1. სულ მუდამ გიყვარდეს უფალი, შენი ღმერთი, შეუსრულეთ ვალი, წესი, სამართალი და მცნებები.
2. იცოდე ეს დღეს, რადგან არ ეცოდინებათ თქვენს შვილებს, რომელთაც არ უნახავთ უფლის, თქვენი ღმერთის, სასჯელი, მისი სიდიადე, მისი მაგარი ხელი და მოღერილი მკლავი,
3. მისი სასწაულები და საქმეები, რაც გაუკეთა შუაგულ ეგვიპტეში ფარაონს, ეგვიპტის მეფეს, და მთელს მის ქვეყანას,
4. რაც უყო ეგვიპტელთა ლაშქარს, მის მხედრებს და ეტლიონს, რომლებსაც თავზე დაანთქა მეწამული ზღვის წყლები, როცა თქვენ გედევნებოდნენ, და დაღუპული ჰყავს ისინი დღემდე უფალს,
5. რასაც უდაბნოში გიკეთებდათ, ვიდრე ამ ადგილას მოხვიდოდით,
6. რაც გაუკეთა დათანს და აბირამს, რეუბენის ძის, ელიაბის შვილებს, როცა დააღო პირი მიწამ და მთელი ისრაელის თვალწინ შთანთქა ისინი მათი სახლებიანად, კარვებიანად და მთელი ქონებითურთ, რაც კი გააჩნდათ მთელს ისრაელში.
7. რადგან უხილავთ თქვენს თვალებს უფლის დიადი საქმეები, რაც მოიმოქმედა მან.
8. შეასრულეთ ყოველი მცნება, რომელსაც გიცხადებთ დღეს, რათა გამტკიცდეთ, დაიძრათ და დაიმკვიდროთ ქვეყანა, რომლის დასამკვიდრებლადაც გადადიხართ გაღმა.
9. რათა დღეგრძელი იყოთ იმ მიწაზე, რომელიც ფიცით აღუთქვა მისაცემად თქვენს მამა-პაპას და მის შთამომავლობას, იმ ქვეყანაში, სადაც ღვარად მოედინება რძე და თაფლი.
10. რადგან ქვეყანა, სადაც თქვენ მიდიხართ დასამკვიდრებლად, არა ჰგავს ეგვიპტის ქვეყანას, საიდანაც გამოხვედი, სადაც თესავდი თესლს და რწყავდი შენი ფეხით, როგორც ბოსტანს.
11. ის ქვეყანა კი, რომლის დასამკვიდრებლადაც გაღმა გადადიხართ, მთაგორიანი და ველებიანი ქვეყანაა და ციდან ნაწვიმები წყლით ირწყვება,
12. ქვეყანა რომელზედაც გამუდმებით ზრუნავს უფალი, შენი ღმერთი. უფლის, შენი ღმერთის თვალი ტრიალებს მასში წლის დასაწყისიდან წლის ბოლომდე.
13. და თუ შეიგონებ ჩემს მცნებებს, რომელთაც დღეს გიცხადებთ, რომ გიყვარდეთ უფალი, თქვენი ღმერთი, და ემსახუროთ მას მთელი თქვენი გულითა და სულით,
14. დროულად მივცემ წვიმას თქვენს ქვეყანას, გაზაფხულის და შემოდგომის წვიმას, მოიწევ ხორბალს, ღვინოს და ზეთს.
15. გავაჩენ ბალახს შენს მინდვრებზე საქონელისთვის. ჭამე და გაძეხი.
16. ფრთხილად იყავით, არ შეცდეს თქვენი გული, არ გადაუხვიოთ, უცხო ღმერთებს არ დაუწყოთ სამსახური და თაყვანისცემა.
17. თორემ უფლის რისხვა დაგატყდებათ თავს, დახშავს ცას, აღარ იქნება წვიმა, მიწა მოსავალს არ მოგცემთ და მალე გადაშენდებით იმ მადლიანი ქვეყნიდან, რომელსაც გაძლევთ თქვენ უფალი.
18. გულში და სულში ჩაიდევით ეს ჩემი სიტყვები, ხელზე შეიბით ნიშნად და შუბლზე დაიბეჭდეთ სამახსოვროდ.
19. ასწავლეთ თქვენს შვილებს, ელაპარაკეთ ამაზე შინ ყოფნისას და გზაზე სვლისას, დაწოლისას და ადგომისას.
20. წააწერე შენი სახლის წირთხლებს და კარიბჭეს,
21. რათა იმდენ ხანს იცოცხლოთ თქვენ და თქვენმა შვილებმა ამ მიწაზე, რომელიც მისაცემად აღუთქვა უფალმა თქვენს მამა-პაპას, რამდენ ხანსაც ცა იარსებებს მიწის ზემოთ.
22. თუ მტკიცედ დაიცავთ ყველა ამ მცნებას, რომლებსაც გიცხადებთ, რათა ასრულებდეთ მათ, გიყვარდეთ უფალი, თქვენი ღმერთი, იაროთ მის გზაზე და მიეწებოთ მას,
23. მოგაშორებს უფალი ყველა ამ ხალხს და თქვენც დაეპატრონებით თქვენზე დიდსა და ძლიერ ხალხებს.
24. ყოველი ადგილი, სადაც კი დაიდგმება თქვენი ტერფი, თქვენი იქნება - უდაბნოდან და ლიბანიდან, მდინარიდან, ევფრატის მდინარიდან უკანა ზღვამდე იქნება თქვენი საზღვარი.
25. ვერავინ დაგიდგებათ წინ, შიშსა და ზარს დასცემს თქვენგნით უფალი ყველა ქვეყანას, სადაც კი შეაბიჯებთ, როგორც მას უთქვამს თქვენთვის.
26. უყურეთ, ასარჩევად გაძლევთ დღეს კურთხევას და შეჩვენებას:
27. კურთხევას - თუ შეიგონებთ უფლის, თქვენი ღმერთის მცნებებს, რომელთაც გიცხადებთ დღეს,
28. შეჩვენებას - თუ არ შეიგონებთ, უფლის, თქვენი ღმერთის მცნებებს და გადაუხვევთ გზას, რომელსაც გიცხადებთ დღეს, და გაჰყვებით უცხო ღმერთებს, რომელთაც არ იცნობთ.
29. და როცა შეგიყვანს უფალი, შენი ღმერთი, იმ ქვეყანაში, რომლის დასამკვიდრებლადაც მიდიხარ, მიეცი კურთხევა გერიზიმის მთაზე და შეჩვენება - ღებალის მთაზე
30. (აგერ, აქვეა ისინი, იორდანეს გაღმა, გზის ბოლოს, დასავლეთით, ბარის ქანაანელთა ქვეყანაში, გილგალიის პირდაპირ, მამრეს მუხებთან),
31. რადგან თქვენ გადადიხართ იორდანეზე, რომ მიხვიდეთ იმ ქვეყნის დასამკვიდრებლად, რომელსაც გაძლევთ თქვენ უფალი, თქვენი ღმერთი. დაიმკვიდრებთ მას და იცხოვრებთ იქ.
32. ეცადეთ, რომ შეასრულოთ წესი და სამართალი, რომელსაც დღეს ვიძლევი თქვენს წინაშე.