1. ო, ბავშვთა გონებავ, ვნებათა დამთრგუნველო! ო, რჯულო, შვილებზე მეტად სასურველო დედისათვის!
2. ორი არჩევანი ჰქონდა დედას: ან რჯული ან შვიდი შვილის გადარჩენა, როგორც მბრძანებელი დაჰპირდა.
3. მან უმალ რჯული არჩია, რომელიც შეინახავდა მათ მარადიული სიცოცხლისთვის, ღვთის აღთქმისამებრ.
4. როგორ აღვწერო მშობელთა შვილებისადმი სიყვარული? სულისა და სახის საკვირველ მსგავსებას აღვბეჭდავთ ჩვენ ბავშვის ბუნებაზე სიჩჩოებიდანვე. ხოლო მშობელთაგან დედები მამებზე მეტად არიან გამსჭვალულნი შვილების მიმართ თანაგრძნობით.
5. რაც უფრო სუსტნი არიან დედები და ბევრის მშობნი, მით უფრო უყვართ თავიანთი შვილები.
6. მაგრამ ყველა დედებზე მეტად შვილთა მოყვარული აღმოჩნდა შვიდი შვილის დედა, რომელსაც შვიდგზის ორსულობაში ჩაენერგა შვილთა სიყვარული,
7. და თითოეული მათგანისთვის მშობიარობის ტკივილების გადამტანს გაუძლიერდა სიყვარულის გრძნობა.
8. მაგრამ მაინც ღვთის წინაშე შიშის გამო არად ჩააგდო დროებითი ხსნა თავისი შვილებისა.
9. შვილების სრულყოფილებისა და რჯულისადმი მათი მორჩილების მოწმემ კიდევ უფრო მეტი სიყვარული იგრძნო მათდამი.
10. რადგან ისინი მართალნი, უბიწონი, მამაცნი, დიდსულოვანნი, ძმათა მოყვარულნი იყვნენ და იმდენად უყვარდათ დედა, რომ სიკვდილშიც კი მას დაემორჩილნენ და ბოლომდე დაიცვეს რჯული.
11. თუმცა ბევრი რამ აიძულებდა დედას, თანაგრძნობით შეძრულიყო შვილების სიყვარულის გამო, მაგრამ ვერც ერთის ტანჯვა-წამებამ ვერ შეუცვალა მას გონება.
12. პირიქით, დედა ყველას ერთად და თითოეულ მათგანს ცალ-ცალკე რჯულისთვის სასიკვდილოდ აქეზებდა.
13. ო, მშობლიური სიყვარულის წმიდა ბუნებავ, გამომკვებელო ძუძუებო და დაუოკებელო დედობრივო გრძნობავ!
14. ნაწამები და ცეცხლმოდებული შვილების შემხედვარეც კი მტკიცედ იდგა სარწმუნოებაზე.
15. ხედავდა შვილების ხორცს, ცეცხლით დამწვარს, მათი ხელებისა და ფეხების თითებს, მიწაზე მიმობნეულს და კანს, თავიდან ნიკაპამდე ნიღაბივით ჩამოკიდებულს.
16. დიდება დედას, რომელმაც სამშობიარო ტკივილებზე უმწარესი სატანჯველი დაითმინა!
17. დიდება დედაკაცს, რომელმაც ერთადერთმა შვა ესოდენი სრულქმნილი ღვთისმოსაობა!
18. არ გიღალატა შენ არც პირმშომ, სულთმობრძავმა, არც მეორემ, სიბრალულით რომ გიყურებდა წამების დროს; არც მესამემ, სულს რომ ღაფავდა.
19. არ გიტირია, როცა უყურებდი სატანჯველში მყოფთა უტეხ მზერას და სიკვდილის ნიშნებს მათ ნესტოებში.
20. როცა უყურებდი დამწვარი შვილების ერთმანეთზე თავებს, გვამს გვამზე დაგდებულს, ხედავდი შვილთა დაყრილ ხორცს, მოკვეთილ ხელებს, გადატყავებულ წამების ადგილს, მოსეირე ხალხით სავსეს, და ცრემლიც არ მოგრევია თვალზე.
21. სირინოზის ჰანგები და არც გედის სიმღერა ისე არ მოიზიდავდა მსმენელს, როგორც - შვილთა ხმები, რომლებიც სატანჯველიდან ეხმიანებოდნენ დედას.
22. რა ტანჯვა უნდა გამოევლო იმ წუთებში დედას, როცა ხედავდა სატანჯველში მყოფ შვილებს, როგორ აწამებდნენ ბორბლებითა და შანთებით!
23. მაგრამ ღვთისმოსავმა გონებამ სიმამაცე მიჰმადლა მის გულს ამ სატანჯველში, რომ დაეძლია შვილების მიმართ წარმავალი სიყვარული.
24. შვიდი შვილის დაღუპვისა და ამდენი ტანჯვა-წამების შემსწრე კეთილშობილმა დედამ ეს ყველაფერი ღვთისადმი რწმენის ძალით გადაიტანა.
25. საკუთარი სულის სამსჯავროზე იგი ხედავდა ძლიერ დამცველებს - ბუნებას, ნათესაობას, დედობრივ სიყვარულს და შვილთა წამებას;
26. ორი კენჭი ვჭირა ხელში დედას: ერთი სასიკვდილო და მეორე - მხსნელი თავისი შვილებისთვის,
27. მაგრამ მან უარი თქვა შვიდი შვილის ხსნაზე ხანმოკლე დროით,
28. არამედ მხნეობა მოიკრიბა მან, როგორც ღვთისმოსავი აბრაამის ასულმა.
29. დიდება ერის დედას, რჯულის შურისმგებელს, ღვთისმოსავობის დამცველს და საკუთარი გულით ასპარეზზე ჯილდოს მომხვეჭს!
30. დიდება ვაჟკაცებზე უპირატესს მხნეობით და მამამაკაცებზე უმამაცესს მოთმინებით!
31. ნოეს კიდობანივით საყოველთაო წარღვნაში სოფლის გამომხსნელს და ტალღების მხნედ გადამლახველს!
32. ამგვარად, სძლიე შენ, რჯულის დამცველმა, ყოველის მხრიდან მოსულ ვნებების წარღვნას, სასტიკ ქარებს, გაუძელი შენი შვილების წამებას და გადაიტანე ღვთისმოსავობაზე ჩამოწოლილი ზამთარი.