1. ერთ-ერთი მცველი ამბობდა, რომ როცა მას სასიკვდილოდ უნდა წაეყვანა ქალი, იგი თვითონ გადავარდა ცეცხლში, არავის არ მიაკარებინა ხელი ტანზე.
2. ო, დედავ, რომელმაც შვიდ შვილთან ერთად მტარვალის მძლავრობა გააქარწყლე, ჩაშალე მისი უკეთური განზრახვა და რწმენის სიმტკიცე გამოაჩინე.
3. შენ, როგორც სვეტებზე - შვილებზე მტკიცედ დაყრდნობილმა ჭერმა, ღირსეულად გაუძელი სატანჯველთა ძალას, შემარყეველს.
4. მაშ, გამხნევდი, სულკურთხეულო დედავ, რომელსაც ღვთის იმედი გაქვს, მტკიცე და შეურყეველი.
5. თავად მთვარეც კი არ არის ცაზე ვარსკვლავებითურთ ისე აღმატებული, როგორც შენ, რომელმაც გაუნათე ღვთისმოსავობის გზა ვარსკვლავთსწორ შენს შვიდ შვილს და, ღვთის წინაშე პაგივით წარმდგარი, მათთან ერთად დამკვიდრდი ცაში.
6. რადგან შენი შვილები მამა აბრაამის ჭეშმარიტი შთამომავალნი არიან.
7. რომ შეგვძლებოდა ხელოვანის დარად შენი ღვთისმოსავობის სურათის დახატვა, განა არ შეძრწუნდებოდა ყველა, ვინც დაინახავდა, თუ როგორ დაითმინა დედამ რჯულის გულისთვის შვიდ შვილთან ერთად სასიკვდილო სატანჯველი.
8. შესაფერისი იქნებოდა საფლავის ქვაზე ეს სიტყვები წარწერილიყო მათი ხსოვნისათვის ჩვენს ხალხში:
9. აქ მარხიან მოხუცი მღვდელი და მოხუცებული ქალი თავის შვიდ შვილთან ერთად, მსხვერპლნი მტარვალის მძლავრობისა, რომელსაც სურდა, შეებღალა ებრაელთა ცხოვრების წესი.
10. მათ იძიეს შური ხალხის გამო და ღვთის სასოებით დაითმინეს სასიკვდილო სატანჯველი.
11. ჭეშმარიტად ღვთაებრივი იყო ასპარეზობა, რომელშიც ჩაებნენ ისინი,
12. რაკი ჭირთათმენის განსაცდელში სიქველემ გაიმარჯვა. გამარჯვების ჯილდო კი უკვდავებაა მრავალჟამიერ სიცოცხლეში.
13. დაიწყო ასპარეზობა ელეაზარმა და ჩაება ბრძოლაში შვიდი შვილის დედაც, იასპარეზეს ძმებმა.
14. მტარვალი მათი მოწინააღმდეგე იყო, მაყურებლები კი წუთისოფელი და ადამიანთა ცხოვრება.
15. გაიმარჯვა ღვთისმოსავობამ და მანვე გვირგვინებით შეამკო მოასპარაზენი.
16. ვის არ გააოცებდა ღვთივგანაწესებული მოასპარაზენი? ვის არ შესძრავდა?
17. თავად მტვარვალს და მთელ მის ამალას აოცებდა მათი გამძლეობა,
18. რისი წყალობითაც ახლა ისინი ღვთის ტახტის წინაშე დგანან და საუკუნო ნეტარებაში არიან.
19. ხომ თქვა მოსემ: ყველანი შენი ხელით არიან განათლულნიო.
20. პატივდებულნი არიან ღვთისათვის განათლულნი, მაგრამ მხოლოდ ეს არ არის მათი პატივი, არამედ ის, რომ მათი მეოხებით შეიქნა ჩვენი ხალხი მტერთაგან დაუძლეველი.
21. მტარვალის დასჯამ და სამშობლოს განწმედამ თითქოს გამოისყიდა ერის ცოდვები.
22. ამ ღვთისმოსავთა სისხლითა და სიკვდილის წინაშე გაღებული მსხვერპლით იხსნა ღვთიურმა განგებამ ტანჯული ისრაელი.
23. მათი სიმამაცის, სიქველის და სატანჯველში მათი მძლეობის დამნახავმა ანტიოქოსმა თავის ჯარისკაცებს ისინი გამძლეობის მაგალითად დაუსახა.
24. ამან გაამამაცა მისი მებრძოლები - ქვეითნი და მოალყენი; ყველა მტერი დაამარცხეს მათ და დახარკეს.