1. ყოველი მეშვიდე წლის თავზე გამოაცხადე პატიება.
2. აი, პატიების რაობა: აპატიოს ყოველმა მევალემ, ვისაც რამე უსესხებია თავისი მოყვასისთვის, და ნურაფერს მოთხოვს თავის მოყვასს ან მოძმეს, რადგან პატიება იქნება გამოცხადებული უფლის სახელზე.
3. უცხოელს მოსთხოვე, მაგრამ აპატიე შენს მოძმეს, თუ შენი ვალი ექნა.
4. თუმცა არ იქნება თქვენში ღარიბი, რადგან კურთხევით გაკურთხევს უფალი იმ ქვეყანაში, რომელსაც გაძლევს წილად უფალი, შენი ღმერთი, რათა დაიმკვიდრო,
5. ოღონდ თუ შეისმენ უფლის, შენი ღმერთის სიტყვას და ეცდები ყველა ამ მცნების შესრულებას, რასაც დღეს გიცხადებ.
6. რადგან გაკურთხებს უფალი, შენი ღმერთი, როგორც ნათქვამი აქვს შენთვის: ბევრ ხალხს ექნება შენი ვალი, შენ კი არ ისესხებ; ბევრ ხალხზე იბატონებ, შენზე კი არავინ იბატონებს.
7. თუ იქნა თქვენში ღარიბი, ერთი თქვენი მოძმეთაგანი, თქვენს ერთ-ერთ ქალაქში, იმ ქვეყანაში, რომელსაც გაძლევს უფალი, შენი ღმერთი, გულს ნუ გაიქვავებ და ხელმოჭერილი ნუ იქნები შენი ღარიბი მოძმის მიმართ.
8. არამედ ხელგაშლილი იყავი და ასესხე მისი გასაჭირის კვალობაზე, რაც უჭირს.
9. ფრთხილად იყავი, გულში არ შეგეპაროს უგვანი ფიქრი, არ თქვა: ახლოვდება მეშვიდე წელი, პატიების წელი. აითვალწუნებ შენს ღარიბ მოძმეს და არაფერს მისცემ. უფალთან გიჩივლებს და ცოდვა დაგედება.
10. მიეცი და ნუ ინაღვლებს შენი გული მიცემისას, რადგან ამისთვის გაკურთხებს უფალი, შენი ღმერთი, ყველა შენს საქმეში და ნაამაგარში.
11. რადგან არ დაილევა ღარიბი ამ ქვეყანაზე; ამიტომაც გიბრძანებ, რომ ხელგაშლილი იყო შენი მოძმის მიმართ, შენი ღატაკისა და ღარიბის მიმართ შენს ქვეეანაში.
12. თუ მოგეყიდა შენი ებრაელი მოძმე, კაცი ან ქალი, და ექვს წელს გემსახურა, მეშვიდე წელს გაათავისუფლე შენგან.
13. როცა გაათავისუფლებ, ხელცარიელი არ გაუშვა.
14. მიეცი საჩუქრად რაიმე შენი ფარიდან, კალოდან ან საწნახელიდან; რითაც უკურთხებიხარ უფალს, შენს ღმერთს, მიეცი.
15. გაიხსენე, რომ ყმა იყავი ეგვიპტის ქვეყანაში და გამოგისყიდა უფალმა, შენმა ღმერთმა. ამიტომაც გიანდერძებ დღეს ამას.
16. თუ მოხდება ისე, რომ გითხრას: არ წავალ შენგან, რადგან მიყვარხართ შენ და შენი სახლი, რადგან კარგადა ვართ შენთანო,
17. აიღე სადგისი, კარზე მიადებინე ყური და გაუხვრიტე და შენი ყმა იქნება სამუდამოდ. ასევე მოექეცი ყმაქალსაც.
18. ნუ გაგიძნელდება მისი გათავისუფლება შენგან, რადგან ექვს წელიწადში მოჯამაგირის ორმაგი გასამრჯელო დაიმსახურა შენგან. გაკურთხებს უფალი, შენი ღმერთი, ყოველ საქმეში.
19. ყოველი პირმშო, რაც დაიბადება შენს საქონელში და ცხვარში, მამრი, შესწირე უფალს, შენს ღმერთს. ნუ ამუშავებ პირველმოგებულ ხარს და ნუ გაპარსავ პირველმოგებულ ცხვარსა ან თხას.
20. უფლის, შენი ღმერთის წინაშე ჭამეთ იგი შენ და შენმა სახლმა იმ ადგილას, რომელსაც ამოირჩევს უფალი.
21. თუ რამე ნაკლი ექნა, სიკოჭლე ან სიბრმავე, რამე ცუდი ნაკლი, არ დაუკლა იგი უფალს, შენს ღმერთს.
22. თქვენ-თქვენს საცხოვრებელ ადგილას ჭამეთ გაუწმიდურებულმა და გაწმიდავებულმა ერთად, როგორც ქურციკი და როგორც ირემი.
23. ოღონდ მისი სისხლი არ ჭამო, წყალივით დაღვარე მიწაზე.