1. ეს არის კურთხევა, რომლითაც აკურთხა მოსემ, ღვთისკაცმა, ისრაელიანები სიკვდილის წინ.
2. თქვა: უფალი სინაიდან მოვიდა, სეყირიდან ამოუბრწყინდა მათ, ფარანის მთიდან ამონათდა და გამოჩნდა წმიდათა ბევრეულით, მარჯვენით რჯულის შარავანდი ჰქონდა.
3. უყვარს ხალხები. მათი ყველა წმიდა კაცი შენს ხელშია, ტრიალებენ შენს ფეხებთან, რომ მიიღონ შენ სიტყვები.
4. რჯული გვიანდერძა მოსემ - იაკობის კრებულის მემკვიდრეობა.
5. გაჩნდა მეფე იეშურუნში, როცა შეიკრიბნენ ერის თავკაცნი, ისრაელის შტოები.
6. იცოცხლოს რეუბენმა და არ მოკვდეს! ცოტა ჰყავს ხალხი.
7. ეს იუდასთვის თქვა: ისმინე, უფალო, იუდას ხმა! თავის ხალხთან მიიყვანე იგი. მისი ხელი იბრძოლებს მისთვის, შენ კი დაიფარე მტრებისაგან.
8. ლევისთვის თქვა: შენი თუმიმი და ურიმი შენს მადლიან კაცს, რომელიც მასაში გამოცადე და ედავებოდი მერიბას წყლებთან!
9. რომელიც ამბობს თავის დედ-მამაზე: არ მინახავს ისინი. არ ცნობს თავის ძმებს და არ იცნობს შვილებს, რადგან იცავდნენ ისინი შენს ნათქვამს და შენს აღთქმას ინახავდნენ.
10. ასწავლიან შენს სამართალს იაკობს და შენს რჯულს - ისრაელს, მოგართმევენ საკმეველს საყნოსელად და აღსავლენ მსხვერპლს სამსხვერპლოზე.
11. აკურთხე, უფალო, ძალი მისი და კეთილად მოხედე მისი ხელის ნამოქმედარს. მოსწყვიტე წელი მის მოწინააღმდეგეთ, ვეღარ გაიმართონ მისი მოძულენი!
12. ბენიამინზე თქვა: უზრუნველად იმკვიდრებს უფლის ნებიერი მის წინაშე. მისი ხელი აფარია დღენიადაგ და მის კალთებთან განისვენებს.
13. იოსებზე თქვა: უფლის კურთხევით იყოს მისი მიწა, ცის მადლით - ნამით, და უფსკრულებით, ქვეშ რომ განრთხმულან;
14. მზის მადლიანი ნაყოფებით და მთვარეთა მადლიანი მოსავლით;
15. ძველი მთების მწვერვალებით და უხსოვარი ბორცვების მადლით;
16. მიწის მადლით და მისი სისავსით. გადმოვიდეს მაყვლოვანში დავანებულის წყალობა იოსების თავზე და მის ძმებს შორის მოწმიდარის თხემზე.
17. პირველნაშობი ხარის ბრწყინვალება აქვს, მარტორქის რქას უგავს რქები, ამით ურქენს ყველა ხალხს ერთიანად ქვეყნის კიდემდე. ესენი არიან ეფრემის ბევრეულნი და მენაშეს ათასეულნი!
18. ზებულონზე თქვა: იხარე, ზებულონ, შენი გამოსვლისას და, ისაქარ, შენს კარვებში!
19. ხალხებს დაუძახებენ მთაზე, იქ შესწირავენ სიმართლის მსხვერპლს, რადგან ზღვათა სიმდიდრით საზრდოობენ, ქვიშაში ჩაფლულ-ჩამარხულით.
20. გადზე თქვა: კურთხეულია გადის განმვრცობი, ლომივით წევს და გლეჯს ნადავლის თავ-ფეხს.
21. საუკეთესო წილი ნახა, რადგან იქ იყო შენახული რჯულმდებლის წილი, მოიყვანა ერის თავკაცნი და აღუსრულა უფლის წესი და მისი სამართალი ისრაელს.
22. დანზე თქვა: ლომის ბოკვერია დანი, ბაშანიდან გამოვარდნილი.
23. ნაფთალიზე თქვა: ნაფთალი მაძღარია წყალობით და სავსეა უფლის კურთხევით; მისი სამკვიდროა დასავლეთი და სამხრეთი.
24. აშერზე თქვა: კურთხეულია შვილთა შორის აშერი, სწყალობდნენ ძმები და მირონში ედგას ფეხი.
25. რკინა და რვალია შენი ურდულები. მთელი სიცოცხლე მშვიდად იქნები.
26. არ არის ღმერთი იეშურუნის ღმერთის მსგავსი, ცაშია ამხედრებული შენს შემწედ და ღრუბლებში თავისი დიდებით.
27. თავშესაფარია ძველი ღმერთი და სიღრმეთაგან მკლავი მარადიული. მტერი განდევნა შენგან და თქვა: გაავლე მუსრი!
28. დავანებულია უზრუნველად ისრაელი, მარტო; იაკობის წყარო რწყავს პურის ყანებს და ვენახებს, მისი ციდანაც წვეთავს ცვარი.
29. ნეტარი ხარ, ისრაელო! ვინ შეგედრება შენ, ხალხო, გადარჩენილო უფლის მიერ, რომელიც შენი მფარველი ფარია და შენი დიდების მახვილი! მტრები დაგიწყებენ ლაქუცს, შენ კი გადაჯეგავ მათ სათაყვანო გორაკებს.