1. თუკი ქალმა და თან მოხუცმა, შვიდი შვილის დედამ გაუძლო შვილების სასიკვდილო წამებას, ცხადი უნდა იყოს, რომ ღვთისმოსავი გონება ვნებათა მბრძანებელია.
2. მე ცხადვყავი, რომ მარტო მამაკაცები როდი წარმართავენ ვნებებს; არამედ დედაკაცსაც ძალუძს უსასტიკესი ტანჯვა-წამების არად ჩაგდება.
3. მარტო დანიელის წინაშე კი არ მძვინვარებდნენ ლომები და მიშაელის წინაშე - გავარვარებული ქურა; მსგავსადვე იწვოდა ბუნება დედისა, რომელიც უყურებდა შვილების მრავალნაირ წამებას.
4. მაგრამ ღვთისმოსავი გონების ძალით ჩააქრო დედამ მოძალებული ვნებები.
5. იფიქრეთ, სულმოკლე რომ ყოფილიყო ეს ქალი, თუმცა ის დედა იყო, შეიბრალებდა შვილებს და, ალბათ, ამას იტყოდა:
6. ვაი, მე, საწყალობელს და სამგზის უბედურს, შვიდი შვილის მშობელი დედა უშვილო ვრჩები!
7. ვაი, ჩემს ფუჭ მუცლადღებას, ამაოდ ჩავლილ შვიდჯერ ათ თვეს, უნაყოფო ძიძაობას და გაცუდებულ ძუძუს წოვებას!
8. ტყუილად ვითმენდი, შვილებო, თქვენზე მშობიარობის ტკივილებს და ფუჭად ვეზიდებოდი აღზრდის უმძიმეს ტვირთს!
9. ვაი, ჩემს შვილებს, უცოლოებს და ცოლიანებს - უშვილძიროებს! თქვენს შვილებს და დიდდედის ბედნიერებას ვერ ვეღირსები!
10. მრავალშვილიანი დედა, ღირსეულ ვაჟთა მშობელი, ქვრივ-ოხრად ვრჩები მრავალსაწყალობელი.
11. ისე ვკვდები, რომ ერთი შვილიც არ მრჩება დამმარხავი.
12. მაგრამ არ მოთქვამდა ამგვარ საგოდებელს კურთხეული და ღვთისმოშიში დედა, არცერთი მათგანი, სასიკვდილოდ მიმავალი, არ დაუკავებია, არც მწუხარება მორევია, როცა კვდებოდნენ ისინი,
13. არამედ ალმასივით მტკიცე გონება ჰქონდა შენარჩუნებული და უკვდავებისთვის ხელახლა შობდა შვილებს და რჯულისათვის თავის გასაწირად ლოცავდა მათ.
14. ო, დედავ, ღვთის მეომარო რჯულისათვის! ო, ბერდედავ, შენი სიმხნევით სძლიე მტრვალსაც კი და სიტყვით და საქმით მამაკაცზე ძლიერი გამოჩნდი!
15. შენს შვიდ შვილთან ერთად შეპყრობილი იდექი და უყურებდი ელეაზარის წამებას, ებრაულ ენაზე ეუბნებოდი შვილებს:
16. შვილებო, საპატიოა ასპარეზი, რომელზეც ერის სიყვარულის დასამოწმებლად ხართ გაწვეულნი. მამაცურად იბრძოლეთ მამაპაპეული რჯულისათვის.
17. სამარცხვინო იქნება, ახალგაზრდები შეუშინდეთ სატანჯველს, როცა მოხუცმა კაცმა გაუძლო წამებას ღვთისმოსავობის გულისთვის.
18. გახსოვდეთ, რომ ღვთისგან გაქვთ მიღებული - ეს წუთისოფელი და ღვთისთვის უნდა დათმოთ სიცოცხლე.
19. ამიტომაც ვალად გადევთ, გაუძლოთ ყოველგვარ ტანჯვას ღვთისთვის.
20. ამას ესწრაფოდა ჩვენი მამა აბრაამიც, როცა მსხვერპლად სწირავდა ისაკს, ჩვენს წინაპარს, რომელიც არ შემდრკალა, დანა რომ დაინახა მამის ხელში.
21. მართალი დანიელი ლომებს მიუგდეს, ხოლო ხანანია, ყაზარია და მიშაელი გავარვარებულ ქურაში ჩაყარეს, მაგრამ მათ გაუძლეს ცეცხლს.
22. და თქვენც, ასეთივე რწმენის მექონნი, ნუ გატყდებით.
23. რადგან, დაუჯერებელია, ტანჯვა ვერ დაითმინოს კაცმა, რომელსაც შემეცნებული აქვს ღვთის რჯული.
24. ამ სიტყვებით შვიდი შვილის დედა თითოეულ მათგანს ევედრებოდა, უმალ მომკვდარიყო, ვიდრე ღვთის მცნებანი უარეყო.
25. მათ ისიც იცოდნენ, რომ ღვთისათვის დახოცილნი ღმერთში იცოცხლებდნენ, როგორც აბრაამი, ისაკი, იაკობი და ყველა მამამთავარი.