1. შეიტყო საბას დედოფალმა სოლომონის ამბავი და მოვიდა იერუსალიმში, რომ გამოცანებით გამოეცადა სოლომონი. მოვიდა დიდძალი დოვლათით. აქლემებს მოჰქონდათ ნელსაცხებლები, მრავლად ოქრო და ძვირფასი თვლები. მოვიდა მასთან და ელაპარაკა ყველაფერზე, რაც გულში ჰქონდა.
2. ყველა კითხვაზე გასცა პასუხი სოლომონმა. არაფერი იყო მეფისთვის დაფარული, რომ უპასუხოდ დაეტოვებინა.
3. დაინახა საბას დედოფალმა სოლომონის სიბრძნე, ნახა მისი აშენებული სახლი,
4. მისი სუფრის სასმელ-საჭმელი, მის მორჩილთა საცხოვრებელი, მის მსახურეულთა საქმიანობა და შესამოსელი, მისი მწდეები და მათი შესამოსელი, მისი კიბეები, რითაც ის უფლის სახლში ადიოდა, და გაოგნებული დარჩა.
5. უთხრა მეფეს: მართალი ყოფილა, რაც ჩემს ქვეყანაში მქონდა გაგონილი შენზე და შენს სიბრძნეზე.
6. სიტყვების არ მჯეროდა, ვიდრე თავად არ მოვედი და ჩემი თვალით არ ვიხილე. აჰა, თურმე ნახევარიც არ უთქვამთ ჩემთვის შენს უსაზღვრო სიბრძნეზე. ყველაფერს გადააჭარბე, რაც გაგონილი მქონდა.
7. ბედნიერია შენა ხალხი, ბედნიერნი არიან შენი მორჩილნი, მუდამ შენს წინაშე რომ დგანან და ისმენენ შენს სიბრძნეს.
8. კურთხეულ იყოს უფალი, შენი ღმერთი, რომელმაც მოგისურვა, რათა მის ტახტზე დაესვი უფლის, შენი ღმერთის მეფედ. ისრაელისადმი შენი ღმერთის სიყვარულის გამო დაგაყენა მასზე მეფედ, მის სამარადისოდ განსამტკიცებლად და სამართლისა და სიმართლის გასაჩენად.
9. მისცა მეფეს ასოცი ქანქარი ოქრო, დიდძალი ნელსაცხებელი და ძვირფასი ქვები. არ იყო ისეთი ნელსაცხებელი, საბას დედოფალს მეფე სოლომონისთვის რომ არ მიეცა.
10. ხურამისა და სოლომონის მორჩილებმა ოფირიდან ჩამოტანილ ოქროსთან ერთად სანდალოზის ხეები და ძვირფასი ქვები ჩამოიტანეს.
11. გააკეთა მეფემ სანდალოზისგან საფეხურები უფლის სახლისათვის და სამეფო სახლისათვის. ებნები და ქნარები მგალობელთათვის. ამის მსგავსი მანამდე არასდროს უნახავთ იუდას ქვეყანაში.
12. მისცა მეფე სოლომონმა საბას დედოფალს ყველაფერი მისთვის სასურველი, რაც კი მან ითხოვა, იმაზე მეტი, რაც თვითონ მოართვა მეფეს. უკან გაბრუნდა და წავიდა თავის ქვეყანაში თავის მორჩილებთბ ერთად.
13. ექვსას სამოცდა ექვსი ქანქარი ოქრო შემოსდიოდა სოლომონს ყოველწლიურად.
14. იმის გარდა, რა ოქრო-ვერცხლიც მოგზაურებს, ვაჭრებს, არაბთა მეფეებს და მხარეთა გამგებლებს შემოჰქონდათ.
15. გააკეთა მეფე სოლომონმა ორასი დელამფარი ნაჭედი ოქროსაგან. ექვსასი შეკელი ოქრო დაიხარჯა თითოეულ დელამფარზე.
16. გააკეთა სამასი ფარი ნაჭედი ოქროსაგან, სამასი შეკელი ოქრო დაიხარჯა თითოეულ ფარზე. დააწყო ისინი მეფემ ლიბანის მაღნარის სახლში.
17. გააკეთა მეფემ სპილოს ძვლისაგან დიდი ტახტი და ხალასი ოქროთი დაფერა.
18. ექვსი საფეხური ჰქონდა ტახტს, ოქროს ფეხსადგამი ჰქონდა ტახტს მიდგმული, საჯდომის ორსავე მხარეს სანიდაყვეები ჰქონდა, ხოლო სანიდაკვეებს თითო ლომი ედგა გვერდით.
19. ექვს საფეხურზე, აქეთ-იქით, სხვა თორმეტი ლომი იდგა.
20. მეფე სოლომონის ყველა სასმისი ოქროსი იყო, ყველა ჭურჭელი ლიბანის მაღნარის სახლში რჩეული იყო. ვერცხლი და სპილენძი არაფრად მიაჩნდათ სოლომონის დროს,
21. რადგან მეფის ხომალდები ხურამის მორჩილებთან ერთად თარშიშში დადიოდნენ. თარშიშული ხომალდები სამ წელიწადში ერთხელ მოდიოდნენ და მოჰქონდათ ოქრო-ვერცხლი, სპილოს ძვალი, მოჰყავდათ ყაფუზუნები და ფარშევანგები.
22. განდიდდა მეფე სოლომონი ქვეყნის ყველა მეფეზე მეტად თავისი სიმდიდრითა და სიბრძნით.
23. ამქვეყნად ყველა მეფე ესწრაფოდა სოლომონის ნახვას, რომ მოესმინა მისი სიბრძნე, რომელიც გულში ჩაუდო ღმერთმა.
24. ყველას თავისი ძღვენი მოჰქონდა: ოქროსა და ვერცხლის ჭურჭელი, შესამოსელი, საჭურველი, ნელსაცხებლები, ცხენები და ჯორები, ასე იყო ყოველწლიურად.
25. სოლომონს ოთხი ათასი თავლა ჰქონდა, ჰყავდა ეტლები და თორმეტი ათასი ცხენოსანი. განალაგა ისინი ეტლების სადგომ ქალაქებში და იერუსალიმში, თავისთან.
26. მისი ხელისუფლება ვრცელდებოდა ყველა მეფეზე ევფრატიდან ფილისტიმელთა ქვეყნამდე და ეგვიპტის საზღვრებამდე.
27. ვერცხლი ქვებს გაუთანაბრა მეფემ იერუსალიმში, ხალო კედარი სიკომორის ხეს, დაბლობში რომ იზრდება.
28. სოლომონის ცხენები ეგვიპტიდან და ყველა ქვეყნიდან იყო მოყვანილი.
29. სოლომონის დანარჩენი ამბები - პირველნი და უკანასკნელნი სწერია ნათან წინასწარმეტყველის მატიანეში, ახია შილონელის წინასწარმეტყველებაში, იეყდო მისნის ხილვაში, იერობოამ ნაბატის ძეს რომ შეეხება.
30. იმეფა სოლომონმა იერუსალიმში მთელს ისრაელზე ორმოცი წელი.
31. განისვენა სოლომონმა თავის მამა-პაპასთან და დამარხეს დავითის, მამამისის ქალაქში. მის ნაცვლად მისი ძე რობოამი გამეფდა.