს.
6. გაძლიერდა იოთამი, რადგან თავის გზებს უფლის, თავისი ღმერთის, წინაშე წარმართავდა.
7. იოთამის დანარჩენი ამბები, ყველა მისი ომი და ნამოქმედარი ჩაწერილია იუდასა და ისრაელის მეფეთა წიგნში.
8. ოცდახუთი წლის იყო, როცა გამეფდა და თექვსმეტი წელი იმეფა იერუსალიმში.
9. განისვენა იოთამმა თავის მამა-პაპასთან და დამარხეს დავითის ქალაქში. მის ნაცვლად მისი ძე ახაზი გამეფდა.