ძველი აღთქმა

მეორე ნეშტთა

თავი ოცდამეთექვსმეტე

1. გამოიყვანა ქვეყნის ერმა იეჰოახაზი, იოშიაჰუს ძე [სცხეს მას], და მამამისის ნაცვლად გაამეფეს იერუსალიმში.

2. ოცდასამი წლისა იყო იეჰოახაზი, როცა გამეფდა და სამი თვე იმეფა იერუსალიმში. [მისი დედა იყო ხამიტალი, იერემიას ასული, ლიბნადან. უკუღმართად იქცეოდა უფლის თვალში, როგორც მამა-პაპა იქცეოდა. ბორკილი დაადო მას ფარაონმა ნექომ დებლათში, ხამათის ქვეყანაში, რომ აღარ ემეფა იერუსალიმში].

3. გადააყენა იგი ეგვიპტის მეფემ იერუსალიმში [წაიყვანა მეფემ ეგვიპტეს] და დააკისრა ქვეყანას ასი ქანქარი ვერცხლი და ერთი ქანქარი ოქრო.

4. ეგვიპტის მეფემ მის ნაცვლად მისი ძმა ელიაკიმი გაამეფა იუდაში და იერუსალიმში და იეჰოაკიმად შეუცვალა სახელი. მისი ძმა იეჰოახაზი კი შეიპყრო ნექომ და ეგვიპტეში წაიყვანა [და მოკვდა იქ. ვერცხლსა და ოქროს აძლევდნენ ფარაონ ნექოს. მაშინ დაიწყო ქვეყანამ ხარკის აკრეფა და ვერცხლის გაღება ფარაონის ბრძანებით, და თითოეული შეძლებისდაგვარად მოითხოვდა ვერცხლსა და ოქროს ქვეყნის ერისაგან ფარაონ ნექოსთვის მისაცემად].

5. ოცდახუთი წლისა იყო იეჰოიაკიმი, როცა გამეფდა, და თერთმეტი წელი იმეფა იერუსალიმში. უკუღმართად იქცეოდა უფლის, თავისი ღმერთის, თვალში. [მის დროს მიუხდა ნაბუქოდონოსორი, ბაბილონის მეფე, ქვეყანას და ემორჩილებოდა მას სამი წელი, და განუდგა. შეუსია უფალმა მათ ქალდეველები და სირიელი ყაჩაღები, მოაბელი ყაჩაღები და ყამონიანები, სამარიელები, და განდგნენ ამ სიტყვის თანახმად, უფლის სიტყვის თანახმად, მის მორჩილთა, წინასწარმეტყველთა პირით რომ იყო ნათქვამი. მაინც უფლის რისხვა იყო იუდაზე, რომ განეგდო იგი თავისი პირიდან მენაშეს ყველა ცოდვის გამო, რაც ჩაიდინა მან, და უბრალო სისხლის გამო, იეჰოიაკიმმა რომ დაღვარა და რომ აავსო იერუსალიმი უბრალო სისხლით, მაგრამ არ ინება უფალმა მათი ამოგდება].

6. მოუხდა მას ნაბუქოდონოსორი, ბაბილონის მეფე, და დაადო ბორკილები, რომ ბაბილონში წაეყვანა.

7. წაიღო ნაბუქოდონოსორმა უფლის სახლის ჭურჭლეულის ნაწილი ბაბილონში და დააწყო თავის სასახლეში, ბაბილონში.

8. იეჰოიაკიმის დანარჩენი საქმენი და სიბილწენი, რაც ჩაიდინა და რაც მის წინააღმდეგ აღმოჩნდა, ისრაელისა და იუდას მეფეთა წიგნშია ჩაწერილი. მის ნაცვლად მისი ძე იეჰოიაქინი გამეფდა.

9. რვა წლისა იყო იეჰოიაქინი, როცა გამეფდა და სამი თვე და ათი დღე იმეფა იერუსალიმში. უკუღმართად იქცეოდა უფლის თვალში.

10. წელიწადი რომ შემოიქცა, ხალხი გაგზავნა მეფე ნაბუქოდონოსორმა და ბაბილონს გადაიყვანა იგი უფლის სახლის ძვირფას ჭურჭელთან ერთად, ხოლო იუდაზე და იერუსალიმზე მისი ძმა ციდკიაჰუ გაამეფა.

11. ოცდაერთი წლის იყო ციდკიაჰუ, როცა გამეფდა, და თერთმეტი წელი იმეფა იერუსალიმში.

12. უკუღმართად იქცეოდა უფლის, თავისი ღმერთის თვალში. არ მოდრკა იგი იერემია წინასწარმეტყველის წინაშე, რომელიც უფლის სიტყვას ეუბნებოდა.

13. განუდგა მეფე ნაბუქოდონოსორსაც, რომელმაც ღმერთზე დააფიცა. გაიფიცხა ქედი და გული არ მოილბო უფლისკენ, ისრაელის ღმერთისკენ მოსაქცევად.

14. ასევე მღვდლებისა და ხალხის ყველა წინამძღოლი მრავალს სცოდავდა წარმართთა ყველა სისაძაგლის კვალზე და ბილწავდნენ უფლის სახლს, რომელიც იერუსალიმში განწმიდა მან.

15. უფალი, მათი მამა-პაპის ღმერთი ადრიდანვე უგზავნიდა და უგზავნიდა მათ სიტყვას თავის მოციქულთა ხელით, რადგან ებრალებოდა მას თავისი ერი და თავისი სამყოფელი.

16. მაგრამ ისინი აბუჩად იგდებდნენ მოციქულებს, არად აგდებდნენ მის სიტყვებს და დასცინოდნენ მის წინასწარმეტყველებს, ვიდრე მის ერს უფლისაგან უსაშველო რისხვა არ დაატყდა.

17. მოუვლინა მათ ქალდეველთა მეფე და მახვილით ამოხოცა მათი ჭაბუკები საწმიდარის სახლში, არ დაინდო არც ჭაბუკი და არც ქალწული, არც მოხუცი და არც თმაჭაღარა - ყველანი მის ხელში ჩაყარა.

18. ღვთის სახლის ყველა ჭურჭელი - დიდი და მცირე, უფლის სახლის საგანძურები, მეფისა და მთავრების საგანძურებითურთ ერთიანად ბაბილონში გაზიდა.

19. გადაწვეს ღვთის სახლი და დაანგრიეს იერუსალიმის კედელი, გადაბუგეს ყველა მისი სასახლე და გაანადგურეს ყველა მისი ძვირფასეულობა.

20. მახვილს გადარჩენილნი ბაბილონში გადაასახლა; და იყვნენ მისი და მისი ვაჟების მორჩილნი სპარსეთის მეფობის დამყარებამდე,

21. რათა აღსრულებულიყო უფლის სიტყვა, იერემიას პირით ნათქვამი: ვიდრე ქვეყანა თავისი შაბათებით გაიხარებდესო. მთელ უკაცრიელობის ხანაში შაბათობდა, ვიდრე სამოცდაათი წელი არ შესრულდა.

22. კიროსის, სპარსეთის მეფის პირველ წელს, როცა იერემიას პირით ნათქვამი უფლის სიტყვა აღსრულდა, უფალმა აღძრა სპარსეთის მეფის, კიროსის სული და მან საქვეყნოდ გამოაცხადა მთელ თავის სამეფოში სიტყვიერად და წერილობით, რომ

23. ასე ამბობს კიროსი, სპარსეთის მეფე: ქვეყნის ყველა სამეფო მე მიბოძა უფალმა, ცათა ღმერთმა, და დამავალა მისთვის სახლის აგება იერუსალიმში, იუდაში რომ არის. ვინც თქვენს შორის მისი ერიდან არის, უფალი, მისი ღმერთი, იყოს მასთან, და წავიდეს!

 

მენაშეს ლოცვა

1. უფალო ყოვლისმპყრობელო! ჩვენი მამა-პაპის - აბრაამის, ისაკის, იაკობის და მათი მართალი მოდგმის ღმერთო,

2. შემოქმედო ცისა და მიწისა მთელი მათი მორთულობით,

3. ზღვის მომთრგუნველო შენი განგების სიტყვით, უფსკრულის დამგმანელო და დამბეჭდავო შენი საშინელი და დიდებული სახელით,

4. რომლისაც ყველას ეშინია და კანკალებენ შენი ძლიერების წინაშე,

5. რადგან გაუსაძლისია შენი ბრწყინვალების სიდიადე და აუტანელია შენი რისხვა, ცოდვილებს რომ დაათევ თავზე.

6. განუზომელია და გამოუკვლეველი შენი აღთქმის წყალობა,

7. რადგან უზენაესი უფალი ხარ, შემბრალებელი, სულგრძელი და მრავალმოწყალე, კაცთა ცოდვების გამო მონანული.

8. უფალო, ღმერთო მართალთა, არ დაგიწესებია სინანული მართალთათვის - აბრაამისთვის, ისაკისთვის და იაკობისთვის, რომელთაც არ შეუცოდავთ შენ წინაშე, მე ცოდვილს კი დამიწესე სინანული.

9. რადგან ზღვის ქვიშაზე უმეტესია ჩემი ცოდვები. გამრავლდა ჩემი ურჯულოებანი, უფალო, გამრავლდა! არა ვარ ღირსი, ცის სიმაღლეს ვუმზერდე ჩემს უსამართლობათა სიმრავლის გამო!

10. ჩაკეცილი ვარ რკინის ბორკილების სიმძიმით, ვერ ვიშორებ მათ ჩემი ცოდვების გამო, არა მაქვს მოსვენება, რადგან განგარისხე და უკუღმართად მოვიქეცი შენს თვალში, სიბილწე დავამკვიდრე და ვამრავლე შეურაცხებანი.

11. ახლა კი მომიდრეკია ჩემი გულის მუხლნი და მოწყალებას გემუდარები.

12. შევცოდე, უფალო, შევცოდე და ჩემი ურჯულოებანი მე თავად ვუწყი;

13. და მაინც გევედრები, მომიტევე, უფალო, მომიტევე, ნუ დამღუპავ ჩემს ურჯულოებებში, სამარადისოდ ნუ განმირისხდები ჩემი ცოდვებისთვის! მიწის ქვესკნელს ნუ მომისჯი, რადგან მონანულთა ღმერთი ხარ, უფალო!

14. მოავლინე ჩემზე სიკეთე შენი და მიხსენი მე, უღირსი, შენი უზომო მოწყალებით,

15. და განგადიდებ დღენი ჩემნი, რადგან შენ გიგალობს ცის ყოველი ძალი და შენია დიდება უკუნისამდე, ამინ.