1. ოცი წლის თავზე დაასრულა სოლომონმა უფლის სახლისა და თავისი სახლის შენება.
2. ქალაქები, რომელიც ხურამმა მისცა სოლომონს, გააშენა სოლომონმა და ისრაელიანები ჩაასახლა იქ.
3. მაშინ გაილაშქრა სოლომონმა ხამათ-ცობაზე და დაიპყრო იგი.
4. ააშენა თადმორი უდაბნოში, და ყველა ის სამარაგო ქალაქი, ხამათში რომ ააშენა.
5. ააშენა ზემო ბეთ-ხორონი და ქვემო ბეთ-ხორონი - გალავნებით, კარიბჭეებით და ხანდაკებით გამაგრებული ქალაქები,
6. ბაყალათი და სამარაგო ქალაქები, რომლებიც კი ჰქონდა სოლომონს, ეტლის ქალაქები, ცხენოსანთა ქალაქები, და ყველაფერი, რისი აშენებაც უნდოდა იერუსალიმში, ლიბანში, და მთელს თავის სახელმწიფოში.
7. ყველა ხალხი, რომელიც დარჩა ხეთელთაგან, ამორეველთაგან, ფარიზეველთაგან, ხიველთაგან და იებუსეველთაგან, რომელიც არ იყო ისრაელიანთა მოდგმისა,
8. და მათი შთამომავლები, მათ შემდეგ რომ დარჩნენ ქვეყანაში, და არ გაუწყვეტიათ ისრაელიანებს, ბეგარაზე მომუშავეებად განაწესა სოლომონმა და ასე არიან დღემდე.
9. ისრაელიანთაგან კი არავინ დაუყენებია სოლომონს თავის ბეგარაზე, რადგან მეომრებად ჰყავდა ისინი, თავის მცველთა მეთაურებად, თავისი ეტლებისა და მხედრების მეთაურებად.
10. ორას ორმოცდაათი კაცი ჰყავდა მეფე სოლომონს ზედამხედველთა უფროსებად, რომელნიც ხალხს უძღვებოდნენ.
11. ფარაონის ასული სოლომონმა დავითის ქალაქიდან აიყვანა სახლში, რომელიც მას აუშენა, რადგან თქვა, არ უნდა ცხოვრობდესო ჩემი ცოლი დავითის, ისრაელის მეფის, სახლში, რადგან წმიდაა იგი, სადაც უფლის კიდობანი შევიდა.
12. მაშინ დაიწყო სოლომონმა უფლისთვის აღსავლვნის შეწირვა უფლის სამსხვერპლოზე, რომელიც სტოასთან ააგო,
13. ყოველდღიური აღვლენა, მოსეს მცნებისამებრ, შაბათების და ახალმთვარობების დაცვა, წელიწადში სამი დღესასწაულის უფუარობის, შვიდეულისა და კარვობის ზეიმი.
14. დავითის, მამამისის მიერ დადგენილი წესის მიხედვით ჩააყენა მღვდელთა დასები თავიანთ სამსახურში, ლევიანები კი მათ დაცვაში, რათა სადიდებილი ეთქვათ და მღვდლებთან ერთად ემსახურათ ყოველდღიური მოვალეობის შესასრულებლად. ასევე ყველა კარს თავისი კარისმცველები მიუჩინა, თავ-თავისი დასების მიხედვით, რადგან ასე ბრძანა დავითმა, ღვთისკაცმა.
15. არ უღალატიათ მეფის იმ ბრძანებისთვის, მღვდლებს, ლევიანებს, სხვა საქმეებსა და საგანძურს რომ შეეხებოდა.
16. ასე ჰქონდა სოლომონს აწყობილი ყველა საქმე, საძირკვლის ჩაყრიდან დაწყებული, ვიდრე უფლის სახლი ბოლომდე არ გასრულდა.
17. მაშინ წავიდა სოლომონი ზღვისპირეთში, ყეციონგებერსა და ილოთში, ედომის ქვეყანაში.
18. ხურამმა თავის მორჩილთა ხელით ხომალდები და ზღვისმცოდნე თავისი მორჩილნი გაუგზავნა. ისინი სოლომონის მორჩილებთან ერთად ოფირში ჩავიდნენ, ოთხასორმოცდაათი ქანქარი ოქრო წამოიღეს იქიდან და მეფე სოლომონს მოუტანეს.