1. მაშ, თუკი მომაკვდინებელ ტანჯვებს გაუძლო შვიდმა ძმამ, ყველანი დამეთანხმებით, რომ ღვთისმოსავი გონება ვნებათა მბრძანებელია.
2. ვნებებს რომ დამორჩილებოდნენ და უსურმაგის ხორცი ეჭამათ, ვნებათაგან ძლეულებს ვუწოდებდით მათ.
3. მაგრამ ასე არ მოხდა და ღვთივგანდიდებული გონების ძალით სძლიეს ვნებებს.
4. არ უგულებელყოფილა განსჯის მთავრობა, რაკი სძლიეს მათ ვნებებსა და სატანჯველს.
5. როგორ არ აღიარებდნენ ვნებათა დამთრგუნველ გონიერებას, როცა ცეცხლში წამებამაც ვერ შეცვალა ისინი?
6. ნავსადგურში ჩადგმული იმ ბურჯების მსგავსად, რომლებიც ტალღათა მუქარას ათვინიერებენ და მშვიდ გზას აძლევენ ყურეში შემავალ ხომალდს,
7. სძლია ყრმათა შვიდბურჯიანმა გონებამ, ღვთისმოსავობის ნავსადგურის გამამაგრებელმა, ვნებების ქარიშხალს.
8. ღვთისმოსავობის წმიდა ფერხულში ჩაბმულნი, ისინი ურთიერთს ამხნევებდნენ და ამბობდნენ:
9. ძმურად ვკვდებით, ძმებო, რჯულისთვის. მივბაძოთ იმ სამ ყრმას აშურში, რომლებმაც არად ჩააგდეს გახურებული ქურა.
10. ნუ გამოვიჩენთ სიმხდალეს და ვაჩვენოთ ღვთისმოსავობა.
11. ერთმა თქვა: გამხნევდი, ძმაო, მეორემ: ღირსეულად გაუძელი.
12. სხვამაც ეს გაიხსენა: გახსოვდეთ, საიდან ხართ, ან რომელმა მამის ხელმა მიიტანა მსხვერბლად ღვთისმთსავობისთვის ისაკი.
13. ერთიმეორეს შესცქეროდნენ მხიარულად და მამაცურად, ამბობდნენ: მთელი გულით შევწიროთ თავი ღმერთს, სიცოცხლის მომნიჭებელს; სხეული კი რჯულის დასაცავად გავიღოთ.
14. ნუ შეგვაშინებს ის, ვინც სიკვდილს გვიპირებს,
15. რადგან დიდია ბრძოლა სულისთვის და საფრთხე მარადიული საგანჯველისა მას ელის, ვინც ღვთის მცნებანი დაარღვია.
16. მაშ, აღვიჭურვოთ ღვთივმონიჭებული გონებით ვნებათა მოსათრგუნად.
17. სიკვდილის შემდეგ აბრაამს, ისაკს და იაკობს მივუვალთ და მამა-პაპათა ქებას დავიმსახურებთ.
18. ერთს რომ გაათრევდნენ, დანარჩენები ეუბნებოდნენ: ნუ შეგვარცხვენ, ძმაო, ნუ გაუცუდებ იმედს შენს წინ დახოცილ ძმებსო.
19. თქვენ იცით, რა არის ძმური სიყვარული, რომელიც ღვთიურმა და ყოვლადბრძენმა განგებამ მამებისგან მათ ნაშიერთ ჩაუნერგა, და რომელიც დედის საშოში იყო ჩასახული.
20. ერთი და იგივე ხანი დაჰყო იქ თვითეულმა ძმამ და ერთსა და იმავე ხანში გამოისახენ ისინი, ერთი სიცოცხლის მიმღებელნი.
21. იშვნენ თანაბარი დროის გამოშვებით, ერთი წყაროდან სვამდნენ რძეს და საზრდოობდნენ ერთმანეთთან გადანასკვული ძმური სულები.
22. ძლიერდებოდნენ საერთო საზრდელით და ყოველდღიური ურთიერთსიყვარულით, საერთო აღზრდით და ჩვენი საღვთო რჯულის მოძღვრების წყალობით.
23. ძმურ თანაგრძნობაში და სიყვარულში გაზრდილი ძმები, შვიდივენი ერთმანეთის მოუვარულნი დარჩნენ სამუდამოდ.
24. ერთი რჯულით განსწავლულებს, ერთნაირ სიქველეებში გაწვრთნილებს და სამართლიანი ცხოვრების მიმდევრებს კიდევ უფრო მეტად უყვარდათ ერთმანეთი.
25. საერთო შურმა სრულყოფილებისამ გააძლიერა მათ შორის ურთიერთგაგება და თანხმობა.
26. რადგან ღვთისმოსავობის წყალობით განამტკიცებდნენ გამორჩეულ ძმურ სიყვარულს.
27. და თუმცა საერთო ბუნება, საერთო აღზრდა და ქველი ჩვევები ემატებოდა ძმურ სიყვარულს, მაინც სატანჯველად თავისი ჯერის მომლოდინენი, თვალყურს ადევნებდნენ ძმების ტანჯვა-წამებას.