1. შვიდი დღის შემდვგ კი სიზმარი მესიზმრა ღამით:
2. აჰა, ზღვიდან ამოვარდა ქარი, რათა აეღელვებინა მისი ტალღები.
3. ვიხილე: აჰა, ძლიერდება კაცი ცის ათასეულებითურთ და საითკენაც სახეს მიაბრუნებს, ყველაფერი ცახცახებს მისი მზერის ქვეშ.
4. და სადამდისაც წვდება ხმა მისი ბაგიდან, დნება ყველაფერი მისი ხმის გაგონებაზე, როგორც დნება ცვილი, იგრძნობს თუ არა ცეცხლს.
5. ამის შემდეგ ვიხილე: აჰა, იკრიბება კაცთა ურიცხვი სიმრავლე ცის ოთხი ქარიდან, რათა შეებრძოლოს ზღვიდან ამოსულ კაცს.
6. ვიხილე: აჰა, გამოაქანდაკა მან თავისთვის დიდი მთა და აფრინდა მასზე.
7. ხოლო მე ვეცადე დამენახა მხარე ან ადგილი, საიდანაც გამოქანდაკდა მთა, მაგრამ ვერ შევძელი.
8. ამის შემდეგ ვიხილე; აჰა, დიდმა შიშმა მოიცვა ყველა, ვინც მის წინააღმდეგ საბრძოლველად იყო შეკრებილი, თუმცა მაინც ბედავდნენ შებრძოლებას.
9. და, აჰა, როცა დაინახა მან მასზე წამოსული სიმრავლის იერიში, ხელი არ აღუმართავს, შუბი არც ეპყრა და არც სხვა რაიმე საომარი იარაღი; მხოლოდ ის დავინახე,
10. რომ პირიდან ცეცხლის ქროლვა და ბაგეთაგან ალისქარი ამოუშვა და ენიდან ნაპერწკლების ქარიშხალი გამოაფრქვია; ერთმანეთში ირეოდა ცეცხლის ქროლვა, ალისქარი და ძლიერი ქარიშხალი;
11. შეუტია საბრძოლველად გამზადებულთ და გადაბუგა ყველანი; უეცრად გაუჩინარდა ეს აღურაცხელი სიმრავლე, მხოლოდ მტვერი და კვამლის სუნიღა დარჩა. ვიხილე და შიშმა ამიტანა.
12. ამის შემდეგ ვიხილე თავად კაცი, მთიდან ჩამომავალი, თავისკენ მოუხმობდა სხვა სიმრავლეს, მშვიდობიანს.
13. უამრავი ხალხი მოდიოდა მასთან, ზოგი მხიარული, ზოგი დამწუხრებული; ერთნი შებოჭილნი იყვნენ, მეორენი მოჰყავდათ როგორც მსხვერპლი. ცუდად შევიქენი მეტისმეტი შიშისგან, გამომეღვიძა და ვთქვი:
14. შენ თავიდანვე უჩვენებდი შენს მორჩილს ამ სასწაულებს და ღირსი გამხადე, რომ შეგესმინა ჩემი ვედრება.
15. ახლაც მაჩვენე სიზმრის განმარტება.
16. რადგან, როგორც მე ვფიქრობ ჩემი ჭკუით, ვაი მათ, ვინც დატოვებულნი იქნებიან იმ დღეებში, და ათასჯერ ვაი იმათ, ვინც არ არიან დატოვებულნი.
17. რადგან ისინი, ვინც არ არიან დარჩენილნი, მწუხარენი იყვნენ.
18. ახლა მე ვხვდები, რაც არის გამზადებული უკანასკნელი დღეებისათვის, და რა შეემთხვევა მათ და იმათაც, ვინც დარჩენილნი არიან.
19. ამიტომ დიდ განსაცდელს და ბევრ გასაჭირს გაივლიან, რასაც ცხადყოფს ეს სიზმარი.
20. თუმცა უმჯობესია, განსაცდელგამოვლილი მოვიდეს აქამდე, ვიდრე ღრუბელივით გავიდოდეს წუთისოფლიდან, და ახლა განიცადოს, რაც მოელის უკანასკნელ ჟამს. ხოლო მან მიპასუხა და თქვა:
21. ამ ხილვის განმარტებასაც გეტყვი და გაგიმხელ, რაზეც ლაპარაკობდი.
22. ამ დარჩენილებზე რომ ლაპარაკობდი, ასეთი განმარტება აქვს ამ საქმეს.
23. ვინც იმ დროს აიტანს განსაცდელს, ის თავად დაიცავს თავს; ვინც განსაცდელი გამოიარა, მას ღვაწლი აქვს და სწამს ყოვლადძლიერისა.
24. მაშ, იცოდე, მკვდრებზე უფრო ნეტარნი არიან დარჩენილნი.
25. ასეთია ამ ხილვის განმარტეხა: კაცი რომ იხილე, შუაგულ ზღვიდან ამომავალი,
26. ეს ის არის, რომელიც უზენაესმა მრავალი ხნით შემოინახა, რომელიც თვითონ იხსნის თავის ქმნილებას და თავადვე მიუჩენს ადგილს მათ, ვინც დარჩენილი არიან.
27. მისი პირიდან გამომავალი ქარი, ცეცხლი და ქარიშხალი რომ იხილე,
28. რომ არ ეჭირა არც შუბი, არც სხვა რამ საომარი იარაღი, და მაინც რომ შემუსრა მისმა შეტევამ მის წინააღმდეგ საბრძოლველად წარმოსული სიმრავლე, ასეთია მისი განმარტება:
29. აჰა, ახლოვდება დღეები, როცა დაიწყებს უზენაესი მათ გათავისუფლებას, ვინც დედამიწაზე არიან.
30. გონის შეშლა დაეუფლება მათ, ვინც მკვიდრობს დედამიწაზე.
31. აღიძვრებიან საომრად ერთი მეორის წინააღმდეგ: ქალაქი ქალაქის წინააღმდეგ, ადგილი ადგილის წინააღმდეგ, ხალხი ხალხის წინააღმდეგ და სამეფო სამეფოს წინააღმდეგ.
32. ესენი რომ ჩათავდება, გამოჩნდება ნიშნები, ადრე რომ გიჩვენე; მაშინ გამოცხადდება ჩემი ძე, შენ რომ იხილე, როგორც კაცი, ზღვიდან ამომავალი.
33. როცა გაიგონეხს მის ხმას ყოველი ხალხი, შეწყვეტენ თავ-თავის სამფლობელოებში ერთმანეთთან ბრძოლას.
34. და შეიკრიბებიან ერთ უთვალავ სიმრავლედ, თითქოს საომრად აპირებენო წასვლას.
35. თავად ის კი სიონის მთის მწვერვალზე შედგება.
36. ხოლო სიონი მოვა; მოევლინება ყველას გამზადებული და ნაგები, მსგავსად ხელშეუხებლად გამოქანდაკებული მთისა, შენ რომ იხილე.
37. ჩემი ძე თავად მოჰკითხავს შემოკრებულ ხალხებს მათ უკეთურებებს, რასაც ქარიშხლები განასახიერებს, მათი ავი ზრახვებისა და სატანჯველის გამო, რითაც მოელით ტანჯვა,
38. რასაც ალი განასახიერებს და დაღუპავს მათ გაუჭირვებლად რჯულის მეოხებით, რაც ცეცხლით არის განსახიერებული.
39. სხვა მშვიდობიანი სიმრავლის შემომკრებლად რომ იხილე.
40. ესაა ათი ტომი, რომელიც წარტყვევნილ იქნა თავისი ქვეყნიდან მეფე ყუზიას ხანაში, როცა იგი ტყვედ წაიყვანა სალმანასარმა, აშურელთა მეფემ, და გადაიყვანა ისინი მდინარეზე და გადასახლებულ იქნენ სხვა ქვეყანაში.
41. მათ კი ასე გადაწყვიტეს, რომ დაეტოვებინათ ხალხთა სიმრავლე და გასულიყვნენ შორეულ ქვეყანაში, სადაც კაცთა მოდგმას არასოდეს უცხოვრია.
42. რომ იქ დაეცვათ თავიანთი რჯულდებანი, რომელთაც საკუთარ მიწა-წყალზე არ იცავდნენ.
43. მდინარის ვიწრო გასასვლელებით შევიდნენ ევფრატში.
44. მაშინ მისცა მათ ნიშანი უზენაესმა და დააყენა მდინარის დინება, ვიდრე არ გადალახეს იგი.
45. იმ ქვეყნამდე დიდი გზა იყო გასავლელი - ერთი წელი და ნახევარი. ქვეყანას ეწოდება არცარეთი.
46. იქ სახლობდნენ ისინი უკანასკნელ დრომდე; და ახლა, როცა უკან წამოსვლას დააპირებენ,
47. კვლავაც დააყენებს უზენაესი მდინარის დინებას, რათა შეძლონ გადასვლა. ამიტომ იხილე მშვიდობიან ხალხთა სიმრავლე.
48. მაგრამ ისინი, ვინც დარჩენილნი არიან შენი ხალხიდან, ჩემს საზღვრებში იმყოფებიან, რათა გადარჩნენ.
49. როცა დაიწყებს უზენაეზი თავმოყრილ ტომთა სიმრავლის განადგურებას, მაშინ დაიცავს იგი დარჩენილ ხალხს,
50. და მაშინ მრავლად მოუვლენს მათ სასწაულებს.
51. მე ვთქვი: მბრძანებელო, უფალო, ახლა ეს გამიმჟღავნე: რისთვის ვიხილე კაცი, შუაგულ ზღვიდან ამომავალი? მითხრა:
52. როგორც ვერ შესძლებ გამოიკვლიო ან მიხვდე, რა არის ზღვის უფსკრულებში, ასევე ვერავინ შეძლებს იხილოს დედამიწაზე ჩემი ძე, ან ისინი, ვინც მას ახლავან, ვიდრე საამისო დღე არ დადგება.
53. ეს არის განმარტება სიზმარისა, რომელიც იხილე და რისთვისაც მხოლოდ შენა ხარ განათლებული.
54. რადგან დათმე შენეული და ჩემს რჯულს მოუხმე და გამოიძიე იგი.
55. რადგან შენი ცხოვრება სიბრძნით წარმართე და შენს გონებას დედა უწოდე.
56. ამიტომაც გიჩვენე უზენაესის ჯილდო. კიდევ სამი დღის მერე კი სხვას გეტყვი და გაგიცხადებ საგულისხმო და საოცარ ამბებს.
57. წამოვედი და გავსწიე ველად უზენაესის განმადიდებელმა და მაქებელმა იმ საოცრებათა გამო, რასაც ახდენს იგი ჟამიდან ჟამზე,
58. იმის გამო, რომ მართავს იგი თავად დრო-ჟამს და იმასაც, რაც დრო-ჟამში შემოდის, და ვიჯექი იქ სამი დღე.