1. აი, სიტყვები აღთქმისა, რომელიც გამოუცხადა უფალმა მოსეს ისრაელიანებთან დასადებად მოაბის ქვეყანაში, გარდა იმ აღთქმისა, რომელიც დაუდო მათ ხორებში.
2. მოუხმო მოსემ მთელს ისრაელს და უთხრა: ყველაფერი ნახეთ, რაც დამართა უფალმა თქვენს თვალწინ ეგვიპტის ქვეყანაში ფარაონს, მის მორჩილთ და მთელს მის ქვეყანას -
3. დიდი განსაცდელები, რომლებიც იხილეს შენმა თვალებმა, ის დიდი ნიშნები და სასწაულები.
4. მაგრამ დღემდე არ მოუცია უფალს თქვენთვის გული მისახვედრად, თვალები სახილველად და ყურები სასმენელად.
5. ორმოცი წელი გატარებდით უდაბნოში, არ გაგცვეთიათ ტანზე სამოსელი, არ გაგცვეთიათ ფეხზე ხამლები.
6. პური არ გიჭამიათ, ღვინო და სასმელი არ გისვამთ, რათა გცოდნოდათ, რომ მე ვარ უფალი, თქვენი ღმერთი.
7. მოხვედით ამ ადგილას და გამოვიდნენ თქვენს წინააღმდეგ საბრძოლველად სიხონი, ხეშბონის მეფე, და ყოგი, ბაშანის მეფე, და ჩვენ ვძლიეთ მათ.
8. დავიჭირეთ მათი ქვეყანა და მივეცით წილად რეუბენს, გადს და მენაშეანთა ნახევარ შტოს.
9. დაიცავით ამ აღთქმის სიტყვები და შეასრულეთ, რომ ხელი მოგემართოთ ყველაფერში, რასაც გააკეთებთ.
10. ყველანი დგახართ დღეს უფლის, თქვენი ღმერთის წინაშე - შტოთა თავკაცები, უხუცესები და რჯულისკაცები, მთელი ისრაელობა.
11. დედაწულითურთ, და შენს ბანაკში მყოფი მდგმურითურთ, შეშის მჩეხავიდან წყლის მზიდავამდე,
12. რათა შემოხვიდე უფლის, შენი ღმერთის აღთქმაში და მის ფიცში, რომელსაც გიდებს დღეს უფალი, შენი ღმერთი.
13. რათა თავის ერად გაგხადოს დღეს და თავად შენი ღმერთი გახდეს, როგორც უთქვამს შენთვის და როგორც აღუთქვა შენს მამა-პაპას - აბრაამს, ისაკს და იაკობს.
14. არა მხოლოდ თქვენთან ვდებ ამ აღთქმას და ამ ფიცს,
15. არამედ იმათთანაც, ვინც ჩვენთან ერთად დგანან დღეს უფლის, ჩვენი ღმერთის წინაშე, და იმათთანაც, ვინც დღეს არ არიან ჩვენთან.
16. რადგან თქვენ იცით, როგორ ვცხოვრობდით ეგვიპტის ქვეყანაში და როგორ გავაღწიეთ იმ ხალხებში, რომელთა შორის თქვენ გაიარეთ.
17. გიხილავთ მათი სისაძაგლეები, ხისა და ქვის, ვერცხლისა და ოქროს კერპები, რომლებიც მათ აქვთ.
18. ნუ იქნება თქვენში კაცი ან ქალი, საგვარეულო ან შტო, რომელსაც გული აქვს აყრილი დღეს უფალზე, ჩვენს ღმერთზე, რათა ემსახუროს იმ ხალხების ღმერთებს. ნუ იქნება თქვენს შორის ფესვი, შხამიანი ნაყოფის გამომღები.
19. როცა მოისმენს ამ ფიცის სიტყვებს, დაიკვეხნის გულში: მშვიდობით ვიქნები, თუმცა ჩემს ნებაზე დავდივარო. რათა დარწყულებული მწყურვალთან ერთად დაიღუპოს.
20. არ ისურვებს უფალი მის პატიებას, რადგან მაშინ აღიგზნება უფლის რისხვა და შური იმ კაცზე, დაიბუდებს მასში მთელი ეს წყევლა, ამ წიგნში ჩაწერილი, და წაშლის მის სახსენებელს უფალი ცისქვეშეთიდან.
21. განკვეთს მას უფალი საბოროტოდ ისრაელის ყველა შტოდან ამ რჯულის წიგნში ჩაწერილი აღთქმის ფიცის თანახმად.
22. იტყვის მომავალი თაობა - თქვენი შვილები, რომლებიც თქვენს შემდეგ გაჩნდებიან, და უცხოელი, რომელიც მოვა შორი ქვეყნიდან და დაინახავს ამ ქვეყნის წყლულებს და მის სნეულებებს, რითაც გასენა იგი უფალმა:
23. გოგირდი და მარილი! გადაბუგულია მთელი მიწა, არ ითესება და არც არაფერი იზრდება, არა ბალახი არ ამოდის! დაიქცა როგორც სოდომი და გომორი, ადმა და ცებოიმი, რომლებიც დააქცია უფალმა თავისი რისხვითა და წყრომით.
24. იტყვის ყველა ხალხი: რისთვის მოექცა უფალი ასე ამ მიწას? რის გამო იყო ეს დიდი რისხვა?
25. იტყვიან: იმის გამო, რომ დააგდეს უფლის, თავიანთი მამა-პაპის ღმერთის აღთქმა, რომელიც დაუდო მათ, როცა ეგვიპტიდან გამოჰყავდა ისინი.
26. წავიდნენ და ემსახურნენ უცხო ღმერთებს და თაყვანისცეს მათ ღმერთებს, რომელთაც არ იცნობდნენ და რომლებიც არ ურგუნებია მათთვის უფალს.
27. აღიგზნო უფლის რისხვა ამ ქვეყნის მიმართ, რომ მოეწია მასზე მთელი წყევლა, ამ წიგნში ჩაწერილი.
28. მოისროლა ისინი უფალმა თავიანთი მიწიდან რისხვით, ბრაზით და დიდი წყრომით და გადააგდო სხვა ქვეყანაში, სადაც დღეს არიან.
29. დაფარული - უფალს, ჩვენს ღმერთს, გაცხადებული კი - ჩვენ და ჩვენს შვილებს უკუნისამდე, რომ შესრულდეს ამ რჯულის ყოველი სიტყვა.