1. უხმო მოსემ მთელს ისრაელს და უაიხრა: ისმინე ისრაელო, წესი და სამართალი, რომელსაც ვიტყვი დღეს თქვენს გასაგონად. დაისწავლეთ ისინი და შეასრულეთ.
2. უფალმა, ჩვენმა ღმერთმა, დაგვიდო აღთქმა ხორებში.
3. ჩვენი მამა-პაპისთვის არ დაუდევს ეს აღთქმა უფალს, არამედ ჩვენ დაგვიდო, ჩვენ კი, აჰა, ყველანი ცოცხლები ვართ დღეს.
4. პირისპირ გელაპარაკებოდათ უფალი მთაზე ცეცხლის შუაგულიდან.
5. მე კი უფალსა და თქვენს შორის ვიდექი მაშინ, რომ გამომეცხადებინა თქვენთვის უფლის სიტყვა, რადგან თქვენ ცეცხლის გეშინოდათ და მთაზე არ ამოსულხართ. მან თქვა:
6. მე ვარ უფალი, შენი ღმერთი, რომელმაც გამოგიყვანე ეგვიპტიდან, მონობის სახლიდან.
7. ნუ გეყოლება სხვა ღმერთები ჩემს წინაშე.
8. ნუ გაიკეთებ კერპს, რაიმე გამოსახულებას იმისას, რაც მაღლა ცაშია და რაც დაბლა დედამიწაზეა და რაც წყალშია, მიწის ქვევით.
9. ნუ სცემ თაყვანს მათ და ნუ ემსახურები, რადგან მე ვარ უფალი, შენი ღმერთი, შურისმაძიებელი ღმერთი, მამათა ცოდვის მომკითხავი შვილებისაგან მესამე და მეოთხე თაობამდე, ჩემი მტრებისგან,
10. წყალობისმყოფელი ათასი თაობის იქით ჩემს მოყვარულთათვის და ჩემი ანდერძის შემსრულებელთათვის.
11. ნუ ახსენებ ფუჭად უფლის, შენი ღმერთის სახელს, რადგან არ დაინდობს უფალი თავისი სახელის ფუჭად მხსენებელს.
12. დაიცავი შაბათი დღე, რომ წმიდად შეინახო იგი, როგორც უფალს, შენს ღმერთს, უბრძანებია.
13. ექვს დღეს იმუშავე და აკეთე ყველა შენი საქმე.
14. მეშვიდე დღე უფლის, შენი ღმერთის შაბათია: არაფერი საქმე არ აკეთო არც შენ, არც შენმა ვაჟმა, არც შენმა ასულმა, არც შენმა ყმაწვილმა, არც შენმა ხარმა, არც შენმა სახედარმა, არცერთმა შენმა პირუტყვმა, და არც შენმა მდგმურმა, რომელიც შენს ქალაქებში ცხოვრობს, რომ დაისვენოს შენმა ყმამ და ყმაქალმა შენთან ერთად.
15. გახსოვდეს, რომ ყმა იყავი შენც ეგვიპტის ქვეყანაში და გამოგიყვანა იქიდან უფალმა, შენმა ღმერთმა მაგარი ხელით და შემართული მკლავით. ამიტომ გიბრძანა უფალმა, შენმა ღმერთმა, შაბათი დღის შენახვა.
16. პატივი ეცი შენს მამას და შენს დედას, როგორც გიანდერძა უფალმა, შენმა ღმერთმა, რომ დღეგრძელი იყო და კარგად იცხოვრო იმ მიწაზე, რომელსაც უფალი, შენი ღმერთი გაძლევს.
17. კაცი არ მოკლა, არ იმრუშო, არ იქურდო, არ გამოხვიდე ცრუ მოწმედ შენი ახლობელის წინააღმდეგ.
18. არ მოინდომო ახლობლის ცოლი, არ ისურვო ახლობლის სახლი, არც მისი ყანა, არც მისი ყმა, არც მისი ყმაქალი, არც მისი ხარი, არც მისი სახედარი, არაფერი მისი საბადებლიდან.
19. ეს სიტყვები გითხრათ უფალმა მთელს თქვენს კრებულს მთაზე ცეცხლისა, ღრუბლის და ნისლის შუაგულიდან მაღალი ხმით, მეტი არ უთქვამს, დაწერა ორ ფიქალზე და მე მომცა.
20. როცა მოისმინეთ მისი ხმა ბნელიდან, მთას კი ამ დროს ცეცხლი ეკიდა, ახლოს მოხვედით ჩემთან შტოთა თავკაცები და უხუცესები,
21. და მითხარით: აჰა, გვახილვინა უფალმა, ჩვენმა ღმერთმა, თავისი დიდება და სიდიადე, მისი ხმაც გვესმა ცეცხლის შუაგულიდან. ამ დღეს დავინახეთ, რომ ღმერთი ელაპარაკა ადამიანს და ცოცხალი დარჩა ადამიანი.
22. ახლა რისთვისღა დავიხოცოთ? ხომ გვშთანთქავს ეს დიდი ცეცხლი? ხომ დავიხოცეთ, თუ კიდევ მოგვესმა უფლის, ჩვენი ღმერთის ხმა?
23. რადგან რომელი ხორციელი ყოფილა, რომ მოესმინოს ცეცხლის შუაგულიდან მოლაპარაკე ღმერთის ხმა და ჩვენსავით ცოცხალი დარჩენილიყოს?
24. ახლოს მიდი და მოისმინე ყველაფერი, რასაც უფალი, ჩვენი ღმერთი, იტყვის. მერე გვითხარი ყველაფერი, რასაც უფალი, ჩვენი ღმერთი, გამოგიცხადებს. ჩვენც მოვისმენთ და შევასრულებთ.
25. მოესმა უფალს თქვენი ლაპარაკის ხმა, მე რომ მელაპარაკებოდით, და მითხრა უფალმა: მომესმა ამ ხალხის ლაპარაკის ხმა, შენ რომ გელაპარაკებოდა. ყველაფერი კარგია, რაც ილაპარაკეს.
26. ნეტავ ისეთი გული ჰქონოდათ, რომ შინებოდათ ჩემი და მუდამჟამს დაეცვათ ყოველი ჩემი მცნება, რათა კარგად ყოფილიყვნენ თვითონ და მათი შვილები სამარადისოდ.
27. წადი, უთხარი მათ: დაბრუნდით-თქო თქვენ-თქვენს კარვებში!
28. შენ კი აქ იდექი ჩემთან და გამოგიცხადებ ყველა მცნებას, წესსა და სამართალს, რომელიც უნდა ასწავლო მათ, რომ შეასრულონ იმ ქვეყანაში, რომელსაც დასამკვიდრებლად ვაძლევ.
29. ეცადეთ, ისე მოიქცეთ, როგორც ნაბრძანები აქვს თქვენთვის უფალს, თქვენს ღმერთს: არ გადაუხვიოთ არც მარჯვნივ, არც მარცხნივ.
30. სულ იმ გზაზე იარეთ, როგორც გიბრძანათ უფალმა, თქვენმა ღმერთმა, რომ იცოცხლოთ, სიკეთე გქონდეთ და დღეგრძელი იყოთ ქვეყანაში, რომელსაც დაიმკვიდრებთ.