1. როცა გაწყვეტს უფალი, შენი ღმერთი, ხალხებს, რომელთა ქვეყანას შენ გაძლევს უფალი, შენი ღმერთი, განდევნი მათ და დასახლდები მათ ქალაქებსა და სახლებში,
2. გამოაცალკევე სამი ქალაქი შენს ქვეყანაში, რომელსაც გაძლევს უფალი, შენი ღმერთი, დასამკვიდრებლად.
3. მოიწყვე გზა და სამად დაჰყავი შენი ქვეყნის მიწა-წყალი, რომელიც წილად გარგუნა უფალმა, შენმა ღმერთმა. იქ შეაფაროს თავი ყოველმა მკვლელმა.
4. აი, წესი მკვლელისთვის, რომელმაც თავი უნდა შეაფაროს იქ, რომ გადარჩეს: ვისაც უნებურად შემოაკვდება თავისი მოყვასი, ისე რომ არ ჰქონია მისი მტრობა არც გუშინ, არც გუშინწინ,
5. ან ვინც თავის მოყვასთან ერთად წავა ტყეში შეშის მოსაჭრელად, მოიქნევს ცულს ხის წასაქცევად, ტარს რკინა წასძვრება, მოხვდება მის მოყვასს და მოკლავს, ამ კაცმა ერთ-ერთ ამ ქალაქთაგანს უნდა შეაფაროს თავი, რომ გადარჩეს.
6. რომ არ გამოეკიდოს მესისხლე მკვლელს ცხელ გულზე, არ მიეწიოს, რადგან გზა დიდია, და არ მოკლას; ის სასიკვდილო არ არის, რადგან არ ჰქონია მასთან მტრობა არც გუშინ და არც გუშინწინ.
7. ამიტომაც გიბრძანებ: გამოიცალკევე სამი ქალაქი.
8. როცა გაგიფართოებს საზღვრებს უფალი, შენი ღმერთი, როგორც შეჰფიცა შენს მამა-პაპას, და მოგცემს მთელს ქვეყანას, რომლის მიცემაც აღუთქვა შენს მამა-პაპას,
9. თუ დაიცავ მთელს ამ ანდერძს, რომელსაც დღეს გიცხადებ, რომ შეასრულო ის, შეიყვარო უფალი, შენი ღმერთი, და იარო მის გზაზე მთელი სიცოცხლე, მაშინ მიუმატე ამ სამს კიდევ სამი ქალაქი
10. და არ დაიღვრება უბრალო სისხლი შენს მიწაზე, რომელიც წილად მოგცა უფალმა, შენმა ღმერთმა, და არ იქნება სისხლი შენზე.
11. მაგრამ თუ ვინმე მტრობს თავის მოყვასს, ჩაუსაფრდება, დაეცემა, სასიკვდილოდ დაჰკრავს მას, მოკლავს და მერე თავს შეაფარებს ერთ-ერთ ამ ქალაქთაგანს,
12. მისი ქალაქის უხუცესობამ უნდა გამოაყვანინოს იქიდან და გადასცეს მესისხლეს, რომ მოკლან.
13. წყალობის თვალით ნუ შეხედავ მას, ჩამორეცხე უბრალო სისხლი ისრაელს და კარგი იქნება შენთვის.
14. ნუ გადასწევ წინაპართა მიერ გავლებულ შენი მოყვასის სამანს შენს წილხვედრილში, რომელიც წილად გერგება იმ ქვეყნად, რომელსაც უფალი, შენი ღმერთი, გაძლევს დასამკვიდრებლად.
15. ვერ გამოვა ერთი მოწმე ვინმეს წინააღმდეგ რაიმე დანაშაულში, შეცოდებაში თუ ცოდვაში, რითაც შეიძლება სცოდოს კაცმა. მხოლოდ ორი მოწმის ან სამი მოწმის სიტყვით შედგება საქმე.
16. თუ გამოვა ავისმდომელი მოწმე ვინმეს წინააღმდეგ და ბრალს დასწამებს მას,
17. წარდგეს ეს ორი მოდავე კაცი უფლის წინაშე, მღვდლებისა და მსაჯულების წინაშე, რომლებიც იმჟამად იქნებიან,
18. კარგად გამოიძიონ მსაჯულებმა, და თუ ის მოწმე ცრუმოწმე გამოდგა, ტყუილუბრალოდ დაუბრალებია თავისი მოძმისთვის,
19. ისე მოექეცით მას, როგორც თავად სურდა მოქცეოდა თავის მოძმეს და აღმოფხვრი ბოროტებას შენი წიაღიდან.
20. დანარჩენებმა გაიგონ და შიში ჰქონდეთ, რომ აღარ ჩაიდინონ ამგვარი ბოროტი საქმე შენს წიაღში.
21. ნუ შეიწყალებს მას შენი თვალი. სიცოცხლე სიცოცხლის წილ, თვალი თვალის წილ, კბილი კბილის წილ, ხელი ხელის წილ, ფეხი ფეხის წილ.