1. მიპასუხა და თქვა: უზენაესმა ეს წუთისოფელი მრავალთა გულისთვის შექმნა, მომავალი კი - მცირედთა გულისთვის.
2. ერთ იგავს გეტყვი, ეზრა: თუ შეეკითხები მიწას, გეტყვის, რომ უამრავი თიხაა მიწაში ჭურჭლის საკეთებლად, მაგრამ მცირედზე მცირეა მტვერი, საიდანაც ოქრო გამოდის. ასეთია ჩვენი წუთისოფლის საქმეც.
3. ბევრია შექმნილი, მაგრამ მცირედნი გადარჩებიან.
4. ვუპასუხე და ვთქვი: შეისრუტე, სულო, აზრი და შთანთქე, რაც საცოდნელია.
5. მორჩილი უნდა იყო წინასწარმეტყველების მსურველი. სხვა ასპარეზი არ არის მოცემული შენთვის, გარდა ერთი ცხოვრებისა.
6. მიეცი, უფალო, ნება შენს მორჩილთ, რომ ილოცონ შენ წინაშე, ჩაგვიდევი გულში თესლი და გაგვიღივე რომ გამოიღოს ნაყოფი, რომლის წყალობითაც უნდა იცოცხლოს ყოველმა მოკვდავმა, ვინც ადამიანის ხატს ატარებს.
7. შენ ხომ ერთადერთი ხარ და ჩვენც შენს ხელთა ერთი ქმნილება ვართ, როგორც ნათქვამი გაქვს.
8. დედის საშოში ისახება სხეული და შენ ანიჭებ მას ნაკვთებს; ინახება ცეცხლსა და წყალში შენი შექმნილი და ცხრა თვეს უძლებს შენივე გამოსახული საშო შენს ქმნილებას, რომელიც მასში შეიქმნა.
9. თავად ის, რაც ინახავს, და ისიც, რაც ინახება, ორივენი შენახული იქნება; ხოლო შენახულს ოდესმე ხელახლა მიიღებს საშო, ყველაფერს, რაც მასში აღორძინდა.
10. შენ ბრძანე, რომ თავად სხეულის ნაკვთთაგან, ანუ ძუძუთაგან, მოგვეცეს, რძე ძუძუთა ნაყოფი.
11. რათა იკვებებოდეს ერთხანს, რაც გამოსახულია, შემდეგ კი შენს გულმოწყალებას მიანდობ მას.
12. შენ აღზარდე იგი შენი სამართლით, მოძღვრავდი მას შენი რჯულით და არცხვენდი შენი სიბრძნით.
13. შენ მოაკვდინებ მას, რადგან შენი ქმნილებაა, და შენ გააცოცხლებ მას, რადგან შენია.
14. თუკი დაღუპავ ამდენი შრომით გამოსახულს, ადვილი იქნებოდა შენი ბრძანებითვე გადარჩენილიყო შენი ქმნილება.
15. ახლა კი ვიტყვი, უფალო, მთელ კაცთა მოდგმაზე, რომელიც შენ უკეთ უწყი, შენს ხალხზე, რომლის გამო ვიტანჯები.
16. შენს წილხვედრილზე, რომელსაც ვგლოვობ, ისრაელზე, რომლის გამო შეჭირვებული ვარ, იაკობზე, რომლის გამო ვიტანჯები;
17. ამიტომ ვიწყებ ლოცვას შენს წინაშე ჩემთვის და მათთვის, რადგან ვხედავ ცოდვებს ჩვენსას, ვინც მიწაზე ვსახლობთ.
18. მაგრამ გავიგე სიჩქარე მსაჯულისა, რომელიც მოდის.
19. ამიტომ ისმინე ჩემი ხმა და გაიგე ჩემი სიტყვა, და ვილაპარაკებ შენს წინაშე.
20. ეზრას სიტყვათა დასაწყისი, ვიდრე წაიყვანდნენ. ვთქვი: უფალო, რომელიც მკვიდრობ საუკუნოდ, რომლის თვალები მაღლისკენაა მიმართული,
21. რომლის ტახტიც ფასდაუდებელია და დიდება მიუწვდომელი, ვისაც ანგელოზთა ლაშქარი ახლავს ზარდამცემი,
22. და ქარისა და ცეცხლის სახით ემსახურება, რომლის სიტყვა ჭეშმარიტია და ნათქვამი გარდაუვალი,
23. რომლის ბრძანება მტკიცეა და განკარგულება საშინელი, რომლის მზერა უფსკრულებს აშრობს და რისხვა მთებს ადნობს, და რომლის ჭეშმარიტება დამოწმებულია.
24. ისმინე ლოცვა შენი მორჩილისა და ყურადიღე ვედრება შენი ქმნილებისა.
25. ვიდრე ცოცხალი ვარ, ვილაპარაკებ, და ვიდრე გაგების უნარი შემრჩენია, გიპასუხებ.
26. ნუ შეხედავ შენი ხალხის შეცოდებებს, არამედ იმათ მოხედე, ვინც ჭეშმარიტებით გემსახურებოდა.
27. ნუ უყურებ ხალხთა უღვთო საქციელს, არამედ იმათ უყურე, ვინც ტანჯვა-წამებით იცავდნენ შენს აღთქმებს.
28. ნუ ფიქრობ მათზე, ვინც უკუღმართად იქცეოდა შენს თვალწინ, არამედ ისინი გახსოვდეს, ვინც ნებით აღიარეს შენი შიში.
29. ნუ მოისურვებ იმათ დაღუპვას, ვისაც პირუტყვის ზნე სჭირდათ; არამედ მოხედე იმათ, ვინც შენი დიდებული რჯული შეისწავლა.
30. ნუ აღგაშფოთებს ისინი, ვინც მხეცებზე უარესად ჩანან, არამედ ისინი შეიყვარე, ვისაც მუდამ სწამს შენი სამართალი და შენი დიდება.
31. რადგან ჩვენცა და ჩვენი მამა-პაპაც ამგვარი სენით ვართ დაუძლურებულნი; შენ კი ჩვენ ცოდვილთა გამო გულმოწყალედ იწოდები.
32. თუ შენ მოისურვე ჩვენი შეწყალება, ვისაც სამართლიანი საქმეები არ ჩაგვიდენია, მაშინ გულმოწყალედ მოიხსენები.
33. რადგან მართალნი, რომელთაც მრავალი საქმე აქვთ ჩადენილი, საკუთარ საქმეთათვის მიიღებენ საზღაურს.
34. მაგრამ რა არის კაცი, რომ აღშფოთდე მასზე? ან ხრწნადი მოდგმა, რომ ესოდენ გამწარდე მისგან?
35. სინამდვილეში არავინაა შობილთაგან ისეთი, ვინც უკეთურად არ მოქცეულიყოს, მორწმუნეთაგან ისეთი, ვისაც არ შეეცოდოს.
36. ამით გაცხადდება შენი სამართალი და შენი სიკეთე, უფალო, თუ მოწყალე იქნები მათ მიმართ, რომელთაც არა აქვთ კეთილ საქმეთა მარაგი.
37. მიპასუხა და თქვა: სწორად ამბობ ზოგ რამეს და შენი სიტყვები გამართლდება კიდეც.
38. რადგან ნამდვილად არ ვიფიქრებ იმათ ნასახზე, რომელთაც შესცოდეს სიკვდილამდე, სამსჯავრომდე, დაღუპვამდე;
39. არამედ გავიხარებ მართალთა შექმნით და გავიხსენებ მათ მწირობასაც, მათ ხსნას და საზღაურს.
40. როგორც ვთქვი, ისე იქნება.
41. როგორც მიწისმუშაკი თესავს თესლს მრავლად მიწაზე და აშენებს უამრავ ნარგავებს, მაგრამ რაც დათესილია, ყველა როდი გადარჩება, და რაც დარგულია, ყველა როდი მოიკიდებს ფესვს; ასევე ისინი, ვინც ამ წუთისოფელში არიან დათესილნი, ყველანი როდი გადარჩებიან.
42. ვუპასუხე და ვთქვი: თუ ვპოვე მადლი, ვილაპარაკებ.
43. როგორც მიწისმუშაკის დათესილი თესლი იღუპება, თუ არ აღმოცენდა, ან თუ დროულად არ მიიღო წვიმა, ან თუ ბევრი წვიმისაგან დალპა,
44. ასევეა ადამიანიც, რომელიც შენი ხელით არის გამოსახული და შენს ხატად იწოდება, რადგან შენი მსგავსია იგი, ვისთვისაც შექმენი ყოველივე და მიწისმუშაკის თესლს მიამსგავსე.
45. ნუ განრისხდები ჩვენზე, არამედ დაინდე შენი ხალხი და შეიწყალე შენი მემკვიდრეობა; რადგან შენი ქმნილებების შემწყალე ხარ.
46. მიპასუხა და თქვა: ყველაფერი, რაც აწმყოშია, აწმყოთათვის არის, და რაც მყოფადშია, მყოფადთათვის არის.
47. რადგან ბევრი რამ გაკლია იმისათვის, რომ ჩემზე მეტად შეიყვარო ჩემი ქმნილება; მე ხშირად მოვსულვარ ახლოს შენთან, უსამართლოებთან კი - არასდროს.
48. მაგრამ ამითაც საოცარი ხარ უზენაესის წინაშე,
49. რადგან დაიმდაბლე თავი, როგორც შეგეფერება, და არ მოითხოვე, მართალთა შორის მეტად განდიდებულიყავი.
50. რადგან ბევრი მწუხარება შეხვდებათ წუთისოფლის მკვიდრთ უკანასკნელ დროს იმის გამო, რომ მეტისმეტად ამპარტავნულად დადიოდნენ.
51. შენ კი შენს თავზე იფიქრე და შენს მსგავსთათვის ეძებე დიდება.
52. თქვენთვის ღიაა სამოთხის კარი, დარგულია სიცოცხლის ხე, გამზადებულია მომავალი ჟამი, გამზადებულია სიუხვე, აგებულია ქალაქი, მონიჭებულია შვება, სრულქმნილია სიკეთე და სრულქმნილია სიბრძნე.
53. ბოროტების ძირი დაბეჭდილია თქვენთვის, სენი და მატლი დაფარულია თქვენგან და ხრწნილება ქვესკნელში გადაიხვეწა დასავიწყებლად.
54. გაივლის სატანჯველი და ბოლოს გამოჩნდება უკვდავების საუნჯე.
55. ამიტომ ნუღარაფერს მკითხავ იმათ სიმრავლეზე, ვინც იღუპებიან,
56. რადგან მათაც მიიღეს თავისუფლება, მაგრამ მოიძულეს უზენაესი, არად ჩააგდეს მისი რჯული და მისი გზები მიატოვეს.
57. აქამდე ფეხით თელავენ მის მართალ ხალხს
58. და ამბობენ გულში: არ არსებობსო ღმერთი, თუმცა იცოდნენ, რომ მოკვდებოდნენ.
59. როგორც თქვენ მოგელით ის, რაც წინასწარ ითქვა, ასევე გამზადებულია მათთვის წყურვილი და წამება. უზენაესს არ სურს ადამიანის განადგურება,
60. მაგრამ თავად მისმა ქმნილებებმა წაბილწეს თავიანთი შემოქმედის სახელი, უმადურად მოექცნენ მას, ვინც სცოცხლე განამზადა მათთვის.
61. ამიტომაც ახლოვდება ჩემი სამსჯავრო.
62. არ გამიმჟღავნებია ეს ბევრისათვის, მხოლოდ შენ გაგიმჟღავნე და მცირეოდენთ, შენნაირებს. ვუპასუხე და ვთქვი;
63. აჰა, გამიმჟღავნე ახლა, უფალო, იმის ნიშნები, რის ქმნასაც აპირებ უკანასკნელ ჟამს, ოღონდ არ გამიმჟღავნო, როდის.