1. დაუმოყვრდა სოლომონი ფარაონს, ეგვიპტის მეფეს და მოიყვანა ფარაონის ასული დავითის ქალაქში, ვიდრე დაასრულებდა თავის სახლს, უფლის სახლს და ზღუდეს იერუსალიმის გარშემო.
2. ოღონდ ჯერ კიდევ ბორცვებზე სწირავდა ხალხი მსხვერპლს, რადგან საიმდროოდ ჯერ კიდევ არ იყო აშენებული სახლი უფლის სახელზე.
3. შეიყვარა სოლომონმა უფალი, და მამამისის, დავითის წესზე დადიოდა, ოღონდ გორაკებზე სწირავდა მსხვერპლს და აკმევდა საკმეველს.
4. წავიდა მეფე გაბაონს, რათა მსხვერპლი შეეწირა იქ, რადგან იქ იყო მთავარი გორაკი. ათასი სული აღსავლენი შესწირა მეფემ ამ სამსხვერპლოზე.
5. გამოეცხადა გაბაონში უფალი სოლომონს სიზმრად ღამით და უთხრა ღმერთმა: მთხოვე, რა გინდა, რომ მოგცე.
6. უთხრა სოლომონმა: დიდად სწყალობდი შენს მორჩილს, მამაჩემს დავითს, რადგან ჭეშმარიტებით, სიმართლით და შენდამი წრფელი გულით დადიოდა იგი შენს წინაშე; შეუნარჩუნე კიდეც ეს დიდი წყალობა და მიეცი ვაჟი, რომელიც ზის დღეს მის ტახტზე.
7. ახლა, უფალო, ღმერთო ჩემო, შენ გაამეფე მამაჩემის, დავითის ნაცვლად შენი მორჩილი, თუმცა უასაკო ყმაწვილი ვარ და არ ვიცი გამოსვლა და შესვლა.
8. შენს რჩეულ ხალხშია შენი მორჩილი, მრავალრიცხოვან ხალხში, რომელიც არ დაითვლება და არც აღირიცხება სიმრავლის გამო.
9. მიანიჭე შენს მორჩილს გამგები გული, რათა განაგოს შენი ერი, რომ სიკეთე გაარჩიოს ბოროტებისგან; რადგან ვის შეუძლია განაგოს შენი ერი, ესოდენ მრავალრიცხოვანი?
10. მოეწონა უფალს სოლომონის სათხოვარი.
11. უთხრა მას ღმერთმა: იმის გამო, რომ მთხოვე ეს და არ მოითხოვე შენთვის ხანგრძლივი სიცოცხლე, არ მოითხოვე სიმდიდრე, არ მოითხოვე შენი მტრების სული, არამედ გონიერება მთხოვე სამართლის გასაკითხავად.
12. აჰა, მომინიჭებია შენთვის ბრძენი და გონიერი გული, ისე რომ შენი მსგავსი არც შენამდე ყოფილა სადმე და არც შენს შემდეგ გამოჩნდება შენი მსგავსი.
13. რაც არ გითხოვია, იმასაც მოგცემ: სიმდიდრესაც, დიდებასაც, ისე რომ, ვიდრე ცოცხალ ხარ, არავინ იქნება მეფეთა შორის შენი მსგავსი.
14. თუ ივლი ჩემს გზაზე, დაიცავ ჩემს წესებსა და ჩემს ბრძანებებს, როგორც მამაშენი დავითი დადიოდა, დღეგრძელს გაგხდი.
15. გაეღვიძა სოლომონს და, აჰა, ესეც სიზმარი. მივიდა იერუსალიმში და წარდგა უფლის აღთქმის კიდობნის წინაშე. აღავლინა აღსავლენი და შესწირა სამადლობელი მსხვერპლი. მერე ლხინი გაუმართა თავის მორჩილთ.
16. მაშინ მივიდა მეფესთან ორი მეძავი ქალი და დადგნენ მის წინ.
17. თქვა ერთმა ქალმა: მომიტევე, ბატონო! მე და ეს ქალი ერთ სახლში ვცხოვრობთ, ამ სახლში ვიმშობიარე მის თვალწინ.
18. ჩემი მშობიარობის მესამე დღეს შვა ამ ქალმაც; ერთად ვიყავით, უცხო არავინ ყოფილა ჩვენთან სახლში. მხოლოდ ჩვენ ორნი ვიყავით სახლში.
19. მოკვდა ღამით ამ ქალის ბავშვი, რადგან ზედ დასწოლოდა.
20. ადგა შუაღამისას, აიყვანა ჩემი ბავშვი ჩემი გვერდიდან, ეძინა შენს მორჩილს, და თავის უბეში ჩაიწვინა, ხოლო თავისი მკვდარი ბავშვი მე ჩამიწვინა უბეში.
21. ავდექი დილით, რომ ძუძუ მეწოვებინა ბავშვისთვის და, აჰა, მკვდარი დამხვდა. კარგად დავაკვირდი დილით და მივხვდი, რომ ის ბავშვი არ იყო: ჩემი შვილი, რომელიც მე ვშობე.
22. თქვა მეორე ქალმა: არა! ცოცხალია ჩემი შვილი, შენი შვილია მკვდარი! ეს კი ამბობდა: არა! შენი შვილია მკვდარი, ჩემი შვილი ცოცხალი! ასე ლაპარაკობდნენ მეფის წინაშე.
23. თქვა მეფემ: ეს ამბობს, ჩემი შვილიაო ცოცხალი; შენი შვილი მკვდარიო. მეორე ამბობს: არა, შენი შვილია მკვდარი, ჩემი შვილიაო ცოცხალი.
24. თქვა მეფემ: მახვილი მომიტანეთ! მიართვეს მახვილი მეფეს.
25. თქვა მეფემ: ორად გაჭერით ცოცხალი ბავშვი, ერთი ნახევარი ერთ ქალს მიეცით, მეორე ნახევარი - მეორე ქალს.
26. უთხრა ქალმა, ცოცხალი ბავშვის დედამ, მეფეს, რადგან გულ-ღვიძლი დაეწვა თავისი შვილის გამთო: ოჰ, ჩემო ბატონო! ოღონდ ნუ მოკლავთ და მიეცით მაგას ცოცხალი ბავშვი! მეორე ამბობდა: ნურც მე მერგება, ნურც შენ. გაჭერით!
27. მიუგო მეფემ და თქვა: ამას მიეცით ცოცხალი ბავშვი, ნუ მოკლავთ. ეს არის მისი დედა.
28. გაიგო მთელმა ისრაელმა განაჩენის ამბავი, მეფემ რომ გამოიტანა, და შეეშინდათ მეფისა, რადგან დაინახეს, რომ ღვთის სიბრძნე იყო მასში სამართლის გასაჩენად.