1. გაიგონე, ცაო, სიტყვას ვამბობ! ისმინე, მიწავ, ჩემი სათქმელი!
2. წვიმასავით მოდის ჩემი დარიგება, ცვარივით ეპკურება ჩემი ნათქვამი, როგორც ისხარი მდელოზე, როგორც თქეში მწვანე ბალახზე.
3. რადგან ვახსენებ უფლის სახელს, დიდება მიაგეთ ჩვენს ღმერთს!
4. კლდეა იგი, სრულყოფილია მისი ქმნილება, რადგან სამართლიანია მისი ყოველი გზა. ჭეშმარიტებაა ღმერთი, არა სიცრუე; მართალი და წრფელია იგი.
5. გაერყვნენ მას, აღარ არიან მისი შვილები, რადგან შეიგინენ, ჯიუტი და გზასამცდარი მოდგმაა.
6. ამას მიუზღავთ უფალს, ბრიყვო და უგუნურო ხალხო? ის ხომ მამაა შენი, შენი გამჩენი! ხომ მან შეგქმნა და დაგამყარა!
7. გაიხსენე ძველი დღეები, იფიქრე გარდასულ თაობებზე. ჰკითხე მამაშენს, გაგაგებინებს! შენს უხუცესებს, ისინი გეტყვიან!
8. როცა უზენაესი სამკვიდროებს ურიგებდა ხალხებს, როცა ცალ-ცალკე ასახლებდა ადამის მოდგმას, დაუდგინა საზღვრები ერებს ისრაელიანთა რიცხვისამებრ.
9. რადგან უფლის წილი მისი ერია, იაკობია მისი სამკვიდრო.
10. იპოვნა იგი უკაცრიელ მხარეში, უდაბნოში, ხრიოკ ტრამალზე; უვლიდა, მოძღვრავდა, იფარავდა თვალისჩინივით.
11. როგორც არწივი ფხიზლობს თავის ბუდეზე, ზედ ეფოფრება თავის მართვეებს, ფრთებს შლის, აიტაცებს და მიჰყავს თავისი მხრებით,
12. ასე მარტო დაატარებდა მას უფალი, გვერდით არ ჰყოლია უცხო ღმერთი.
13. დასვა იგი მაღალ ადგილზე და კვებავდა ველური ნაყოფით, პიტალოებიდან თაფლს აწოვებდა და ზეთს - სალი კლდიდან,
14. ძროხის ნაღებს და ცხვრის რძეს, აჭმევდა ნასუქალ ბატკნებს, ბაშანურ ვერძებს და ვაცებს, ნოყიერ პურს. და ღვინოს სვამდი, ყურძნის სისხლს.
15. გასუქდა იეშურუნი და მოჰყვა ტლინკვას. გასუქდი, გათქვირდი, ჩამრგვალდი. დაივიწყა ღმერთი, თავისი შემოქმედი და არად ჩააგდო თავისი გადარჩენის ბურჯი.
16. გააჯავრეს უცხო ღმერთებით და სისაძაგლეებით გააღიზიანეს.
17. მსხვერპლს სწირავდნენ ეშმაკებს, არაღმერთს, ღმერთებს, რომელთაც არ იცნობდნენ, ახლებს, ახალმოსულთ, რომელთა შიში არ ჰქონია თქვენს მამა-პაპას.
18. კლდე კი, შენი გამჩენი აღარ გახსოვს, დავიწყებული გგყავს ღმერთი, შენი შემქმნელი.
19. დაინახა უფალმა და უარყო ბრაზისგან თავისი ვაჟები და ასულები.
20. თქვა: დავუმალავ ჩემს სახეს, ვნახავ, რა ბოლო ექნებათ, რადგან გადაგვარდა ეს მოდგმა, არ შერჩათ სიმტკიცე შვილებს.
21. გამაჯავრეს არაღმერთით, გამაღიზიანეს თავიანთი ამაოებით; მეც გავაჯავრებ მათ არაერით, უგვანი ხალხით გავაღიზიანებ.
22. რადგან დაინთო ცეცხლი ჩემი რისხვით და გიზგიზებს ჯოჯოხეთის ქვესკნელამდე, ჭამს მიწას და მის ნაყოფს, ბუგავს მთათა საძირკვლებს.
23. ზედიზედ დავატეხ უბედურებებს, მათზე დავხარჯავ ჩემს ისრებს.
24. ილაჯს გაუწყვეტს შიმშილი, შეჭამს სიცხე და შავი ჭირი. მხეცების კბილებს, ქვეწარმავალთა შხამით სავსეს, მივუშვებ მათზე.
25. გარეთ მახვილი გაანადგურებს, შიგნით- შიშისზარი, ჭაბუკსაც და ქალწულსაც, ძუძუთა ბავშვს ჭაღარა კაცთან ერთად.
26. ვიფიქრე: გავფანტავ მათ, წავშლი-მეთქი მათ სახსენებელს კაცთა მოდგმიდან,
27. რომ არ ვუფრთხოდე მტრების გაკადნიერებას - თავს არ წავიდნენ მისი მოწინააღმდეგენი, არ თქვან, მაღალია ჩვენი ხელი, უფალს არ გაუკეთებია ეს ყველაფერი.
28. რადგან ჭკუადაკარგული ხალხია ისინი, განსჯა აღარ არის მათში.
29. სიბრძნე რომ ჰქონოდათ, მიხვდებოდნენ ამას, განჭვრეტდნენ თავიანთ ბოლოს.
30. ერთი როგორ დაედევნება ათასს, ორნი როგორ გაყრიან ათიათასს? თუ მათმა მფარველმა არ გასწირა ისინი, თუ უფალმა არ ჩაუგდო ხელში?
31. რადგან არა ჰგავს ჩვენს მფარველს მათი მფარველი, ჩვენმა მტრებმა განსაჯონ თავად.
32. რადგან სოდომის ვენახიდან არის მათი ყურძენი, გომორის ზვრებიდან არის მათი ნაყოფი, შხამიანი ნაყოფი, მწარეა მისი მტევნები.
33. გველეშაპის შხამია მათი ღვინო და ასპიტის დამღუპველი გესლი.
34. ეს ხომ ჩემთან არის დამარხული, ჩემს საგანძურებშია დაბეჭდილი?
35. მე მივაგებ შურს, მე მივუზღავ, როცა წაიფორხილებენ, რადგან ახლოა მათი დაღუპვის დღე, ისწრაფვის მათი ბედისწერა.
36. როცა თავისი ერის განკითხვას დააპირებს უფალი, შეიწყალებს თავის მორჩილთ, რადგან დაინახავს, რომ მიხდილი აქვთ ღონე, რომ აღარ დარჩა არც ყმა, არც აზატი.
37. იტყვის: სად არიან მათი ღმერთები? კლდე, მათი საესავი?
38. რომლებიც ჭამდნენ მათი მსხვერპლის ლურთებს და სვამდნენ მათ ზედაშეს? აბა, ადგნენ და მოგეშველონ, საფარველად გაგიხდნენ!
39. ამიერიდან იცოდეთ, რომ ეს მე ვარ, მე! და არ არის ღმერთი ჩემს გარდა! მე ვკლავ და მე ვაცოცხლებ, მე ვგმირავ და მე ვკურნავ. ვერავინ დაიხსნის ჩემი ხელიდან.
40. რადგან მე აღვმართავ ხელს ცისკენ და ვამბობ: ცოცხალი ვარ უკუნისამდე!
41. თუ გავლესე ჩემი ელვარე მახვილი და ხელი მივყავი განკითხვას, შურს მივაგებ ჩემს მტრებს და ვუზღავ ჩემს მოძულეებს.
42. სისხლით დავათრობ ჩემს ისრებს, გაძღება ხორცით ჩემი მახვილი, დახოცილთა და ტყვეთა სისხლით, მტრის ქოჩორა თავებით.
43. ადიდეთ, ხალხებო, მისი ერი, რადგან აიღებს თავის მორჩილთა სისხლს; შურს მიაგებს თავის მტრებს და გასწმედს თავის მიწას და თავის ერს.
44. მივიდა მოსე და წარმოთქვა ამ სიმღერის ყოველი სიტყვა ხალხის გასაგონად, მასთან იყო იესო ნავეს ძეც.
45. დაასრულა მოსემ ამ სიტყვების წარმოთქმა მთელი ისრაელის მიმართ.
46. და უთხრა მათ: გული დაუდევით თითოეულ სიტყვას, რომელსაც ჩაგაგონებთ დღეს, უანდერძეთ თქვენს შვილებს, რომ დაიცვან და შეასრულონ ამ რჯულის თითოეული სიტყვა.
47. რადგან არ არის ეს უბრალო ამბავი, არამედ სიცოცხლეა იგი თქვენთვის, ამის წყალობით დღეგრძელი იქნებით იმ მიწაზე, რომლის დასამკვიდრებლადაც გადადიხართ იორდანეს.
48. ელაპარაკა უფალი მოსეს სწორედ იმ დღეს და უთხრა:
49. ადი ამ ყაბარიმის მთაზე, ნებოს მთაზე, მოაბის ქვეყანაში რომ არის, იერიხონის გასწვრივ, და გახედე ქანაანის ქვეყანას, რომელსაც საკუთრებად ვაძლევ ისრაელიანებს.
50. მოკვდი მთაზე, რომელზეც ახვალ, და შეერთე შენს ერს, როგორც მოკვდა შენი ძმა აარონი ჰორის მთაზე და შეერთო თავის ერს.
51. იმის გამო, რომ მიღალატეთ ისრაელიანთა შორის მერიბას წყლებთან, კადეშში, ცინის უდაბნოში, იმის გამო, რომ ჩემი სიწმიდისაებრ არ მომაგეთ პატივი ისრაელიანებში,
52. ამიტომაც შორიდან დაინახავ ქვეყანას, მაგრამ ვერ შეხვალ იქ, იმ ქვეყანაში, რომელსაც ისრაელიანებს ვაძლევ.