1. ისრაელიანთა ეგვიპტიდან გამოსვლის ოთხასმეოთხმოცე წელს, ისრაელზე სოლომონის მეფობის მეოთხე წელს, ზივის თვეში, ანუ მეორე თვეში, შეუდგა იგი უფლის სახლის შენებას.
2. სახლი, რომელიც სოლომონმა აუშენა უფალს, სიგრძით სამოცი წყრთა იყო, სიგანით - ოცი წყრთა, სიმაღლით - ოცდაათი წყრთა.
3. სტოა ტაძრის წინ სიგრძით ოცი წყრთა იყო, ტაძრის სიგანის შესაბამისად, ხოლო სიგანე - ათი წყრთა, სახლის წინ.
4. გაუკეთა სახლს სარკმელები, რომლებიც იღებოდა და იკეტებოდა.
5. მიუშენა სახლის კედელს სართულები სახლის კედლების ირგვლივ, ტაძრისა და დაბირის ირგვლივ; მიუშენა შრამელები ირგვლივ.
6. ქვედა სართული ხუთი წყრთა იყო სიგანით, შუა - ექვსი წყრთა სიგანით, ხოლო მესამე - შვიდი წყრთა სიგანით, რადგან სახლს ირგვლივ შვერილი კოჭები ჰქონდა გარედან დატანებული, რომ სახლის კედლებს ხარაჩო არ მიჰკარებოდა.
7. როცა სახლი შენდებოდა, ზოდებად მოჭრილი ქვით შენდებოდა; არც ჩაქუჩის, არც კვერის და არცერთი რკინის იარაღის ხმა არ გაღებულა სახლში მისი შენებისას.
8. შუა სართულზე ასასვლელი სახლს მარჯვენა ფრთაზე ჰქონდა. დახვეული კიბით ადიოდნენ შუა სართულ ზე, და შუა სართულიდან - მესამეზე.
9. როცა დაასრულა სახლის შენება, კედარის ფიცრებითა და კოჭებით გადახურა სახლი.
10. სართულები მიუშენა მთელს სახლს, თითო ხუთი წყრთა სიმაღლისა და კედარის ძელებით მიამაგრა სახლს.
11. გამოეცხადა სოლომონს უფლის სიტყვა: აჰა, აშენებ ამ სახლს.
12. მაგრამ თუ ივლი ჩემს წესზე და ჩემს სამართალს გააჩენ, თუ დაიცავ და გაჰყვები ჩემს ნაბრძანევს, მაშინ შეგისრულებ სიტყვას, რომელიც დავითს, მამაშენს ვუთხარი -
13. დავმკვიდრდები ისრაელიანთა შორის და არასოდეს მივატოვებ-მეთქი. ჩემს ერს, ისრაელს-მეთქი.
14. როცა დაასრულა სახლის შენება სოლომონმა,
15. კედარის ფიცრები ააკრა სახლის შიდა კედლებს იატაკიდან ჭერამდე; ჭერი შიგნიდან ხით მოაპირკეთა და სახლის იატაკზე კვიპაროსის ფიცრები დააგო.
16. სახლის კიდეებიდან ოც წყრთაზე ააკრა კედარის ფიცრები იატაკიდან ჭერამდე და განაკუთვნა იგი დაბირისთვის, წმიდათა წმიდისთვის.
17. ორმოცი წყრთა იყო წინიდან სახლი, ანუ ტაძარი.
18. კედარის ფიცრებზე სახლის შიგნით კიტრები და გაშლილი ყვავილები იყო ამოჩუქურთმებული; ყველა ფერი კედარისგან იყო, ქვა არ ჩანდა.
19. შუა სახლში მოაწყო დაბირი, რომ იქ უფლის აღთქმის კიდობანი დაედგა.
20. დაბირის სიგრძე ოცი წყრთა იყო, სიგანეც ოცი წყრთა, სიმაღლეც ოცი წყრთა. წმიდა ოქროთი დაფერა იგი, ოქროთვე დაფერა კედარის სამსხვერპლო.
21. დაფერა შიგნიდან სახლი წმიდა ოქროთი სოლომონმა, გადაჭიმა ოქროს ჯაჭვები დაბირის წინ, რომელიც ოქროთი დაფერა.
22. მთელი სახლი ოქროთი დაფერა, მთლიანად მთელი სახლი, და მთელი სამსხვერპლო დაბირის წინ მდგარი, ოქროთი დაფერა.
23. გააკეთა დაბირში ორი ქერუბიმი ზეთისხილის ხისგან, რომლის სიმაღლე ათი წყრთა იყო.
24. ერთი ფრთა ხუთი წყრთა ჰქონდა ქერუბიმს, მეორე ფრთაც ხუთი წყრთა. ათი წყრთა იყო ერთი ფრთის ბოლოდან მეორე ფრთის ბოლომდე.
25. ათი წყრთა იყო მეორე ქერუბიმიც; ორივე ქერუბიმს ერთი ზომა და ერთი სახე ჰქონდა.
26. ერთი ქერუბიმის სიმაღლე ათი წყრთა იყო, ასევე მეორე ქერუბიმისაც.
27. დადგა ქერუბიმები შიდა სახლის შუაგულში; გაშლილი ჰქონდათ ფრთები ქერუბიმებს; ერთი ქერუბიმის ფრთა ერთ კედელს სწვდებოდა, მეორე ქერუბიმის ფრთა - მეორე კედელს; ხოლო სახლის შუაგულისკენ მიმართული მათი ფრთები ერთმანეთს ეხებოდნენ.
28. ოქროთი დაფერა ქერუბიმები.
29. სახლის მთელს კედლებზე ირგვლივ - შიგნიდან და გარედან, ქერუბიმების, ფინიკის ხეებისა და გაშლილი ყვავილების გამოსახულებანი მოაჩუქურთმა.
30. სახლის იატაკიც ოქროთი დაფერა, შიგნიდანაც და გარედანაც.
31. დაბირში შესასვლელად გააკეთა ზეთისხილის ხის კარედი, რომლის ჩარჩო და წყრთილები კედლის სიმაღის მეხუთედი იყო.
32. ზეთისხილის ხის ორ კარედზე ქერუბიმები, ფინიკის ხეები და გაშლილი ყვავილები ამოაჩუქურთმა და ოქროთი დაფერა. მოაოქროვა ქერუბიმიც და ფინიკის ხეებიც.
33. ტაძრის შესასვლელსაც ასევე გაუკეთა ზეთისხილის ხის ოთკუთხა წირთხლები,
34. და კვიპაროსის ხის ორი კარედი. ერთი კარედის ორივე ფრთა ტრიალებდა, მეორე კარის ორივე გვერდიც ტრიალებდა.
35. ამოაჩუქურთმა ქერუბიმები, ფინიკის ხეები და გაშლილი ყვავილები და ოქროთი დაფერა ჩუქურთმის ღარები.
36. მოაწყო შიდა ეზო სამი წყება თლილი ქვისაგან და ერთი წყება კედარის ძელებისგან.
37. მეოთხე წელს, ზივის თვეში, ჩაეყარა საძირკველი უფლის სახლს.
38. მეთერთმეტე წელს, ბულის თვეში, რომელიც არის მერვე თვე, გაასრულა სახლი ყოველი წესისა და რიგის მიხედვით. შვიდ წელიწადს აშენებდა სახლს.