1. როცა ისიც მოკვდა, სასტიკი წამებით გატანჯული, მოიჭრა მეხუთე და თქვა:
2. არ ვაპირებ, მტარვალო, გავექცე სატანჯველს ღირსებისთვის.
3. იგი თავისით მომეახლა, რათა ჩემი მოკვლით მრავალი დანაშაულისთვის ღვთიური სამართლით მოგეზღოს სასჯელი.
4. ღირსებისა და კაცთა მაიძულევ, რა საქციელის გამო გვანადგურებ ასე?
5. იმის გამო, რომ ყოველი ქმნილების შემოქმედს მოწიწებით ვეპყრობით და მისი რჩეული რჯულის თანახმად ვცხოვრობთ.
6. მაგრამ ეს საქციელი პატივს იმსახურებს, არა წამებას,
7. თუ ნამდვილად ადამიანური გრძნობები გაქვს და ღვთისგან ხსნას ელი;
8. მაგრამ შენ უცხო ხარ ღვთისთვის და ებრძვი მის თაყვანისმცემელთ.
9. ესა თქვა და მცველებმა შეკრეს იგი და ისართმტყორცნელ მანქანასთან მიათრიეს.
10. მუხლებით მასზე დააბეს და რკინის მარწუხებში მოამწყვდიეს, მერე ბორბლის პირზე დააკრეს ზურგით, ისე რომ მორიელივით გაუდრიკეს წელი, დაწყვეტაზე ჰქონდა სახსრები.
11. ამ დღეში მყოფმა, სულშეხუთულმა და ტკივილისგან გამწარებულმა,
12. თქვა: დიდ წყალობას გვამადლი, მტარვალო, შენდა უნებლიეთ, რადგან ამ სატანჯველით გვაიძულებ, გამოვაჩინოთ ჩვენი გამძლეობა რჯულის გულისთვის.
13. ესეც რომ აღესრულა, მოიყვანეს მეექვსე ყრმა, რომელმაც მბრძანებლის წინადადებას, თუ შეჭამ, გათავისუფლდებიო, უპასუხა:
14. ასაკით მე ჩემს ძმებზე ახალგაზრდა ვარ, აზრით კი - მათი თანატოლი.
15. რაკი ამისთვის გავჩნდით და აღვიზარდეთ, ყველას ერთი სიკვდილი გვმართებს.
16. თუ განზრახული გაქვს მაწამო უსურმაგის ხორცის შეუჭმელობის გამო, მაწამე ბარემ...
17. ეს თქვა და ბორბალთან მიიყვანეს კიდეც.
18. საგულდაგულოდ განრთხმული და ხერხემალგადამტვრეული იწვებოდა იგი,
19. უკნიდან გახურებულ წვერწამახულ შანთებს უყრიდნენ, ფერდებს უხვრეტდნენ ისე, რომ შიგნეულობა სულ ამოუწვეს.
20. ის კი, ამ სატანჯველში მყოფი, ამბობდა: დიდება ღვთის საკადრის ასპარეზს, სადაც რჯულში გამოსაცდელად გაგვიწვიეს ძმები, მაგრამ ვერ დაგვამარცხეს.
21. რადგან უძლეველია, მტარვალო, საღვთო ცოდნა.
22. ყოველგვარი სიქველით აღჭურვილი, მეც ვკვდები ჩემს ძმებთან ერთად.
23. მე თავად მოგივლენ შურისმგებელს, წამებათა გამომგონებელო და ჭეშმარიტ ღვთისმოსავთა მტერო.
24. ექვსი ყრმა შევეწირეთ შენს მტარვალობას.
25. და რომ ვერ შესძელი გადაგერწმუნებინა ჩვენი გონება და ვერ გვაიძულე უსურმაგის ჭამა, განა ეს შენი მარცხი არ არის?
26. გრილია ჩვენთვის შენი ცეცხლი, უმტკივნეულოა შენი იარაღი და უძლურია შენი მძლავრობა.
27. რადგან არა მტარვალის მცველნი, არამედ ღვთის რჯულის მცველნი უფლობენ ჩვენზე. ამიტომაც არის უძლეველი ჩვენი გონება.