1. როცა აგიცხადდება ყველა ეს სიტყვა - კურთხევა და წყეელა, რომელიც გადმოვეცი შენს წინაშე, მოგიბრუნდება გული იმ ხალხთა შორის მყოფს, სადაც ეყოლები გაგდებული უფალს, შენს ღმერთს,
2. მიბრუნდები უფლის, შენი ღმერთისაკენ, და შეისმენ მის სიტყვას, როგორც გარიგებ დღეს, შენს შვილებთან ერთად მთელი შენი გულითა და სულით,
3. მაშინ უფალიც, შენი ღმერთი, დააბრუნებს შენს ტყვებს და შეგიწყალებს, კვლავ შეგკრებს ყველა ხალხიდან, რომელთა შორისაც გაფანტული ეყოლები უფალს, შენს ღმერთს.
4. ცის კიდემდეც რომ იყო გაგდებული, იქიდან შემოგკრებს უფალი, შენი ღმერთი, იქიდან წამოგიყვანს.
5. მიგიყვანს უფალი, შენი ღმერთი, იმ ქვეყანაში, რომელიც დამკვიდრებული ჰქონდა შენს მამა-პაპას, და დაიმკვიდრებ მას; აგაშენებს და შენს მამა-პაპაზე უფრო გაგამრავლებს.
6. წინდაცვეთს უფალი, შენი ღმერთი, შენს გულს და შენი შთამომავლობის გულს, რომ გიყვარდეს უფალი, შენი ღმერთი, მთელი შენი გულითა და სულით, რათა ცოცხალი დარჩე.
7. მოაწევს უფალი, შენი ღმერთი, მთელს ამ წყევლას შენს მტრებზე და მოძულეებზე, რომლებიც გდევნიდნენ შენ.
8. მოიქცევი და შეისმენ უფლის სიტყვას, შეასრულებ ყოველ მის მცნებას, რომელსაც გიცხადებ დღეს.
9. გაგიუხვებს უფალი, შენი ღმერთი ყველაფერს, რასაც შენი ხელით გააკეთებ - შენი მუცლის ნაყოფს, შენი საქონლის ნაყოფს და შენი მიწის ნაყოფს, სასიკეთოდ, რადგან კვლავ გაიხარებს უფალი შენს გამო სასიკეთოდ, როგორც შენი მამა-პაპის გამო ხარობდა.
10. რადგან შეისმენ უფლის, შენი ღმერთის სიტყვას და დაიცავ მის ცნებებს და წესებს, რომლებიც ამ რჯულის წიგნშია ჩაწერილი. მიუბრუნდები უფალს, შენს ღმერთს, მთელი შენი გულითა და სულით.
11. რადგან ეს მცნება, რომელსაც დღეს გიცხადებ, არ არის შენთვის შეუძლებელი და მიუწვდომელი.
12. არ არის ცაში იგი, რომ ითქვას: ვინ ჩამოგვიტანს მას ციდან და შეგვასმენს, რომ შევასრულოთ?
13. არც ზღვის გაღმაა იგი, რომ ითქვას: ვინ გამოგვიტანს მას ზღვის გაღმიდან და შეგვასმენს, რომ შევასრულოთ?
14. რადგან ძალზე ახლოს არის შენთან ეს სიტყვა, შენს ბაგეზეა, შენს გულშია იგი და შეასრულე!
15. აჰა, დღეს გადმოვეცი შენს წინაშე სიცოცხლე და სიკეთე, სიკვდილი და ბოროტება,
16. რითაც დაგარიგე, რომ გიყვარდეს უფალი, შენი ღმერთი, იარო მის გზაზე და დაიცვა მისი ნაბრძანები წესები და სამართალი. იცოცხლებ და გამრავლდები, გაკურთხებს უფალი, შენი ღმერთი, იმ ქვეყანაში, რომლის დასამკვიდრებლადაც მიდიხარ.
17. თუ აიყრი გულს და არ შეისმენ, აირევ გზა-კვალს, უცხო ღმერთებს დაუწყებ თაყვანისცემას და სამსახურს,
18. დღესვე გიცხადებთ, რომ დაიღუპებით, დიდი დღე არ გექნებათ იმ მიწაზე, რომლის დასამკვიდრებლადაც გადადიხართ იორდანეს.
19. ვიმოწმებ დღეს თქვენს წინაშე ცას და მიწას: სიცოცხლე და სიკვდილი დაგიდევი წინ, კურთხევა და წყევლა. აირჩიე სიცოცხლე, რომ იცოცხლოთ შენ და შენმა შთამომავლობამ,
20. გიყვარდეს უფალი, შენი ღმერთი, გესმოდეს მისი სიტყვა და მიეწებო მას, რადგან ის არის შენი სიცოცხლე და შენი დღეგრძელება, რომ იცხოვრო იმ მიწაზე, რომლის მოცემა ფიცით აღუთქვა უფალმა შენს მამა-პაპას - აბრაამს, ისაკს და იაკობს.