1. ცამეტ წელიწადს აშენებდა სოლომონი თავის სახლს, და გაასრულა მთელი თავისი სახლი.
2. ააშენა ლიბანის მაღნარის სახლი, სიგრძით ასი წყრთა, სიგანით ორმოცდაათი წყრთა, სიმაღლით ოცდაათი წყრთა, ოთხ რიგ კედარის სვეტებზე იყო შედგმული, კედარისავე ძელები იყო გადებული კედარის სვეტებზე.
3. კედარით იყო გადახურული ოთახები, ორმოცდახუთი სვეტზე შედგმული, თხუთმეტი სვეტი თითო რიგში.
4. სამ სართულად იყო სარკმლის ჩარჩოები; სარკმელები ერთმანეთის პირდაპირ, სამ წყებად.
5. ყველა კარი და წირთხლი ოთხკუთხა ძელებისგან იყო, სამ სართულად; სარკმლები ერთმანეთის პირდრირ იყო, სამ წყებად.
6. სვეტებიანი კარიბჭე, რომელიც გააკეთა, სიგრძეში ორმოცდაათი წყრთა იყო, სიგანეში ოცდაათი წყრთა; მის წინ სხვა კარიბჭე სვეტებით და ზღურბლით.
7. ტახტის დარბაზი, სადაც მსჯავრი უნდა გამოეტანა, სამსჯავრო დარბაზი გააკეთა და კედარით დაფარა იატაკიდან ჭერამდე.
8. ასევე იყო აგებული მისი საცხოვრებელი სახლი მეორე ეზოში, დარბაზის უკან. ფარაონის ასულსაც, რომელიც ცოლად ჰყავდა მოყვანილი სოლომონს, ამ დარბაზის მსგავსი სახლი აუშენა.
9. ეს ყველაფერი ზომაზე გათლილი, ხერხით დახერხილი ძვირფასი ქვებისგან იყო გაკეთებული, როგორც შიგნით, ისე გარეთ, საფუძვლიდან თავხემდე, და გარეთ დიდ ეზომდე.
10. საფუძვლად დადებული იყო ძვირფასი ქვები, დიდრონი ქვები, ათწყრთიანი და რვაწყრთიანი ქვები.
11. ხოლო ზემოთ ზომაზე გათლილი ძვირფასი ქვები და კედარი.
12. დიდი ეზო შემოზღუდული იყო ირგვლივ სამი წყება თლილი ქვით და ერთი წყება კედარის ძელებით; ასევე უფლის სახლის შიდა ეზო და სახლის დარბაზი.
13. გაგზავნა კაცი მეფე სოლომონმა და დააბარა ტვიროსიდან ხირამი,
14. რომლის დედა ერთი ქვრივი ქალი იყო ნაფთალის შტოდან, ხოლო მამა ტვიროსელი სპილენძის ოსტატი. მომადლებული ჰქონდა ხირამს სიბრძნე, გამჭრიახობა და ცოდნა სპილენძის ნახელავის გასაკეთებლად. მივიდა სოლომონ მეფესთან და ყველა სამუშაო შეუსრულა.
15. გამოსახა სპილენძის ორი სვეტი; ერთი სვეტის სიმაღლე თვრამეტი წყრთა იყო; თორმეტი წყრთა ძაფი სწვდებოდა გარშემო მეორე სვეტს.
16. ორი ბუღაური ჩამოასხა სპილენძისაგან სვეტების თავზე დასადგმელად; ერთი ბუღაურის სიმაღლე ხუთი წყრთა იყო, მეორე ბუღაურის სიმაღლეც ხუთი წყრთა იყო.
17. გაუკეთა სვეტის თავზე დასადგმელ ბუღაურებს დაწნული ცხაურები და ძეწკვისებური ჯინჯილები - შვიდი ერთ ბუღაურს, შვიდიც მეორე ბუღაურს.
18. გააკეთა სვეტები და შემოავლო ირგვლივ ერთ ცხაურს ორ წეებად ბროწეულები სვეტების თავზე დადგმული ბუღაურების დასაფარავად.
19. კარიბჭის სვეტების ბუღაურები შროშანის სახის იყო, ოთხი წყრთა.
20. ორ სვეტზე შედგმული ბუღაურებს შემოვლებული ჰქონდა ორასი ბროწეული, ზემოთკენ მუცლის პირდაპირ, რომელიც ცხაურის მხარეს იყო.
21. აღმართა სვეტები ტაძრის დარბაზში; აღმართა მარჯვენა სვეტი და უწოდა სახელად იაქინი; აღმართა მარცხენა სვეტი და უწოდა სახელად ბოყაზი.
22. სვეტის თავებზე შროშანები იყო გამოსახული. დასრულდა სვეტების სამუშაო.
23. ჩამოასხა სპილენძის ზღვა, სრულიად მრგვალი, კიდიდან კიდემდე ათი წყრთა იყო, სიმაღლე ხუთი წყრთა ჰქონდა, ოცდაათი წყრთა ძაფი სწვდებოდა ირგვლივ.
24. ირგვლივ კიტრის ჩუქურთმები ჰქონდა შემოვლებული კიდეზე ქვემოდან, ათ-ათი თითო წყრთაზე და ორ წყებად გარს ერტყა ზღვას. კიტრები მასთან ერთად იყო ჩამოსხმული.
25. თორმეტ ხარზე იყო შედგმული; სამი ჩრდილოეთით იყურებოდა, სამი დასავლეთით იყურებოდა, სამი სამხრეთით იყურებოდა და სამი აღმოსავლეთით იყურებოდა. ზღვა ზედ ედგათ და ზურგი ყველას შიგნით ჰქონდა მიქცეულნი.
26. სისქე ერთი მტკაველი ჰქონდა; მისი კიდეები თასის კიდესავით იყო გაკეთებული და გაშლილ შროშანს ჰგავდა. ორი ათას ბათს იტევდა.
27. გააკეთა ათი სპილენძის კვარცხლბეკი; თითოეული კვარცხლბეკის სიმაღლე ოთხი წყრთა იყო, სიგანე - ოთხი წყრთა, სიმაღლე სამი წყრთა.
28. ამგვარად იყო გაკეთებული კვარცხლბეკი: დაფები ჰქონდა მათ, ჩარჩოში ჩასმული.
29. ჩარჩოებში ჩასმულ დაფებზე ლომები, ხარები და ქერუბიმები იყო გამოსახული; ასევე ჩარჩოებზე, ლომებსა და ხარებს ქვემოთ და ზემოთ ყვავილების ასხმული კონები.
30. ოთხ-ოთხი სპილენძის ბორბალი და სპილენძის ღერძები ჰქონდა თითო კვარცხლბეკს. მის ოთხსავე კუთხეზე იყო შვერილები, საბანელის ქვეშაც ჩამოსხმული შვერილები იყო, ხოლო ყოველ გვერდზე - ყვავილწნულები.
31. მისი ჭრილი შიდა გვირგვინიდან მაღლითამდე ერთი წყრთა იყო; ჭრილი მრგვალი იყო, როგორც ამგვარი ნაკეთობა არის ხოლმე, წყრთანახევარი; ჭრილზე ჩუქურთმები იყო. მისი კედლები ოთხკუთხედი იყო, არა მრგვალი.
32. ოთხი ბორბალი იყო კედლებს ქვემოთ და ბორბლების ღერძები კვარცხლბეკზე იყო დამაგრებული; თითო ბორბლის სიმაღლე - ერთნახევარი წყრთა.
33. ბორბლები ეტლის ბორბლებივით იყო გაკეთებელი; ღერძები, სალტეები, მანები და მორგვები სულ ჩამოსხმული სპილენძისა იყო.
34. ოთხი შვერილი ჰქონდა ყოველი კვარცხლბეკის ოთხსავე კუთხეს; კვარცხლბეკთან ერთად იყო ჩამოსხმული.
35. კვარცხლბეკის თავზე იყო წრე ნახევარი წყრთა სიმაღლისა; კვარცხლბეკის სახელურები და კედლები მისივე მასალისგან იყო.
36. ამოკვეთა სახელურების დაფებზე და მის კედლებზე ქერუბიმები, ლომები და პალმები ერთმანეთის დაშორებით, ირგვლივ კი ყვავილწნულები.
37. ამგვარი გააკეთა ათი კვარცხლბეკი; ყველა ერთიანად იყო ჩამოსხმული, ერთი ზომა ჰქონდათ, ერთი სახე.
38. გააკეთა სპილენძის ათი საბანელი; ორმოც ბათს იტევდა თითოეული საბანელი, ოთხი წყრთა იყო თითოეული საბანელი; თითოეული საბანელი იმ ათიდან ერთ-ერთ კვარცხლბეკზე იდგა.
39. ხუთი კვარცხლბეკი სახლის მარჯვენა ფრთაზე დადგა, ხუთი - სახლის მარცხენა ფრთაზე; ზღვა სახლის მარჯვენა მხარეს მოათავსა, სამხრეთ-აღმოსავლეთით.
40. გააკეთა ხირამმა საბანელები, აქანდაზები და სასხურებლები; მოათავა ხირამმა ყველა სამუშაო, რაც უნდა შეესრულებინა მას მეფე სოლომონთან უფლის სახლისათვის:
41. ორი სვეტი და სვეტების თავზე დასადგმელი ბუღაურები მისი ორი ბალიშითურთ, ორი ცხაური სვეტებზე დასადგმელი ბუღაურების დასაფარავად.
42. ოთხასი ბროწეული ორი ცხაურისთვის; ბროწეულების ორი რიგი თითოეულ ცხაურს სვეტებზე დასადგმელი ბუღაურის ბალიშების დასაფარავად.
43. ათი კვარცხლბეკი, ათი საბანელი კვარცხლბეკებზე შესადგმელი.
44. ერთი ზღვა და თორმეტი ხარი ზღვის ქვეშ.
45. ქვაბები, აქანდაზები და სასხურებლები; ყველა ეს ჭურჭელი, რომელნიც ხირამმა გაუკეთა მეფე სოლომონს უფლის სახლისთვის, მბზინვარე სპილენძისგან იყო.
46. იორდანეს მიდამოებში ჩამოასხა ისინი მეფემ, თიხნარ ნიადაგზე, სუქოთსა და ცართანს შორის.
47. დააწყო სოლომონმა ყველა ეს ჭურჭელი თავ-თავის ადგილზე. დიდი სიმრავლის გამო ვერ გაირკვა სპილენძის წონა.
48. გააკეთა სოლომონმა ყოველი ჭურჭელი, რაც უფლის სახლისთვის იყო დაწესებული: ოქროს სამსხვერპლო და ოქროსავე ტაბლა, რომელზედაც საკურთხი პური ლაგდებოდა.
49. ბაჯაღლო ოქროს სასანთლეები - ხუთი მარჯვენა მხარეს, ხუთიც მარცხენა მხარეს, დაბირის წინ, ყვავილებით, სანთურებით და ოქროს მაშებითურთ.
50. ბაჯაღლო ოქროს ტაშტები, დანები, სასხურებლები, საწდეები, საცეცხლურები, და ოქროსავე ანჯამები შიდა სახლიდან წმიდათა წმიდაში შესასვლელი პრებისთვის, ტაძარში შესასვლელი კარისთვის.
51. მოთავდა ყველა სამუშაო, რაც უფლის სახლისთვის შეასრულა მეფე სოლომონმა. მოიტანა სოლომონმა მამამისის, დავითის, შემოწირულობა - ოქრო, ვერცხლი და ჭურჭელი და დააწყო უფლის სახლის საგანძურში.