1. შეუთვალა იეხიზკიაჰუმ მთელს ისრაელს და იუდას. წერილები მისწერა ეფრემსა და მენაშეს, რათა მოსულიყვნენ უფლის სახლში, იერუსალიმში, უფლისთვის, ისრაელის ღმერთისთვის პასექის გადასახდელად.
2. გადაწყვიტეს მეფემ, მისმა მთავრებმა და მთელმა კრებულმა იერუსალიმში, რომ პასექი მეორე თვეში გადაეხადათ.
3. რადგან იმჟამად არ შეეძლო გადახდა, რაკი მღვდლები ჯერ არ იყვნენ განათლულნი და არც საკმარისი რაოდენობის ხალხი არ იყო თავმოყრილი იერუსალიმში.
4. სწორად ჩაითვალა ეს ამბავი მეფისა და მთელი კრებულის თვალში.
5. დაადგინეს, ხმა გაევრცელებინათ მთელ ისრაელში ბერშებადან დანამდე, რათა მოსულიყვნენ და პასექი გადაეხადათ უფლისთვის, ისრაელის ღმერთისთვის, იერუსალიმში, რადგან დიდხანს არ გადაეხადათ დაწერილის მიხედვით.
6. მოიარეს მალემსრბოლებმა მეფისა და მისი მთავრების წერილებით მთელი ისრაელი და იუდა, და მეფის ბრძანებისამებრ გამოუცხადეს: ისრაელიანებო! დაუბრუნდით უფალს, აბრაამის, ისაკის, ისრაელის ღმერთს, და ისიც დაუბრუნდება თქვენს ნატამალს, აშურის მეფეთა ხელს რომ გადაურჩა.
7. ნუ იქნებით თქვენი მამა-პაპის და მოძმეთა მსგავსნი, რომელთაც შესცოდეს უფალს, თქვენი მამა-პაპის ღმერთს, და მანაც გასწირა ისინი გასაპარტახებლად როგორც ხედავთ.
8. ახლა მაინც ნუ იქნებით ქედფიცხელნი თქვენი მამა-პაპის მსგავსად. ხელი გაიწოდეთ უფლის მიმართ, მოდით მის საწმიდარში, რომელიც განათლული აქვს სამარადისოდ. ემსახურეთ უფალს, თქვენს ღმერთს, და გაბრუნდება თქვენგან მისი რისხვა.
9. თუ დაუბრუნდებით უფალს, შებრალებას ჰპოვებენ თქვენი ძმები და შვილები იმათ წინაშე, ვინც ისინი დაატყვევეს, და დააბრუნებენ ამ ქვეყანაში, რადგან მოწყალე და შემბრალეა უფალი, ღმერთი თქვენი. პირს აღარ შეიბრუნებს თქვენგან, თუ დაუბრუნდებით მას.
10. დადიოდნენ მალემსრბოლნი ქალაქიდან ქალაქში, ეფრემის, მენაშესა და ზებულუნის ქვეყანაში. მაგრამ დასცინოდნენ მათ და აბუჩად იგდებდნენ.
11. მხოლოდ ზოგიერთნი მოდრკნენ აშერში, მენაშეში და ზებულუნში და მოვიდნენ იერუსალიმს.
12. იუდაზეც იყო ღვთის ხელი მისთვის ერთი გულის ჩასადებად, რომ შეესრულებინათ, რაც მეფემ და მთავრებმა უბრძანეს, უფლის სიტყვისაებრ.
13. დიდძალი ხალხი მოაწყდა იერუსალიმს მეორე თვეში უფუარობის დღესასწაულის გადასახდელად, მრავლის უმრავლესი იყო კრებული.
14. ადგნენ და მოაშორეს სამსხვერპლოები, იერუსალიმში რომ იყო, ასევე ყველაფერი, რაზეც საკმეველი იკმეოდა. აიღეს და კედრონის ხევში გადაყარეს.
15. დაკლეს პასექი მეორე თვის მეთოთხმეტე დღეს. შერცხვათ მღვდლებსა და ლევიანებს, გაინათლნენ და აღსავლენი მიიტანეს უფლის სახლში.
16. დადგნენ თავ-თავიანთ ადგილზე, მათი წესისდა მიხედვით, მოსეს, ღვთისკაცის, რჯულის მიხედვით. მღვდლები სისხლს ლევიანთა ხელით ასხურებდნენ.
17. მრავლად იყვნენ კრებულში გაუნათლავნი, ამიტომ დაკლეს ლევიანებმა პასექები, რათა უფლისათვის გაენათლათ ყოველი არაწმიდა.
18. თუმცა ხალხის უმრავლესობა, მეტწილად ეფრემიგან, მენაშედან, ისაქარიდან და ზებულუნიდან არ გაწმედილა, მაინც ჭამეს პასექი, დაწერილის საწინააღმდეგოდ. რადგან ასე ილოცა მათთვის იეხიზკიაჰუმ.
19. უფალმა სახიერმა მიუტევოს ყველას, ვინც განამზადა თავისი გული, რომ მოეძებნა ღმერთი, უფალი, თავისი მამა-პაპის ღმერთი, თუმცა საწმიდარის წესით არ განწმედილა.
20. უსმინა უფალმა იეხიზკიაჰუს და მიუტევა ხალხს.
21. ისრაელიანებმა და იმათ, ვინც კი იერუსალიმში იყო, შვიდ დღეს იზეიმეს უფუარობის დღესასწაული, დიდი სიხარულით. ლევიანები და მღვდლები ყოველდღე ადიდებდნენ უფალს უფლის ძლიერი საკრავებით.
22. გულითადად ელაპარაკა იეხიზკიაჰუ ყველა ლევიანს, რომელიც კეთილი გონებით ემსახურებოდა უფალს. შვიდი დღე ჭამდნენ სადღესასწაულოს, სწირავდნენ სამადლობელ მსხვერპლს და მადლობდნენ უფალს, თავიანთ მამა-პაპის ღმერთს.
23. გადაწყვატა მთელმა კრებულმა, რომ მომდევნო შვიდი დღეც ეზეიმათ, და ეს შვიდი დღეც სიხარულში გაატარეს,
24. რადგან იეხიზკიაჰუმ, იუდას მეფემ, კრებულს უბოძა ათასი კურატი და შვიდი ათასი ცხვარი, მთავრებმა კი უბოძეს კრებულს ათასი კურატი, ცხრა ათასი ცხვარი და გაინათლა მრავალი მღვდელი.
25. ხარობდა იუდას მთელი კრებული, მღვდლები და ლევიანები, ისრაელიდან მოსული მთელი კრებული, ისრაელის ქვეყნიდან მოსული ხიზნები და იუდას მკვიდრნი.
26. ისეთი დიდი სიხარული სუფევდა იერუსალიმში, რომლის მსგავსი სოლომონ დავითის ძის, ისრაელის მეფის, დღეების მერე არ ყოფილა იერუსალიმში.
27. წამოდგნენ მღვდლები, ლევიანები და აკურთხეს ერი. შესმენილ იქნა მათი ხმა და აღევლინა მთელი ლოცვა მის წმიდა სამყოფლამდე, ცაში.