1. როცა მიგიყვანს უფალი, შენი ღმერთი, იმ ქვეყანაში, რომლის დასამკვიდრებლადაც მიდიხართ და მოგაშორებს მრავალრიცხოვან ხალხებს - ხეთელებს, გირგაშელებს, ამორეველებს, ქანაანელებს, ფერიზელებს, ხივიელებს და იებუსელებს - შვიდ ხალხს, შენზე მრავალრიცხოვანს და ძლიერს,
2. ხელში ჩაგაგდებინებს და შენც დაამარცხებ მათ, დაარისხე ისინი, არ შეკრა მათთან კავშირი და არც დაინდო.
3. არ დაუმოყვრდე, არ გაათხოვო შენი ქალიშვილი მის ვაჟზე და არ მოუყვანო შენს ვაჟს მისი ქალიშვილი ცოლად,
4. რადგან ჩემი გზიდან ააცდენენ შენს ვაჟს, დაიწყებენ უცხო ღმერთების თაყვანისცემას, უფლის რისხვა დაგატყდებათ თავს და დაუყოვნებლივ განადგურდებით.
5. ასე მოექეცით მათ: დაუნგრიეთ სამსხვერპლოები, დაულეწეთ სვეტები, გაუჩეხეთ ხემხვივანები და ცეცხლში დაწვით მათი კერპები.
6. რადგან წმიდა ერად ყავხარ უფალს, შენს ღმერთს. შენ აგირჩია უფალმა, შენმა ღმერთმა, რომ ჰყოლოდი უნჯ ერად ყველა ერს შორის, რომელიც კი არსებობს დედამიწის ზურგზე.
7. იმის გამო კი არ მოგისურვა და გამოგარჩია უფალმა, რომ სხვა ხალხებზე მრავალრიცხოვანი იყავი, შენ ხომ ყველა ხალხზე მცირერიცხოვანი ხარ,
8. არამედ იმის გამო, რომ უყვარდით უფალს და ინახავდა თქვენს მამა-პაპასთან დადებულ ფიცს. გამოგიყვანათ უფალმა ძლიერი ხელით და გიხსნათ მონობის სახლიდან, ეგვიპტის მეფის, ფარაონის ხელიდან.
9. იცოდე, რომ უფალი, შენი ღმერთი მტკიცე ღმერთია, შემნახველი ათას თაობაში აღთქმისა და წყალობისა მის მოყვარულთათვის და მათთვის, ვინც დაიცავს მის მცნებებს.
10. სამაგიეროს მიმზღველი მის მოძულეთა მიმართ, მათი დამღუპველი უყოყმანოდ. არ დაახანებს, უყოყმანოდ მიუზღავს სამაგიეროს თავის მოძულეებს.
11. დაიცავი მცნებები, წესი და სამართალი, რომლის შესრულებასაც გავალებ დღეს.
12. თუ შეისმენთ ამ სამართალს, შეინახავთ და შეასრულებთ მას, უფალი, თქვენი ღმერთიც შეგინახავთ აღთქმას და წყალობს, რაც შეჰფიცა თქვენს მამა-პაპას.
13. შეგიყვარებს, დაგლოცავს, გამრავლებს და გიკურთხებს შენი მუცლის ნაყოფს, შენი მიწის ნაყოფს, პურს, ღვინოს და ზეთს, საქონლის ნამატს და ცხვრის მონაგებს იმ მიწაზე, რომელიც შენთვის მისაცემად აღუთქვა შენს მამა-პაპას.
14. კურთხეული იქნები ყველა ხალხზე უფრო, არ იქნება შენში და არც შენს საქონელში ბერწი და უნაყოფო.
15. აგაშორებს უფალი ყოველგვარ სნეულებას, არ შეგყრის ეგვიპტის საშინელ სნებებს, რომლებიც იცი, შენს მოძულეებს კი გაუჩენს.
16. შენ შთანთქავ ყველა ხალხს, რომელსაც გაძლევს უფალი, შენი ღმერთი. ნუ შეიწყალებს მათ შენი თვალი. არ სცე თაყვანი მათ ღმერთებს, რადგან ხაფანგი იქნება ეს შენთვის.
17. თუ იტყვი გულში: ჩემზე ბევრნი არიან ეს ხალხები, როგორ შევძლებო მათ განდევნას?
18. ნუ შეგეშინდება მათი, გაიხსენე, რა გაუკეთა უფალმა, შენმა ღმერთმა ფარაონს და მთელს ეგვიპტეს-
19. დიდი განსაცდელნი, რომლებიც იხილეს შენმა თვალებმა, ნიშნები და სასწაულები, მაგარი ხელი და შემართული მკლავი, რომლითაც გამოგიყვანა უფალმა, შენმა ღმერთმა. ასე უყოფს უფალი, შენი ღმერთი ყველა ხალხს, რომლისაც გეშინია.
20. კრაზანასაც მიუსევს უფალი, შენი ღმერთი, ვიდრე არ გაანადგურებს ყველას, ვინც გადაგირჩება და დაგემალება.
21. ნუ უფრთხი მათ, რადგან უფალი, შენი ღმერთია, შენს შორის, დიადი და საშინელი ღმერთი.
22. თანდათანობით მოგაშორებს უფალი, შენი ღმერთი ამ ხალხებს. მალე არ უნდა გადააშენო ისინი, რომ არ იმრავლონ შენზე ველის მხეცებმა.
23. დაყრის მათ შენს წინაშე, მაგრად შეარყევს მათ და განადგურდებიან.
24. ხელში ჩაგაგდებინებს მათ მეფეებს და მოსპობ მათ სახენებელს.
25. ცეცხლში დასწვით მათი ღმერთების ქანდაკები, ნუ ისურვებ ვერცხლსა და ოქროს, ზედ რომ აქვთ. ნუ წაიღებ, რომ ხაფანგად არ გექცეს, რადგან სისაძაგლეა ეს უფლის, შენი ღმერთისათვის.
26. არ შეიტანო სისაძაგლე შენს სახლში, რომ შენც მასავით დარისხებული არ გახდე. გეზიზღებოდეს და გძაგდეს, რადგან დარისხებულია იგი.