1. ოცი წლისა იყო ახაზი, როცა გამეფდა და თექვსმეტი წელი იმეფა იერუსალიმში. არ იქცეოდა ისე სწორად უფლის თვალში, როგორც მამამისი დავითი.
2. დადიოდა ისრაელის მეფეთა გზით. ბაალების ქანდაკებებიც კი ჩამოასხა.
3. საკმეველს აკმევდა ბენ-ჰიმონის ველზე. ცეცხლში ატარებდა თავის შვილებს იმ წარმართთა ბილწი ჩვეულებისამებრ, რომელნიც აჰყარა უფალმა ისრაელიანთაგან.
4. მსხვერპლს სწირავდა და საკმეველს აკმევდა გორაკებზე, ბორცვებზე და ყოველი ხემხვივანის ქვეშ.
5. და ჩააგდო იგი უფალმა, მისმა ღმერთმა, არამის მეფის ხელში. დაამარცხეს იგი, მრავალნი დაატყვევეს და დამასკოში წაასხეს. გარდა ამისა, ჩააგდო იგი ისრაელის მეფის ხელშიც, რომელმაც სასტიკად დაამარცხა.
6. ფეკად რემელიაჰუს ძემ ერთ დღეში ას ოცი ათასი ამოხოცა იუდაში - ყველა კარგი ვაჟკაცი. რადგან მიატოვეს უფალი, თავიანთი მამა-პაპის ღმერთი.
7. ზიქრიმ, ეფრემელმა გოლიათმა, დახოცა: მაყასიაჰუ უფლისწული, სახლთუხუცესი ყაზრიკამი და ელკანა, მეფის მეორე კაცი.
8. წაასხეს ტყვედ ისრაელიანებმა თავიანთ მოძმეთაგან ორასი ათასი დიაცი, ვაჟი და ასული. დიდძალი ნადავლი წაართვეს და სამარიაში მიიტანეს ნაალაფარი.
9. იყო იქ უფლის წინასწარმეტყველი, სახელად ყოდედი. გამოვიდა სამარიაში დაბრუნებული ლაშქრის წინაშე და უთხრა: აჰა, განრისხებულია უფალი, თქვენი მამა-პაპის ღმერთი იუდაზე, ხელში ჩაგიგდოთ იგი და თქვენც ამოწყვიტეთ ისინი ისეთი სიცოფით, რომელიც ცას მისწვდა.
10. ახლა კი ფიქრობთ, რომ ყმებად და მხევლებად გაიხადოთ იუდიანები და იერუსალიმი! განა თქვენ არა გაქვთ დანაშაული უფლის, თქვენი ღმერთის წინაშე?
11. ახლა კი გამიგონეთ და დააბრუნეთ ტყვეები, თქვენი მოძმეებისგან რომ წამოასხით, თორემ უფლის რისხვა დაგატყდებათ.
12. წინ აღუდგნენ ეფრემიანთა თავკაცები - ყაზარიაჰუ იეჰოხანანის ძე, ბერექიაჰუ მეშილემოთის ძე, იეხიზკიაჰუ შალუმის ძე და ყამასა ხალდაის ძე ომიდან მოსულთ.
13. უთხრეს: ნუ შემოიყვანთ აქ ტყვეებს, რადგან დანაშაული გვაქვს უფლის წინაშე ჩადენილი, თქვენ კი გინდათ, რომ კიდევ შემატოთ ჩვენს ცოდვებს და დანაშაულებს. რადგან დიდია ჩვენი დანაშაული და რისხვა ისრაელზე.
14. მიატოვეს მხედრებმა ტყვეები და ნაალაფარი სარდლებისა და კრებულის წინაშე.
15. ადგნენ სახელებით მოხსენებული ეს კაცები, მოკიდეს ხელი ტყვეებს და, ვინც კი შიშველი იყო მათგან, ყველა შემოსეს იმ ნაალაფარიდან. შემოსეს და ფეხზე ჩააცვეს, აჭამეს და ასვეს. ზეთი სცხეს, მერე სხედრებზე შესხეს ყველა დაუძლურებული და მიაცილეს იერიხონამდე, პალმების ქალაქამდე, მათ მოძმეებამდე. თვითონ კი სამარიაში დაბრუნდნენ.
16. იმ დროს მეფე ახაზმა მოციქულები გაუგზავნა აშურის მთავრებს, რათა დახმარება გაეწიათ მისთვის.
17. კვლავ მოვიდნენ ედომელები, დაამარცხეს იუდა და ტყვეები წაასხეს.
18. ფილისტიმელებიც მოედვნენ დაბლობისა და იუდას სამხრეთის ქალაქებს. დაიპყრეს ბეთ-შემეში, აიალონი, გადეროთი, სოქო და მისი დაბები, თიმანა და მისი დაბები, გიმზო და მისი დაბები, და იქ დასახლდნენ.
19. ასე დაამდაბლა უფალმა იუდა ახაზის, ისრაელის მეფის გამო, რადგან გარყვნა მან იუდა და ცოდვით სცოდავდა უფალს.
20. მიუხდა მას თიგლათფალასარი, აშურის მეფე, და შეავიწროვა იგი დახმარების ნაცვლად.
21. რადგან გაძარცვა ახაზმა უფლის სახლი, მეფის სახლი, და მთავრები, და მისცა აშურის მეფეს, მაგრამ არა თავისდა შესაწევად.
22. თავისი გასაჭირის ჟამს უფრო სცოდავდა უფლის წინაშე მეფე ახაზი.
23. მსხვერპლს სწირავდა დამასკოს ღმერთებს, რომელთაც დასცეს იგი, და ამბობდა: არამის მეფეთა ღმერთებია მათი შემწენი, შევწირავ მათ მსხვერპლს და მეც შემეწევიანო. მაგრამ ისინი მისი და მთელი ისრაელის დასამხობად იყვნენ.
24. მოაგროვა ახაზმა უფლის სახლის ჭურჭლეული და დალეწა უფლის სახლის ჭურჭლეული, დაგმანა უფლის სახლის კარები და სამსხვერპლოები დაიდგა იერუსალიმის ყველა კუთხეში.
25. იუდას ყველა ქალაქში გორაკები გამართა ღმერთებისთვის საკმევლის საკმევად და განარისხა უფალი, თავისი მამა-პაპის ღმერთი.
26. დანარჩენი მისი ამბები და ყოველი მისი მოქმედება - პირველნი და უკანასკნელნი, იუდასა და ისრაელის მეფეთა წიგნშია ჩაწერილი.
27. განისვენა ახაზმა თავის მამა-პაპასთან და დამარხეს ქალაქ იერუსალიმში, ოღონდ ისრაელის მეფეთა სამარხში არ შეუსვენებიათ. მის ნაცვლად მისი ძე, იეხიზკიაჰუ გამეფდა.