1. გააკეთა სპილენძის სამსხვერპლო; სიგრძით ოცი წყრთა, სიგანით - ოცი წყრთა, სიმაღლით - ოცი წყრთა.
2. ჩამოასხა სპილენძის ზღვა, სრულიად მრგვალი, იგი კიდით კიდემდე ათი წყრთა იყო. სიმაღლე ხუთი წყრთა ჰქონდა, ოცდაათი წყრთა ძაფი სწვდებოდა გარს.
3. მის ქვეშ, ირგვლივ, ხარების გამოსახულებები იყო შემორტყმულნი, ზღვას ათ წყრთაზე გარს ევლებოდა მასთან ერთად ჩამოსსმული ხარების ორი რიგი.
4. იგი თორმეტ ხარზე იდგა: სამი ჩრდილოეთით იყურებოდა, სამი დასავლეთით იყურებოდა, სამი სამხრეთთი იყურებოდა, სამი აღმოსავლეთით იყურებოდა. ზღვა ზედ ედგათ და გავები ყველას შიგნით ჰქონდათ მიქცეული.
5. სისქე ერთი მტკაველი ჰქონდა: კიდეები თასის კიდესავით ჰქონდა გაკეთებული და გაშლილ შროშანს ჩამოჰგავდა. სამიათას ბათს იტევდა.
6. გააკეთა ათი საბანელი; ხუთი მარჯვენა ფრთაზე დადგა, ხუთი - მარცხენა ფრთაზე, რომ მათში თვითონაც განბანილიყვნენ და აღსავლენი საკლავიც ამოევლოთ.
7. გააკეთა ათი ცალი ოქროს სასანთლე მათი წესის შესაფერისად და ტაძარში დადგა; ხუთი მარჯვენა ფრთაზე, ხუთიც მარცხენა ფრთაზე.
8. გააკეთა ათი ტაბლა და ტაძარში დადგა. ხუთი მარჯვენა ფრთაზე, ხუთიც მარცხენა ფრთაზე. გააკეთა ასი ცალი ოქროს სასხურებელი.
9. გააკეთა მღვდელთა ეზო, დიდი ეზო, ეზოს კარები და სპილენძით მოჭედა მათი კარები.
10. ზღვა მარჯვენა ფრთაზე დადგა, სამხრეთ-აღმოსავლეთით.
11. გააკეთა ხურამმა ქვაბები, აქანდაზები, სასხურებლები. მოამთავრა ხურამმა სამუშაო, რომელსაც სოლომონს უკეთებდა ღვთის სახლში.
12. ორი სვეტი, ბუღაურები, სვეტისთავზე დასადგმელი ბალიშებითურთ, ორი ცხაური სვეტებზე დასადგმელი, ბუღაურების დასაფარავად,
13. ოთხასი ბროწეული ორი ცხაურისთვის, ორ-ორი რიგი ბროწეულებისა ორთავე ცხაურისთვის, სვეტებზე დასადგმელი, ბუღაურების დასაფარავად.
14. გააკეთა კვარცხლბეკები, კვარცხლბეკებზე საბანლები გააკეთა.
15. მის ქვეშ ერთი ზღვა და თორმეტი ხარი.
16. ქვაბები, აქანდაზები, ჩანგლები და ყველა სხვა ჭურჭელი, რაც კი ხურამმა სოლომონს გაუკეთა უფლის სახლისათვის, მბზინვარე სპილენძისა იყო.
17. იორდანეს მიდამოებში ჩამოასხა ისინი მეფემ, თიხნარ ნიადაგზე, სუქოთსა და ცერედას შორის.
18. გააკეთა სოლომონმა ყველა ეს ჭურჭელი ძალზე ბევრი, ისე, რომ გაურკვეველი იყო სპილენძის წონა.
19. გააკეთა სოლომონმა ყველა ის ჭურჭელი, რაც კი ღვთის სახლშია: ოქროს სამსხვერპლო, ოქროსავე ტაბლები, რომელზედაც საკურთხი პური ეწყო;
20. მთლიანი ოქროს სასანთლეები და მისი ლამპრები, რათა აენთოთ ისინი დაბირის წინ, წესისამებრ.
21. ოქროს ყვავილები, ლამპრები და მაშები - მთლიანი ოქროსგან,
22. დანები, სასხურებლები, კოვზები, საცეცხლურები მთლიანი ოქროსაგან; ასევე ტაძრის კარები: წმიდათაწმიდაში შესასვლელი შიდა კარებიც და ტაძრის საწმიდარში შესასვლელი კარებიც ოქროსი იყო.