1. წავიდა შექემში რობოამი, რადგან შექემში იყო მისული მთელი ისრაელი მის გასამეფებლად.
2. ეს ამბავი იერობოამ ნაბატის ძემ ჯერ კიდევ ეგვიპტეში ყოფნისას შეიტყო, სადაც სოლომონ მეფისგან იყო გაქცეული; მას შემდეგ ეგვიპტეში ცხოვრობდა იერობოამი.
3. შეუთვალეს და დაიბარეს იგი. მოვიდნენ იერობოამი და ისრაელის მთელი კრებული და ასე უთხრეს რობოამს.
4. უღელი დაგვიმძიმა მამაშენმა; ახლა შეგვიმსუბუქე ეს ძნელი სამსახური და მძიმე უღელი, მამაშენმა რომ დაგვაკისრა, და გემსახურებით.
5. მიუგო მათ: წადით და სამი დღის მერე მოდით ჩემთან. წავიდა ხალხი.
6. რჩევა ჰკითხა მეფე რობოამმა უხუცესებს, რომელნიც მამამისს, სოლომონს, ახლდნენ მის სიცოცხლეში, და უთხრა: როგორ მირჩევთ, რა პასუხი გავცე ამ ხალხს?
7. ასე უთხრეს: თუ დღეს მაგ ხალხის მორჩილი იქნები, დაემორჩილები და დააკმაყოფილებ მათ, კარგ სიტყვებს ეტყვი, მაშინ შენი მორჩილნი იქნებიან სამუდამოდ.
8. არ დაუგდო ყური უხუცესების რჩევას, რაც ურჩიეს, და ჰკითხა რჩევა მოყმეებს, რომელნიც მასთან შეზრდილნი იყვნენ და გარს ეხვივნენ.
9. უთხრა მათ: რას მირჩევთ, რა ვუპასუხო მაგ ხალხს, რომ მეუბნებიან, შეგვიმსუბუქეო მამაშენის დაკისრებული უღელი?
10. ელაპარაკნენ მოყმენი, მასთან რომ იყვნენ შეზრდილნი, და ურჩიეს: ასე უთხარი იმ ხალხს, რომელიც გეუბნება, უღელი დაგვიმძიმა მამაშენმა და ახლა შენ უნდა შეგვიმსუბუქოო, ასე უთხარი მათ: მამაჩემის წელზე მსხვილია-თქო ჩემი ნეკათითი.
11. ხომ დაგადგათ მამაჩემმა მძიმე უღელი, მე კიდევ უფრო დაგიმძიმებთ უღელს! ხომ გსჯიდათ შოლტებით მამაჩემი, მე მორიელებით დაგსჯით!
12. მოვიდნენ იერობოამი და მთელი ხალხი მესამე დღეს რობოამთან, როგორც ნაბრძანები ჰქონდა მეფეს, სამი დღის შემდეგ მოდით ჩემთან.
13. მკაცრად უპასუხა მეფემ ხალხს, ყური არ ათხოვა უხუცესთა რჩევას, რაც ურჩიეს.
14. მოყმეთა რჩევის თანახმად ელაპარაკა და უთხრა მათ: ხომ დაგიმძიმათ მამაჩემმა უღელი, მე კიდევ უარესად დაგიმძიმებთ უღელს! ხომ შოლტებით გსჯიდათ მამაჩემი, მე მორიელებით დაგსჯით!
15. არ შეიწყნარა მეფემ ხალხის სათხოვარი, რადგან ასეთი იყო უფლის ნება, რათა აღსრულებულიყო მისი სიტყვა, რაც ნათქვამი ჰქონდა იერობოამ ნაბატის ძისთვის ახია სილოამელის პირით.
16. როცა დაინახა მთელმა ისრაელმა, რომ არ უსმინა მათ მეფემ, მაშინ სიტყვა შეუბრუნა ხალხმა მეფეს და უთხრა: რა წილი გვიდევს დავითში? რა მემკვიდრეობა გვაქვს იესეს ძისგან? შენ-შენი კარვებისკენ, ისრაელო! ახლა შენ მიხედე შენს სახელს, დავით! და თავთავის კარვებში წავიდ-წამოვიდა ისრაელი.
17. მხოლოდ იუდას ქალაქებში მცხოვრებ ისრაელიანებზე შერჩა მეფობა რობოამს.
18. გაგზავნა მეფე რობოამმა ადორამი, ხარკის ამკრეფი, მაგრამ ქვებით ჩაქოლა ხალხმა, და მოკვდა იგი. მაშინ სასწრაფოდ ახდა ეტლზე მეფე რობოამი და იერუსალიმში გაიქცა.
19. განუდგა ისრაელი დავითის სახლს და ასეა ეს დღემდე.
20. როცა შეიტყო მთელმა ისრაელმა, რომ დაბრუნდა იერობოამი, დაიბარეს საკრებულოში და გაამეფეს მთელს ისრაელზე. ერთადერთი იუდას შტო იყო, რომ შერჩა დავითის სახლს.
21. მივიდა რობოამი იერუსალიმში და შეკრიბა იუდას მთელი სახლი და ბენიამინის შტო - ასოთხმოცი ათასი რჩეული მეომარი, რათა შებრძოლებოდნენ ისრაელის სახლს და დაებრუნებინათ მეფობა რობოამ სოლომონის ძისთვის.
22. გამოეცხადა ღვთის სიტყვა შემაყიას, ღვთისკაცს:
23. ასე უთხარი რობოამ სოლომონის ძეს, იუდას მეფეს, იუდასა და ბენიამინის. მთელს სახლს და დანარჩენ ხალხს;
24. ასე ამბობს-თქო უფალი: ნუ გახვალთ საბრძოლველად თქვენს ძმებთან, ისრაელიანებთან! თავ-თავის სახლში გაბრუნდეს ყველა, რადგან ჩემი ნებით მოხდა ეს ამბავი. ირწმუნეს უფლის სიტყვა და უფლის სიტყვისამებრ გაბრუნდნენ უკან.
25. ააშენა იერობოამმა შექემი ეფრემის მთაზე და იქ დასახლდა. მერე წავიდა იქიდან და ფენუელი ააშენა.
26. ამბობდა თავის გულში იერობოამი: კვლავ დაუბრუნდებაო მეფობა დავითის სახლს.
27. თუ ამ ხალხმა მსხვერპლის შესაწირად უფლის სახლში, იერუსალიმში, დაიწყო სიარული, გული მოუბრუნდება ამ ხალხს თავისი ბატონის, რობოამისკენ, იუდას მეფისკენ, მე მომკლავენ და რობოამთან, იუდას მეფესთან დაბრუნდებიანო.
28. ითათბირა მეფემ და გააკეთა ორი ოქროს ხბო და უთხრა ხალხს: გეყოფათ იერუსალიმში სიარული. აჰა, შენი ღმერთები, ისრაელო, რომელთაც ეგვიპტიდან გამოგიყვანეს.
29. ერთი ხბო ბეთელში დადგა, მეორე დანში გაგზავნა.
30. ეს იყო ცოდვის დასაბამი. დაიწყო ხალხმა სიარული ხბოების თაყვანისსაცემად თვით დანამდე.
31. ააშენა გორაკის სახლი და განაწესა მღვდლები იმ ხალხიდან, რომელიც ლევის შტოს არ ეკუთვნოდა.
32. დააწესა იერობოამმა დღესასწაული მერვე თვეს, თვის მეთხუთმეტე დღეს, იმ დღესასწაულის მსგავსი, იუდაში რომ იმართებოდა, და მსხვერპლი აღავლინა სამსხვერპლოზე. ასევე ჰქონდა მოწყობილი ბეთელში, რომ მსხვერპლი შეეწირათ ხბოებისთვის, რომლებიც გააკეთა; დაუდგინა ბეთელში მღვდლები გორაკებს, რომლებიც აღმართა.
33. ავიდა თავის აგებულ სამსხვერპლოზე მერვე თვის მეთხუთმეტე დღეს, იმ თვეში, რომელიც თავისი ნებით ამოარჩია; დაუწესა დღესასწაული ისრაელიანებს და ავიდა სამსხვერპლოზე საკმევლის საკმევად.