1. იზრუნეთ ყველა იმ მცნების შესასრულებლად, რომდებიც დღეს გიანდერძეთ, რომ ცოცხლები დარჩეთ, გამრავლდეთ, წახვიდეთ და დაიმკვიდროთ ქვეყანა, რომელიც თქვენს მამა-პაპას აღვუთქვი.
2. გახსოვდეს მთელი ის გზა, რომლითაც მოჰყავდი ეს ორმოცი წელი უფალს, შენს ღმერთს, უდაბნოში, რომ მოეთვინიერებინე, გამოეცადე, რომ სცოდნოდა, რა გიდევს გულში, დაიცავდი თუ არა მის მცნებებს.
3. გათვინიერებდა, გამშევდა და გაჭმევდა მანანას, რომელიც არ იცოდი არც შენ და არც შენმა მამა-პაპამ, რათა მიმხვდარიყავი, რომ მხოლოდ პურით არ ცოცხლობს კაცი, არამედ უფლის პირიდან გამომავალი ყოველი სიტყვით ცოცხლობს კაცი.
4. აგერ ორმოცი წელია, რაც შესამოსელი არ დაგძველებია ტანზე და ფეხები არ დაგსივებია.
5. შეიგნე, როგორც კაცი წვრთნის თავის შვილს, ასევე უფალი, შენი ღმერთია შენი გამწვრთნელი.
6. შეასრულე უფლის, შენი ღმერთის მცნებები, იარე მის გზებზე და მისი გეშინოდეს.
7. რადგან უფალს, შენს ღმერთს, მიჰყავხარ მადლიან ქვეყანაში, ნაკადულთა და წყაროთა ქვეყანაში, სადაც ნიაღვრები მოედინებიან მთად და ბარად,
8. ხორბლისა და ქერის, ყურძნისა და ლეღვის, და ბროწეულის ქვეყანაში, ზეთისხილისა და თაფლის ქვეყანაში,
9. ქვეყანაში, სადაც არ მოგაკლდება საჭმელი პური და არაფერი გაგიჭირდება, ქვეყანაში, რომელსაც რკინა აქვს ქვებად და რომლის მთებიდანაც რვალს გამოკვეთავ.
10. შეჭამ და გაძღები, და დალოცავ უფალს, შენს ღმერთს, იმ მადლიანი მიწისათვის, რომელიც მოგცა.
11. ფრთხილად იყავი, არ დაგავიწყდეს უფალი, შენი ღმერთი, და მისი მცნებები, სამართალი და წესი, რასაც მე გიანდერძებთ დღეს,
12. რომ, როცა შეჭამ და გაძღები, კარგ სახლებს აიშენებ და დაბინავდები,
13. გაგიმრავლდვბა ცხვარ-ძროხა, უხვად გექნება ოქრო-ვერცხლი და ყოველი საქონელი,
14. არ გამედიდურდე და არ დაგავიწყდეს უფალი, შენი ღმერთი, ეგვიპტის ქვეყნიდან, მონობის სახლიდან, შენი გამომყვანი,
15. რომელმაც გამოგატარა დიდი და საშინელი უდაბნო, უნასთა, ჯოჯოთა და მორიელთა ბუდე, ხრიოკები, სადაც წყალი არ არის, მან კი სალი კლდიდან გადმოადინა წყალი.
16. გკვებავდა უდაბნოში მანანით, რაც არ იცოდა თქვენმა მამა-პაპამ, რომ მოეთვინიერებინე, გამოეცადე შენივე სიკეთისთვის სამომავლოდ;
17. რომ არ გეთქვა გულში: ჩემმა ძალამ და მკლავის ღონემ შემძინაო ეს დოვლათი.
18. გახსოვდეს უფალი, შენი ღმერთი, რადგან ის გაძლევს სიმდიდრის შეძენის ძალას, რომ დღევანდელივით შეასრულოს აღთქმა, რომელიც ფიცით დაუდო შენს მამა-პაპას.
19. თუ დაივიწყებ უფალს, შენს ღმერთს, თუ გაჰყვები უცხო ღმერთვბს, თუ შეუდგები მათ სამსახურს და თაყვანისცემას, ცასა და მიწას ვიმოწმებ თქვენს წინაშე, რომ არ აგცდებათ გადაშენება
20. იმ ხალხებივით, რომლებიც გადააშენა უფალმა თქვენს თვალწინ, თქვენც გადაშენდებით იმის გამო, რომ არ შეისმენთ უფლის, თქვენი ღმერთის სიტყვას.