1. დამოძღვრეს მოსემ და ისრაელის უხუცესებმა ერი და უთხრეს: დაიცავი ყოველი მცნება, რასაც დღეს გიცხადებ.
2. როცა გადახვალ იორდანეს გაღმა ქვეყანაში, რომელსაც უფალი, შენი ღმერთი, მოგცემს, დაიდგი დიდი ქვები და კირით შელესე.
3. დააწერე ზედ ამ რჯულის ყოველი სიტყვა იორდანეზე გადასვლისას, რომ შეხვიდე ქვეყანაში, რომელსაც გაძლევს უფალი, შენი ღმერთი, ზეთითა და თაფლით მდინარ ქვეყანაში, როგორც უთქვამს შენთვის უფალს, შენი მამა-პაპის ღმერთს.
4. როცა გადახვალ იორდანეზე, დადგი ეს ქვები, როგორც დღეს გიცხადებ, ღებალის მთაზე და კირით შელესე.
5. აუგე იქ სამსხვერპლო უფალს, შენს ღმერთს, ქვის სამსხვერპლო. რკინა არ შეახო მას.
6. მთელ-მთელი ქვებისგან უნდა ააგო უფლის, შენი ღვთის სამსხვერპლო და მასზე უნდა აღუვლინო უფალს, შენს ღმერთს, აღსავლენი მსხვერპლი.
7. მიიტანე სამადლობელი მსხვერპლი და ჭამე იქ, გაიხარე უფლის, შენი ღმერთის წინაშე.
8. დააწერე ქვებზე ამ რჯულის ყოველი სიტყვა გარკვევით და მკაფიოდ.
9. ასე ელაპარაკნენ მოსე და ლევიანი მღვდლები მთელს ისრაელს: გაიგონე და ისმინე, ისრაელო! ამ დღეს გახდი შენ უფლის, შენი ღმერთის ერი.
10. ისმინე უფლის, შენი ღმერთის ხმა და შეასრულე მცნებები და წესები, რომელთაც დღეს გიცხადებ.
11. ასე დამოძღვრა იმ დღეს მოსემ ერი:
12. ესენი იდგნენ ერის დასალოცავად გერიზიმის მთაზე, როცა იორდანეს გაღმა გახვალთ: სიმეონი, ლევი, იუდა, ისაქარი, იოსები და ბენიამინი.
13. ესენი იდგნენ დასაწყევლად გერიზიმის მთაზე: რეუბენი, გადი, აშერი, ზებულონი, დანი და ნაფთალი.
14. გამოაცხადებენ და ეტყვიან ლევიანები თითოეულ ისრაელიანს მაღალი ხმით:
15. წყეულიმც იყოს, ვინც გააკეთებს ქანდაკს და ჩამოსხმულ კერპს - სისაძაგლეს უფლისათვის, ოსტატის ხელით ნაკეთებს, და ფარულად დადგამს. დასტურს დასცემს მთელი ერი და იტყვის: ამინ!
16. წყეულიმც იყოს დედ-მამის შემაგინებელი! იტყვის მთელი ერი: ამინ!
17. წყეულიმც იყოს თავისი მეზობლის სამანის გადამწევი! იტყვის მთელი ერი: ამინ!
18. წყეულიმც იყოს ბრმისთვის გზა-კვალის ამრევი! იტყვის მთელი ერი: ამინ!
19. წყეულიმც იყოს მდგმურისა და ქვრივ-ობლების სამართლის გამმრუდებელი! იტყვის მთელი ერი: ამინ!
20. წყეულიმც იყოს მამის ცოლთან მწოლელი, რადგან კალთა გადაუწია მამას! იტყვის მთელი ერი: ამინ!
21. წყეულიმც იყოს პირუტყვთან მწოლელი! იტყვის მთელი ერი: ამინ!
22. წყეულიმც იყოს თავის დასთან - თავისი მამის ქალიშვილთან ან დედის ქალიშვილთან - მწოლელი! იტყვის მთელი ერი: ამინ!
23. წყეულიმც იყოს სიდედრთან მწოლელი! იტყვის მთელი ერი: ამინ!
24. წყეულიმც იყოს თავისი მოყვასის ფარულად მკვლელი! იტყვის მთელი ერი: ამინ!
25. წყეულიმც იყოს ქრთამის ამღები კაცის მოსაკლავად, უბრალო სისხლის დასაღვრელად! იტყვის მთელი ერი: ამინ!
26. წყეულიმც იყოს, ვინც გატეხს ამ რჯულის სიტყვებს და არ შეასრულებს მათ! იტყვის მთელი ერი: ამინ!