1. მეფე სოლომონს უყვარდა ბევრი უცხოელი ქალი: ფარაონის ასული, მოაბელები, ყამონელები, ედომელები, ციდონელები და ხეთელები,
2. იმ მოდგმის ხალხთა ქალები, რომელთა გამო ნაბრძანები ჰქონდა უფალს ისრაელიანთათვის, ნუ შეხვალთ მათთან და ნურც ისინი შემოვლენ თქვენთან, თორემ უეჭველად მიდრეკენო თქვენს გულებს თავიანთი ღმერთებისკენ. მათ მიეწება სოლომონი სიყვარულით.
3. ჰყავდა შვიდასი ცოლი დედოფლად და სამასი ხარჭად. და მიდრიკეს მისი გული ცოლებმა.
4. სიბერის ხანს მიდრიკეს სოლომონის გული მისმა ცოლებმა უცხო ღმერთებისკენ. ისე წრფელი არ იყო მისი გული უფლისადმი, როგორც დავითის, მამამისის გული.
5. დადიოდა სოლომონი ციდონელთა ღმერთის - აშთორეთის და ყამონელთა სიბილწის, მილქომის კვალზე.
6. უკეთურებას სჩადიოდა სოლომონი უფლის თვალში და ისე არ ერთგულებდა უფალს, როგორც მამამისი დავითი.
7. მაშინ აუგო სოლომონმა სამსხვერპლო ქამოშს, მოაბის საბილწეს, მთაზე, იერუსალიმის პირდაპირ, და მოლოქს, ყამონიანთა სიბილწეს.
8. ასევე მოიქცა თავის ყველა უცხოელ ცოლის გულისთვის, რომელნიც უკმევდნენ და მსხვერპლს სწირავდნენ თავ-თავის ღმერთებს.
9. განურისხდა უფალი სოლომონს, რადგან გული აიცრუა მან უფალზე, ისრაელის ღმერთზე, რომელიც ორჯერ გამოეცხადა მას,
10. და უბრძანა, არ დასდგომოდა უცხო ღმერთების კვალს. მაგრამ არ შეასრულა მან უფლის ბრძანება.
11. უთხრა უფალმა სოლომონს: იმის გამო, რომ ასე იქცევი, არ ასრულებ ჩემს აღთქმას და წესებს, რომლებიც დამიწესებია შენთვის, გამოგგლეჯ სამეფოს და მივცემ შენს მორჩილს.
12. ოღონდ შენს სიცოცხლეში არ გავაკეთებ ამას მამაშენის, დავითის გულისთვის. შენს შვილს კი გამოვგლეჯ ხელიდან.
13. მაგრამ მთელს სამეფოს არ გამოვგლეჯ; ერთ შტოს შენს შვილს დავუტოვებ დავითის, ჩემი მორჩილის გულისთვის და იერუსალიმის გულისთვის, რომელიც მე ავირჩიე.
14. გაუჩინა უფალმა მტერი სოლომონს: ედომელი ჰადადი, ედომის მეფეთა შთამომავალი.
15. ედომში დავითის ყოფნისას, როცა მხედართმთავარი იოაბი ამოვიდა დახოცილთა დასამარხავად და ერთიანად გაწყვიტა მამაკაცები ედომში
16. (რადგან ექვს თვეს დარჩნენ იქ იოაბი და ისრაელიანები, ვიდრე არ მოსპეს მამაკაცის სახსენებელი ედომში),
17. გაიქცა ეს ჰადადი ედომელებთან, მამამისის მორჩილებთან ერთად, რომ ეგვიპტეში მისულიყვნენ. პატარა ბიჭი იყო მაშინ ჰადადი.
18. აიყარნენ მიდიანიდან და მოვიდნენ ფარანს; წაიყვანეს ფარანიდან ხალხი და მოვიდნენ ფარაონთან, ეგვიპტის მეფესთან. მისცა სახლი, სარჩოც დაუნიშნა და მიწაც მისცა.
19. პოვა მადლი ჰადადმა ფარაონის თვალში და მიათხოვა ცოლად თავისი ცოლისდა, დედოფალ თახფენესის და.
20. უშვა მას თახფენესის დამ ვაჟი, გენუბათი. გაზარდა ბავშვი თახფენესმა ფარაონის სახლში და ცხოვრობდა გენუბათი ფარაონის სახლში ფარაონის შვილებთან ერთად.
21. როცა მიუვიდა ამბავი ეგვიპტეში ჰადადს, რომ განისვენა დავითმა თავის მამა-პაპასთან, და რომ მოკვდა მხედართმთავარი იოაბი, უთხრა ჰადადმა ფარაონს: გამიშვი, ჩემს ქვეყანაში წავალო.
22. უთხრა ფარაონმა: რა გაკლია ჩემთან, შენს ქვეყანაში რომ განიზრახე წასვლა? მიუგო: არაფერი, მაგრამ მაინც გამიშვი.
23. კიდევ გაუჩინა მას ღმერთმა მტერი, რეზონი, ელიადაყის ძე, რომელიც გაექცა ჰადადყეზერს, ცობის მეფეს, თავის პატრონს,
24. შემოიკრიბა ხალხი და შეიქნა ურდოს მეთაური. ჟლეტდა მათ დავითი და გაიქცნენ ისინი დამასკოში, დასახლდნენ იქ და დაეპატრონენ დამასკოს.
25 . ისრაელის მტერი იყო ის სოლომონის სიცოცხლეში; იმ ხანად, როცა ჰადადი მტრობდა, მასაც შეძულებული ჰყავდა ისრაელი. არამელებზე გამეფდა იგი.
26. იერობოამ ნაბატის ძემაც, ეფრათელმა, ცარედიდან, სოლომონის მორჩილმა, რომლის დედა იყო ცერუყა, ქვრივი ქალი, აღმართა ხელი მეფეზე.
27. აი, რის გამო მოხდა, ხელი რომ აღმართა მან მეფე სოლომონზე: მილოს აშენებდა სოლომონი; დანგრეულს აღადგენდა მამამისის, დავითის ქალაქში.
28. მამაცი კაცი იყო იერობოამი. დაინახა სოლომონმა, რომ ვარგოდა საქმეში ეს ყმაწვილი და ჩააბარა მას იოსების სახლიდან გამოყვანილი ბეგარის ხალხი.
29. ისე მოხდა იმხანად, რომ გასული იყო იერუსალიმიდან იერობოამი და შემოხვდა გზად სილოამელი წინასწარმეტყველი ახია, რომელსაც ახალი მოსასხამი ესხა. ამ ორის მეტი არავინ იყო მინდვრად.
30. აიღო ახიამ ახალი მოსასხამი, მოსხმული რომ ჰქონდა, და თორმეტ ნაჭრად დაგლიჯა.
31. უთხრა იერობოამს: აიღე შენთვის ათი ნაგლეჯი, რადგან ასე ბრძანა უფალმა, ისრაელის ღმერთმა: გამოვგლეჯ სამეფოს სოლომონს ხელიდან და შენ მოგცემო ათ შტოს.
32. ერთი შტო მას დარჩება ჩემი მორჩილის, დავითის გულისთვის და იერუსალიმის გულისთვის, ქალაქისა, რომელიც ავირჩიე მე ისრაელის ყველა შტოდან.
33. ის იმიტომ, რომ დამივიწყეს და თაყვანს სცემენ აშთორეთს, ფინიკიელთა ღმერთს, ქამოშს, მოაბის ღმერთს და მილქომს, ყამონიანთა ღმერთს. არ იარეს ჩემს გზაზე, რომ სიმართლე ექმნათ ჩემ თვალში, დაეცვათ ჩემი წესი და სამართალი, როგორც მამამისი დავითი იცავდა.
34. არ გამოვგლეჯ ხელიდან მთელს სამეფოს, რადგან მთავრად დამიდგენია იგი მთელი მისი სიცოცხლის მანძილზე, ჩემი მორჩილის, დავითის გულისთვის, რომელიც მე ავირჩიე და რომელიც იცავდა ჩემს მცნებებს და წესებს.
35. მის შვილს გამოვგლეჯ ხელიდან სამეფოს და შენ მოგცემ ათ შტოს.
36. ხოლო მის შვილს ერთ შტოს მივცემ, რომ სამუდამოდ დაურჩეს ლამპარი დავითს, ჩემს წინაშე იერუსალიმში, ქალაქში, რომელიც ჩემთვის ავირჩიე ჩემი სახელის იქ დასავანებლად.
37. ახლა შენ ამყავხარ, რომ იმეფო ყველაფერზე, რასაც შენი სული მოისურვებს და რომ ისრაელის მეფე გახდე.
38. თუ შეისმენ ყველაფერს, რაც მე გიბრძანე და ივლი ჩემს გზაზე, თუ გააკეთებ ჩემს მოსაწონს, დაიცავ ჩემს წესებს და მცნებებს, როგორც ჩემი მორჩილი დავითი აკეთებდა, მაშინ შენთან ვიქნები, აგიშენებ მტკიცე სახლს, როგორც დავითს ავუშენე და მოგცემ ისრაელს.
39. მოვთრგუნავ ამის გულისთვის დავითის მონაგარს, ოღონდ არა სამუდამოდ.
40. ეწადა სოლომონს იერობოამის მოკვლა, მაგრამ ადგა და გაიქცა იერობოამი ეგვიპტეში შიშაკთან, ეგვიპტის მეფესთან, და იქ დარჩა სოლომონის სიკვდილამდე.
41. სოლომონის დანარჩენი საქმეები, ყველაფერი, რაც მან გააკეთა, და მისი სიბრძნის ამბავი სოლომონის საქმეთა წიგნშია ჩაწერილი.
42. ხანი სოლომონის მეფობისა იერუსალიმში მთელს ისრაელზე იყო ორმოცი წელი.
43. განისვენა სოლომონმა თავის მამა-პაპასთან და დამარხეს დავითის, მამამისის ქალაქში, და გამეფდა მის ნაცვლად მისი ძე რობოამი.