1. არ ექნებათ ლევიან მღვდლებს, ლევიანთა მთელს შტოს, წილი და სამკვიდრო ისრაელთან; საუფლო მსხვერპლი და მისი სამკვიდრო უნდა ჭამონ.
2. სამკვიდრო არ ექნება თავის მოძმეთა წიაღში; თავად უფალია მისი სამკვიდრო, როგორც ნათქვამი აქვს მისთვის.
3. ეს იყოს დაწესებული მღვდლებისათვის ხალხისაგან, იმათგან, ვინც კლავს საკლავს - ხარს ან ცხვარს: მისცენ მღვდელს ბეჭი, ყბა და კუჭი,
4. პირველმოწეული ხორბალი, ღვინო და ზეთი. ცხვრის პირველგანაპარსი მას მიეცი.
5. რადგან ის აირჩია უფალმა, შენმა ღმერთმა, ყველა შტოდან, რათა იდგნენ და მსახურებდნენ უფლის სახელით ის და მისი შვილები სამუდამოდ.
6. თუ წამოვა ვინმე ლევიანი შენი ერთ-ერთი ქალაქიდან, ისრაელის რომელიმე კუთხიდან, სადაც მდგმურობს იგი, და მოვა თავისი სურვილით იმ ადგილას, რომელსაც აირჩევს უფალი,
7. შეუდგება უფლის, თავისი ღმერთის სახელით სამსახურს თავისი მოძმე ლევიანების მსგავსად, რომლებიც დგანან იქ უფლის წინაშე,
8. ისარგებლონ თანაბარი წილით, მამისსახლის წილს ნუ ჩაუთვლიან.
9. როცა შეხვალ იმ ქვეყანაში, რომელსაც გაძლევს შენ უფალი, შენი ღმერთი, ნუ დაეჩვევი სისაძაგლეთა ჩადენას იმ ხალხის მსგავსად:
10. ნუ იქნება შენს შორის თავისი ვაჟისა და ასულის ცეცხლში გამტარებელი, ჯადოქარი, მომნუსხველი, მარჩიელი, მსახვრალი,
11. გრძნებით შემკვრელი, მესულთანე, მჩხიბავი და მკვდართა გამომკითხველი,
12. რადგან საძაგელია უფლისათვის ყოველივე ამის გამკეთებელი და ამ სისაძაგლის გამო დევნის მათ შენგან უფალი, შენი ღმერთი.
13. სრული იყავი უფალთან, შენს ღმერთთან,
14. რადგან ეს ხალხები, რომელთაც შენ განდევნი, გრძნეულებს და ჯადოქრებს უსმენენ, შენთვის კი ამის ნება არ მოუცია უფალს.
15. წინასწარმეტყველს, როგორც მე ვარ, შენი წიაღიდან, შენი მოძმეებიდან, დაგიდგენს უფალი, შენი ღმერთი. მას უსმინე.
16. როცა შესთხოვე უფალს, შენს ღმერთს, ხორებში, თავშეყრის დღეს: მეტს ნუღარ გავიგონებ უფლის, ჩემი ღმერთის ხმას და ამ დიდ ცეცხლსაც ნუღარ ვიხილავ, რათა არ მოვკვდეო,
17. მითხრა უფალმა: კარგი ქნეს, რომ ეს თქვეს.
18. შენ რომ ხარ, ისეთ წინასწარმეტყველს დავუდგენ მოძმეთა წრიდან, ბაგეზე დავუდებ ჩემს სიტყვებს და ის გამოგიცხადებს ყველაფერს, რასაც მე ვუბრძანებ.
19. თუ ვინმე არ შეისმენს ჩემს სიტყვებს, რომელთაც ის გამოაცხადებს ჩემი სახელით, თავად მე მოვთხოვ მას პასუხს.
20. მაგრამ წინასწარმეტყველი, რომელიც გაკადნიერდება და ჩემი სახელით დაიწყებს იმის გამოცხადებას, რაც მე არ მიბრძანებია გამოსაცხადებლად, ან რომელიც უცხო ღმერთების სახელით ალაპარაკდება, ეს წინასწარმეტყველი უნდა მოკვდეს.
21. თუ გულში იტყვი: როგორ მივხვდეთ სიტყვას, რომელიც არ უთქვამს უფალს?
22. წინასწარმეტყველი თუ უფლის სახელით ილაპარაკებს და არ აცხადდება მისი ნალაპარაკევი, არ ყოფილა ეს უფლის სიტყვა - თვითნებურად ულაპარაკნია წინასწარმეტყველს, ნუ გეშინია მისი.