1. აი, მცნება, წესი და სამართალი, რომელიც გამოგიცხადათ უფალმა, თქვენმა ღმერთმა, და გასწავლათ მათი შესრულება იმ ქვეყანაში, რომლის დასამკვიდრებლადაც მიდიხართ;
2. რომ გეშინოდეს უფლის, შენი ღმერთისა, რომ დაიცვა ყოველი მისი წესი და მცნება, რომელსაც გიცხადებ შენ, შენს შვილებს და შენს შვილთაშვილებს, შენს სიცოცხლეში, რომ დღეგრძელი იყო.
3. ისმინე, ისრაელო, და ეცადე შეასრულო, რომ კარგად იყო და დიდად იმრავლო ქვეყანაში, სადაც ღვარად დის რძე და თაფლი, როგორც აღგითქვა უფალმა, შენი მამა-პაპის ღმერთმა.
4. ისმინე, ისრაელო! ერთია უფალი, უფალი, ჩვენი ღმერთი.
5. გიყვარდეს უფალი, შენი ღმერთი მთელი შენი გულითა და სულით, მთელი შენი შეძლებით.
6. გულში გქონდეს ეს სიტყვები, რომლებიც დღეს გამოგიცხადე.
7. ჩააგონებდე შენს შვილებს და უთხრობდე სახლში ჯდომისას, გზაზე სიარულისას, დაწოლისას და ადგომისას.
8. შეიბი ნიშნად ხელზე და ტვიფრად შუბლზე.
9. წააწერე შენი სახლის წირთხლებს და კარებს.
10. და როცა შეგიყვანს უფალი, შენი ღმერთი, იმ ქვეყანაში, რომლის გამო ეფიცებოდა აბრაამს, ისაკს და იაკობს, რომ შენ მოგცემდა დიდი და მშვენიერი ქალაქებითურთ, რომლებიც შენ არ აგიშენებია,
11. ყოველნაირი დოვლათით ავსებული სახლებითურთ, რომლებიც შენ არ აგივსია, ამოთხრილი ჭებითურთ, რომლებიც შენ არ ამოგითხრია, ვენახებითა და ზეთისხილის ბაღებით, რომლებიც შენ არ გაგიშენებია, და შენც შეჭამ და გაძღები,
12. ფრთხილად იყავი, რომ არ დაგავიწყდეს უფალი, რომელმაც გამოგიყვანა ეგვიპტიდან, მონობის სახლიდან.
13. უფლის, შენი ღმერთის, გეშინოდეს და მას ემსახურებოდე, მის სახელს ფიცულობდე.
14. ნუ გაჰყვებით სხვა ღმერთებს, იმ ხალხთა ღმერთებს, რომლებიც თქვენს გარშემო არიან.
15. რადგან შურისმაძიებელი ღმერთია თქვენში უფალი, არ აღიგზნოს უფლის, თქვენი ღმერთის რისხვა თქვენზე და არ წარგხოცოთ მიწის პირისაგან.
16. ნუ გამოცდით უფალს, თქვენს ღმერთს, როგორც გამოცადეთ იგი მასაში.
17. დაიცავით უფლის, თქვენი ღმერთის მცნებები, მოწმობანი და წესები, რომლებიც გამოცხადებული მაქვს თქვენთვის.
18. სწორად და კეთილად მოიქეცი უფლის თვალში, რომ კეთილად იყო, რომ მიაღწიოთ და დაიმკვიდრო მადლიანი ქვეყანა, რომელიც აღუთქვა უფალმა შენს მამა-პაპას.
19. რომ მოგაცილოს ყველა შენი მტერი, როგორც ნათქვამი აქვს უფალს.
20. თუ შეგეკითხება ხვალ შენი შვილი: რა არის ეს მოწმობანი, მცნებები, წესები და სამართალი, რომელიც გამოგიცხადათ თქვენ უფალმა, ჩვენმა ღმერთმაო,
21. მიუგე შენს შვილს: ფარაონის ყმები ვიყავით-თქო ეგვიპტეში და მაგარი ხელით გამოგვიყვანა-თქო უფალმა ეგვიპტიდან.
22. მოუვლინა-თქო უფალმა საშინელი ნიშნები და სასწაულები ეგვიპტეს, ფარაონს და მთელს მის სახლს, ჩვენს თვალწინ.
23. ჩვენ კი გამოგვიყვანა-თქო იქიდან, რომ აქ მოვეყვანეთ და მოეცა ჩვენთვის ეს ქვეყანა, რომელიც აღუთქვა ჩვენს მამა-პაპას.
24. გვიბრძანა უფალმა ყველა ამ წესის შესრულება და უფლის, ჩვენი ღმერთის შიში, რომ კარგად ვიყოთ მთელი სიცოცხლე, რომ ცოცხალნი დავრჩეთ, როგორც ახლა ვართ.
25. ჩვენი იქნება სიმართლე, თუ შევასრულებთ ყველა იმ მცნებას უფლის, ჩვენი ღმერთის წინაშე, როგორც უბრძანებია ჩვენთვის.