1. ეს არის წესები და სამართალი, რომელსაც უნდა ასრულებდეთ მთელი სიცოცხლე იმ ქვეყანაში, უფალმა, თქვენი მამა-პაპის ღმერთმა რომ მოგცათ.
2. გაანადგურეთ ყოველი ადგილი, სადაც კი თქვენს მიერ აყრილ ხალხებს უმსახურიათ თავიანთი ღმერთებისთვის: მაღალ მთებზე და გორაკებზე, ყოველი ხემხვივანის ძირას.
3. დაანგრიეთ მათი სამსხვერპლოები და დალეწეთ მათი სვეტები, გადაწვით მათი აშერები, დაამსხვრიეთ მათი ღმერთების გამოსახულებანი და მოსპეთ მათი სახსენებელი იმ ადგილიდან.
4. ასე არ მოექცეთ უფალს, თქვენს ღმერთს.
5. არამედ ის ადგილი ეძებეთ და იქ მიდით, რომელსაც ყველა თქვენს შტოთა შორის ამოირჩევს უფალი, თქვენი ღმერთი, თავისი სახელის დასადებად, თავის სავანედ.
6. იქ მიიტანეთ თქვენი აღსავლენი მსხვერპლი და საკლავი. თქვენი მეათედი, თქვენი ხელის ძღვენი, თქვენი აღთქმული, თქვენი შესაწირავი, საქონლისა და ცხვრის პირველმოგებული.
7. ჭამეთ და გაიხარეთ თქვენი ნაამაგარით თქვენს სახლთან ერთად, რომელიც დაგილოცა უფალმა, შენმა ღმერთმა.
8. ნუ მოიქცევით ისე, როგორც ახლა აქ ვიქცევით თითოეული ჩვენგანი, ვისაც როგორ მოსწონს.
9. რადგან ჯერ კიდევ არ მივსულვართ განსასვენებელში და სამკვიდრებელში, რომელსაც უფალი, შენი ღმერთი გაძლევს.
10. გახვალთ იორდანეს გაღმა და დასახლდებით ქვეყანაში, რომელსაც უფალი, თქვენი ღმერთი, გიმტკიცებთ სამკვიდროდ. მოგასვენებთ გარეშემო მტრებისაგან და იცხოვრებთ მშვიდად.
11. რომელ ადგილსაც აირჩევს უფალი, თქვენი ღმერთი, თავისი სახელის დასავანებლად, იქ მიიტანეთ ყველაფერი, რაც გამოგიცხადეთ: თქვენი აღსავლენი და საკლავი, თქვენი მეათედი, თქვენი ხელის ძღვენი და ყოველივე ნარჩევი თქვენი აღთქმულიდან, რაც კი აღგითქვამთ უფლისათვის.
12. გაიხარეთ უფლის წინაშე თქვენ და თქვენმა ვაჟებმა, თქვენმა ასულებმა, თქვენმა ყმებმა და ყმაქალებმა, და ლევიანმა, რომელიც თქვენს ქალაქებში ცხოვრობს, რადგან არა აქვს მას წილი და სამკვიდრო თქვენს შორის.
13. ფრთხილად იყავი, არ აღავლინო ყველგან, სადაც გაიხედავ, შენი აღსავლენი მსხვერპლი,
14. არამედ მხოლოდ იმ ადგილზე, რომელსაც აირჩევს უფალი შენს ერთ-ერთ შტოში. იქ აღავლინე შენი აღსავლენი მსხვერპლი, იქ გააკეთე ყველაფერი, რაც გამოგიცხადე.
15. ოღონდ ყოველთვის, როცა მოისურვებ, შეგეძლება საკლავის დაკვლა და უფლის, შენი ღმერთის კურთხევით, ხორცის ჭამა, რომელიც მოგცა მან შენს ქალაქებში. გაუწმიდურებულსაც და გაწმიდავებულსაც შეუძლიათ ეს ჭამონ, როგორც ქურციკი და როგორც ირემი.
16. ოღონდ სისხლს ნუ შეჭამთ: წყალივით დაღვარეთ მიწაზე.
17. არა გაქვს უფლება, რომ ჭამდე შენს ქალაქებში შენი ხორბლის, ღვინისა და ზეთის მეათედს, შენი საქონლისა და ცხვრის პირველმოგებულს, აღთქმულ შესაწირავს, რომელიც აღთქმული გაქვს, შენს შესაწევარს, და შენს ხელის ძღვენს.
18. მხოლოდ და მხოლოდ უფლის, შენი ღმერთის წინაშე ჭამე ეს იმ ადგილზე, რომელსაც აირჩევს უფალი, შენი ღმერთი, შენ და შენმა ვაჟმა, შენმა ასულმა, შენმა ყმამ და ყმაქალმა, ლევიანმა, რომელიც შენს ქალაქებში ცხოვრობს. გაიხარე უფლის, შენი ღმერთის წინაშე ყოველი შენი ნაამაგარით.
19. იცოდე, არ მიატოვო ლევიანი, რამდენ ხანსაც იცხოვრებ შენს მიწაზე.
20. როდესაც გაგიფართოვებს უფალი, შენი ღმერთი, საზღვრებს, როგორც ნათქვამი აქვს შენთვის, და იტყვი: მოდი, ხორცს შევჭამო, რადგან გული მიგივა ხორცის საჭმელად, ჭამე ხორცი შენი გულის სურვილით.
21. თუ შენგან შორს იქნა ის ადგილი, რომელსაც ამოირჩევს უფალი, შენი ღმერთი, თავისი სახელის დასადებად, დაკალი უფლის მოცემული საქონელი და ცხვარი, როგორც დაგარიგე, და ჭამე შენს ქალაქებში შენი გულის სურვილით.
22. ოღონდ, როგორც ქურციკი და ირემი იჭმევა, ისე ჭამე იგი. გაუწმიდურებულმა და გაწმიდავებულმა ერთად ჭამონ.
23. მხოლოდ გაფრთხილდი, სისხლი არ შეგეჭამოს, რადგან სისხლი სულია და სული ხორცთან ერთად არ უნდა ჭამო.
24. არ შეჭამო იგი, წყალივით დაღვარე მიწაზე.
25. არ შეჭამო იგი, რათა კარგად იყოთ შენ და შენი შვილები შენს შემდეგ, თუ სწორად მოიქცევი, უფლის თვალში.
26. ოღონდ აიღე წმიდა შესაწირავი, რაც გექნება, და აღთქმული მსხვერპლი და მიდი იმ ადგილას, რომელსაც აირჩევს უფალი.
27. მიიტანე შენი აღსავლენები - ხორცი და სისხლი, უფლის, შენი ღმერთის, სამსხვერპლოზე. საკლავის სისხლი დაღვარე უფლის, შენი ღმერთის სამსხვერპლოზე, ხორცი კი შეჭამე.
28. დაიმარხე და შეიგონე ყველა ეს სიტყვა, რასაც გიცხადებ, რათა კარგად იყოთ შენ და შენი შვილები შენს შემდეგ, უკუნისამდე, თუ კარგად და სწორად მოიქცევი, უფლის, შენი ღმერთის თვალში.
29. როცა მოსპობს უფალი, შენი ღმერთი, იმ ხალხებს, რომლებთანაც მიდიხარ, რომ აჰყარო ისინი შენგან, და შენც აჰყრი მათ და დასახლდები მათ ქვეყანაში,
30. ფრთხილად იყავი, არ გაეხვიო მათ ბადეში მას შემდეგ, რაც გადაშენებული იქნებიან შენგან, არ დაუწყო ძებნა მათ ღმერთებს: როგორც ეს ხალხი ემსახურებოდა თავის ღმერთებს, მეც ასე მოვიქცევიო,
31. ნუ მოექცევი ასე უფალს, შენს ღმერთს, რადგან უფლის საძაგელს და საძულველს აკეთებენ ისინი თავიანთი ღმერთებისთვის; რადგან საკუთარ ვაჟებსა და ასულებსაც კი უწვავენ ცეცხლში თავიანთ ღმერთებს.
32. ეცადეთ, ყველაფერი შეასრულოთ, რასაც გიცხადებთ: ნურაფერს დაუმატებთ და ნურც მოაკლებთ.