1. მაშინ თქვა სოლომონმა: ბნელში დავანება ინება უფალმა.
2. სახლი აგიშენე სავანედ შენდა, სამყოფელი სამარადისო სამკვიდრებლად.
3. პირი ხალხისკენ იბრუნა მეფემ და აკურთხა ისრაელის კრებული. ფეხზე იდგა მთელი ისრაელის კრებული.
4. თქვა: კურთხეულ იყოს უფალი, ღმერთი ისრაელისა, რომელიც თავისი პირით ელაპარაკა დავითს, მამაჩემს, და თავისი ხელით შეასრულა, რასაც ამბობდა:
5. იმ დღიდან, რაც ეგვიპტის ქვეყნიდან გამოვიყვანე ჩემი ერი, ისრაელის არცერთ ტომში არ ამირჩევია ქალაქი სახლის ასაშენებლად, რათა იქ დამკვიდრებელიყო ჩემი სახელი და კაციშვილი არ ამირჩევია, ჩემი ერის, ისრაელის წინამძღოლად.
6. მხოლოდ იერუსალიმი ავირჩიე ჩემი სახელის დასამკვიდრებლად, და დავითი ავირჩიე ჩემს ერზე, ისრაელზე დასადგენად.
7. გულში ჰქონდა მამაჩემს, დავითს, სახლის აშენება უფლის, ისრაელის ღმერთის სახელზე.
8. უთხრა უფალმა მამაჩემს, დავითს: გულში რომ გქონდა ჩემს სახელზე სახლის აშენება, კარგი ჰქენი, რომ გულში გქონდა ეს საქმე.
9. ოღონდ შენ არ ააშენებ სასლს, არამედ შენი შვილი. შენი საზარდულიდან გამოსული ააშენებს სახლს ჩემს სახელზე.
10. დაამტკიცა უფალმა თავისი ნათქვამი სიტყვა და, აჰა, მე დავდექი მამაჩემის, დავითის, ადგილზე, ავედი ისრაელის ტახტზე, როგორც ნაბრძანები ჰქონდა ეფალს, და უფლის, ისრაელის ღმერთის სახელზე ავაშენე სახლი.
11. დავასვენე იქ კიდობანი, რომელშიც უფლის აღთქმა ინახება, ისრაელიანებს რომ დაუდო.
12. დადგა უფლის სამსხვერპლოს წინ მთელი ისრაელის კრებულისკენ პირშექცევით და ხელები აღაპყრო.
13. (გაკეთებული ჰქონდა სოლომონს სპილენძის კვარცხლბეკი, სიგრძით ხუთი წყრთა, სიგანითაც ხუთი წყრთა, სიმაღლით სამი წყრთა. შედგა მასზე), მუხლი მოიყარა მთელი ისრაელის კრებულის წინაშე და ხელები აღაპყრო ცისკენ.
14. თქვა: უფალო, ღმერთო ისრაელისა! არ არსებობს მენი მსგავსი ღმერთი არც ცაში და არც ქვეყნად. შენ ინახავ აღთქმასა და წყალობას შენს მორჩილთა მიმართ, რომელნიც მთელი გულით დადიან შენს წინაშე.
15. შენ შეუნახე სიტყვა შენს მორჩილს, მამაჩემს, დავითს, და დღეს შენმა ხელმა აღასრულა, რაც შენს ბაგეებს ჰქონდა ნაბრძანები.
16. ახლაც შეუნახე უფალო, ღმერთო ისრაელისა, შენს მორჩილს - მამაჩემს, დავითს, შენი ნათქვამი სიტყვა, რომ უთხარი: არ გამოგელევაო მემკვიდრე ჩემს წინამე, ისრაელის ტახტზე მჯდომარე, ოღონდ შეინახონ შენმა შვილებმა წესი და რიგი და იარონ ჩემს წინაშე, როგორც შენ დადიოდი ჩემს წინაშე.
17. ახლაც მტკიცე იყოს, უფალო, ღმერთო ისრაელისა, შენი სიტყვა, შენს მორჩილს - მამაჩემს, დავითს, რომ უბრძანე.
18. ნუთუ ნამდვილად იმკვიდრებს მიწაზე ღმერთი? აჰა, ვერ იტევენ მას ცანი და ცანი ცათანი, როგორღა დაიტევს ეს ჩემი აშენებული სახლი?
19. მოხედე შენი მორჩილის ლოცვა-ვედრებას, უფალო, ღმერთო ჩემო, ისმინე ღაღადი და ლოცვა, რომლითაც მოგმართავს შენი მორჩილი,
20. რომ თვალი გეჭიროს ამ სახლზე ღამით და დღისით ამ ადგილზე, რომლის გამოც ნათქვამი გაქვს, აქ იქნებაო ჩემი სახელი. რომ ისმინო ლოცვა, რომელსაც იტყვის ამ ადგილას შენი მორჩილი.
21. ისმინე შენი მორჩილისა და შენი ერის, ისრაელის, ვედრება, როცა დადგებიან ლოცვად ამ ადგილას; ისმინე შენს სამყოფელ ადგილზე ცათა შინა, ისმინე და შეგვიწყალე.
22. თუ შესცოდავს ვინმე თავის თვისტომს და ფიცით დააფიცებს მას, და მივა ეს ფიცი შენს სამსხვერპლოსთან ამ სახლში,
23. მაშინ მოუსმინე ციდან და სამართალი გაუჩინე შენს მორჩილთ; მტყუანი გაამტყუნე, რომ მის თავზე იყოს მისი საქციელი. მართალი კი გაამართლე, რომ მისი სიმართლისაებრ მიეგოს.
24. თუ დამარცხდება მტერთან შენი ერი, ისრაელი, იმის გამო, რომ შეგცოდეს, მერე კი მოიქცევა შენსკენ, ქებას შეასხამს შენს სახელს და დაგიწყებს ლოცვა-ვედრებას ამ სახლში,
25. მაშინ მოუსმინე ციდან და მიუტევე შეცოდება შენს ერს, ისრაელს, დააბრუნე იმ მიწაზე, რომელიც მის მამა-პაპას მიეცი.
26. როცა დაიკეტება ცა და არ იწვიმებს შეცოდების გამო შენს წინაშე, და დაიწყებენ ლოცვას ამ ადგილას, განადიდებენ შენს სახელს, განერიდებიან ცოდვებს, რადგან უკვე დასჯილი გეყოლება ისინი,
27. მაშინ მოუსმინე ციდან და მიუტევე შეცოდება შენს მორჩილთ და შენს ერს ისრაელს, რომ დააყენო სასიკეთო გზაზე, სადაც სიარული მართებთ, აწვიმო წვიმა მათ მიწაზე, რომელიც სამკვიდრებლად მიგიცია შენი ერისათვის.
28. შიმშილობა იქნება ქვეყანაზე, შავი ჭირი, მწველი ხორშაკი, სიყვითლე, კალია თუ მატლი, ან თუ მტერი შემოადგება ქვეყანაში მის კარიბჭეებს, უბედურება მოხდება რამე თუ სნეულება,
29. ყოველი ლოცვა, ყოველი ვედრება, რომელიც იქნება თითოეული ადამიანისაგან და მთელი შენი ერისაგან, ისრაელისგან, როდესაც ყველა გაიგებს თავის უბედურებას და ხელს გამოიწვდის ამ სახლისკენ,
30. ისმინე ციდან, შენი სამყოფელიდან და მიუტევე; მიაგე თითოეულს თავისი საქციელისამებრ, შენ, რომელმაც უწყი მათი გულები - რადგან მხოლოდ შენ უწყი ადამიანთა გული, -
31. რათა მუდამ შენი შიში ჰქონდეთ, ვიდრე ცხოვრობენ ამ მიწაზე, რომელიც ჩვენი მამა-პაპისთვის მიგიცია.
32. იმ უცხოელსაც უსმინე, რომელიც არ არის შენი ერისაგანი, ისრაელიანი, მაგრამ შორეული ქვეყნიდან მოვა შენი სახელის გამო.
33. ისმინე ციდან, შენი სამყოფელიდან, და შეუსრულე, რასაც შეგთხოვს უცხოელი, რომ მთელი ქვეყნის ხალხებმა გაიგონონ შენი სახელი და შიში მიეცეთ შენი ერის, ისრაელის მსგავსად, რათა იცოდნენ, რომ შენი სახელი ჰქვია ამ სახლს, მე რომ ავაშენე.
34. როცა მტერთან საბრძოლველად გავა შენი ერი, დაადგება გზას, რომელზედაც შენ დააყენებ, და დაიწყებს ლოცვას უფლისადმი იმ ქალაქისკენ პირშექცეული, შენ რომ აირჩიე და იმ სახლისაკენ, შენ სახელზე რომ აგაშენე,
35. მაშინ ისმინე ციდან მათი ლოცვა და ღაღადისი და სამართალი გაუჩინე.
36. როცა შეგცოდავენ - რადგან არ არსებობს უცოდველი კაცი, - განურისხდები, მტრების ხელში ჩააგდებ და ტყვედ წაასხამენ მტრის ქვეყანაში, შორს იქნება თუ ახლოს,
37. გონს მოეგებიან იმ ქვეყანაში, სადაც იქნებიან ტყვედ, მოიქცევიან, შემოგღაღადებენ თავიანთი ტყვეობის ქვეყანაში, და იტყვიან: შევცოდეთ, დავაშავეთ, ბოროტება ჩავიდინეთო,
38. როცა მთელი სულითა და გულით მოიქცევიან შენსკენ მათი მტრების ქვეყანაში, რომელშიც ტყვვდ წაასხეს და დაიწყებენ ლოცვას იმ ქვეყნისაკენ პირშექცეულნი, მათ მამა-პაპას რომ მიეცი, იმ ქალაქისაკენ, შენ რომ აირჩიე, იმ სახლისაკენ, მე რომ ავაშენე შენს სახელზე,
39. მაშინ ისმინე ციდან, შენი სამყოფელიდან, მათი ლოცვა-ვედრება, სამართალი გაუჩანე და მიუტევე შენს ერს, ისრაელს, რომელმაც შეგცოდა.
40. ახლა კი, ღმერთო, თვალღია იყავ და ყური მიაპყარ ამ ადგილზე ლოცვას.
41. ახლა კი დაიძარ, უფალო ღმერთო, შენი განსასვენებლისკენ შენი ძლიერების კიდობანთან ერთად! შეიმოსონ შენმა მღვდლებმა, უფალო ღმერთო, ხსნა და შენმა მადლიანებმა სიკეთით გაიხარონ.
42. უფალო ღმერთო! პირს ნუ შეაქცევ შენს ცხებულს, გაიხსენე დავითის, შენი მორჩილის, ქველი საქმეები.