1. ამ დროს ავად გახდა იერობოამის ძე, აბია.
2. უთხრა ცოლს იერობოამმა: ადექი და გადაიცვი, რომ ვერ გიცნონ, იერობოამის ცოლი რომ ხარ, და წადი სილოამს. იქ არის ახია, წინასწარმეტყველი; მან მითხრა, ამ ერის მეფე გახდებიო.
3. ხელში აიღე ათი პური, ნამცხვრები, ერთი ქილა თაფლი, მიდი მასთან და ის გეტყვის, რა დაემართება ბავშვს.
4. ასეც მოიქცა იერობოამის ცოლი. ადგა და წავიდა სილოამს, და მივიდა ახიას სახლში. მაგრამ ვეღარ ხედავდა ახია, რადგან სიბერის გამო თვალის ჩინი წართმეოდა.
5. უფალმა უთხრა ახიას: აჰა, იერობოამის ცოლი მოდის შენთან, ავადმყოფი ბავშვის ამბავი რომ გკითხოს, ასე და ასე ელაპარაკე. როცა მოვა, გადაცმული იქნება.
6. როცა გაიგონა ახიამ კართან მომდგარი ქალის ფეხის ხმა, დაიძახა: შემოდი, იერობოამის ცოლო! რისთვის გადაგიცვამს. მძიმე ამბავი უნდა გამცნო.
7. წადი, უთხარი იერობოამს, ასე ამბობს-თქო უფალი, ისრაელის ღმერთი: მე აღგაზევე შენ ამ ერში და ისრაელის ერისმთავრად დაგადგინე.
8. მე გამოვგლიჯე დავითის სახლს მეფობა და შენ მოგეცი, თუმცა არ გავხარ ჩემს მორჩილს დავითს, რომელიც იცავდა ჩემს მცნებებს, მთელი გულით მომყვებოდა უკან და მხოლოდ სიმართლეს სჩადიოდა ჩემს თვალში.
9. შენ ყველა მათგანზე უარესად მოიქეცი, ვინც კი შენამდე ყოფილა; წახვედი და უცხო ღმერთები და კერპები გაიჩინე ჩემს განსარისხებლად. თავად მე ზურგს უკან მომისროლე.
10. ამიტომ, აჰა, უბედურებას დავატეხ იერობოამის სახლს და ამოვძირკვავ ყველას, ვინც კი კედელთან მშარდავი ჰყავს იერობოამს, ყმასა და აზატს ისრაელში; გავხვეტავ იერობოამის სახლს, როგორც პირწმინდად გახვეტენ ხოლმე ნაგავს.
11. ვინც ქალაქში მოუკვდება იერობოამს, იმას ძაღლები შეჭამენ, ვინც გარეთ მოკვდება, ცის ფრინველები დაჯიჯგნიან. რადგან ასე ბრძანა უფალმა.
12. ახლა ადექი და შენს სახლში წადი, ქალაქში შეადგამ თუ არა ფეხს, მოკვდება ბავშვი.
13. დაიტირებს მთელი ისრაელი და დამარხავენ; ეგ ერთადერთი ჩაუვა იერობოამს საფლავში, რადგან იერობოამის მთელი სახლიდან მხოლოდ მასში აღმოჩნდა სიკეთე უფლის, ისრაელის ღმერთის წინაშე.
14. უფალი დაადგენს თავის მეფეს ისრაელზე, რომელიც მოსპობს იერობოამის სახლს იმ დღეს, და რატომ ახლავე არა?
15. დალახვრავს უფალი ისრაელს და დაემსგავსება იგი წყალზე მოქანავე ლერწამს, აღმოფხვრის ისრაელს ამ დალოცვილი მიწიდან, რომელიც მათ მამა-პაპას მისცა, და მდინარის გაღმა გადარეკავს, რადგან აშერები გაიჩინეს უფლის გასარისხებლად.
16. გასწირავს ისრაელს იერობოამის გამო, თავადაც რომ სცოდა და ისრაელიც რომ შეიყვანა ცოდვაში.
17. ადგა იერობოამის ცოლი და წავიდა. მივიდა თირცაში და ვიდრე ზღურბლს გადააბიჯებდა, მოკვდა ყმაწვილი.
18. დამარხეს და დაიტირა იგი მთელმა ისრაელმა, როგორც ნათქვამი ჰქონდა უფალს ახია წინასწარმეტყველის პირით.
19. იერობოამის დანარჩენი საქმენი, როგორ იბრძოდა იგი და როგორ გამეფდა, ისრაელის მეფეთა მატიანეშია ჩაწერილი.
20. ხანი იერობოამის მეფობისა იყო ოცდაორი წელი. განისვენა მან თავის მამა-პაპასთან და მის ნაცვლად მისი ძე, ნადაბი გამეფდა.
21. ხოლო სოლომონის ძე რობოამი იუდაში მეფობდა. ორმოცდაერთი წლისა იყო რობოამი, როცა გამეფდა და ჩვიდმეტ წელს მეფობდა იერუსალიმში, იმ ქალაქში, რომელიც ისრაელის ყველა შტოდან ამოირჩია უფალმა თავისი სახელის დასამკვიდრებლად. მისი დედა იყო ნაყამა, ყამონელი ქალი.
22. ბოროტად იქცეოდა იუდა უფლის თვალში და თავიანთ მამა-პაპას გადაამეტეს ცოდვებში, რითაც გულისწყრომით ავსებდნენ უფალს.
23. მათაც გაიშენეს გორაკები, სვეტები და აშერები ყველა მაღალ ბორცვზე და ხემხვივანის ქვეშ.
24. როსკიპნიც იყვნენ ქვეყანაში, სჩადიოდნენ იმ ხალხების ყოველგვარ სიბილწეს, რომელნიც აყარა უფალმა ისრაელიანებისგან.
25. რობოამის მეფობის მეხუთე წელს დაესხა შიშაკი, ეგვიპტის მეფე, იერუსალიმს.
26. წაიღო უფლის სახლისა და სამეფო სახლის განძეულობა, ყველაფერი წაიღო; წაიღო ოქროს ფარებიც, სოლომონმა რომ გააკეთა.
27. დაამზადა მეფე რობოამმა მათ ნაცვლად სპილენძის ფარები და ჩააბარა ისინი მალემსრბოლთა უფროსებს, რომელნიც სამეფო სახლის შესასვლელს დარაჯობდნენ.
28. ყოველთვის, როცა მეფე უფლის სახლში შედიოდა, მალემსრბოლებს მოჰქონდათ ისინი, და მერე ისევ აბრუნებდნენ მალემსრბოლელთა ოთახში.
29. რობოამის დანარჩენი საქმენი, ყველაფერი რაც გააკეთა, იუდას მეფეთა მატიანეშია ჩაწერილი.
30. გამუდმებული ომი იყო რობოამსა და იერობოამს შორის.
31. განისვენა რობოამმა თავის მამა-პაპასთან და დაიმარხა თავისი მამა-პაპის გვერდით დავითის ქალაქში, დედამისი იყო ნაყამა, ამონელი ქალი. მის ნაცვლად მისი ძე აბიამი გამეფდა.