1. სამოცდაათი შვილი ჰყავდა აქაბს სამარიაში. დაწერა იეჰუმ წერილები და დაუგზავნა სამარიაში იზრეყელის მთავრებს, უხუცესებს და აქაბის გამზრდელებს; წერდა:
2. როცა მოგივათ ეს წერილი, ხომ თქვენთან იქნებიან თქვენი ბატონიშვილები, თქვენს ხელთ იქნება ეტლები და ცხენები, ციხე-ქალაქი და საჭურველი.
3. ჰოდა, ამოარჩიეთ ბატონიშვილებიდან უკეთესი, ვინც თქვენ მოგწონთ, დასვით მამამისის ტახტზე და იბრძოლეთ თქვენი ბატონის სახლისთვის.
4. დიდად, დიდად შეშინდნენ და თქვეს: აჰა, ორი მეფე ვერ დაუდგა წინ, ჩვენ როგორღა დავუდგეთ?
5. შეუთვალეს იეჰუს სასახლის მოურავმა, ქალაქის განმგებელმა, უხუცესობამ და გამზრდელებმა: შენი მორჩილნი ვართ, როგორც გვიბრძანებ, ისე მოვიქცევით; არავის გავამეფებთ. როგორც გერჩიოს, ისე მოიქეცი.
6. მისწერა მათ მეორე წერილი: თუ ჩემიანები ხართ და ჩემს სიტყვას ემორჩილებით, წამოიღეთ თქვენი ბატონიშვილების თავები და ხვალ ამ დროს იზრეყელში გამოცხადდით ჩემთან. უფლისწულები - სამოცდაათი კაცი ქალაქის დიდებულებთან იყვნენ, რომელნიც ზრდიდნენ მათ.
7. როცა წერილი მოუვიდათ, გამოიყვანეს უფლისწულები და დახოცეს - სამოცდაათი კაცი; კალათებში ჩააწყვეს მათი თავები და იზრეყელში გაუგზავნეს.
8. მივიდა მოციქული და მოახსენა: მოიტანეს უფლისწულთა თავები. თქვა: ორ გროვად დაჰყარეთ კარიბჭის შესასვლელთან.
9. დილით გამოვიდა, დადგა და მიმართა მთელს ხალხს: თქვენ უბრალონი ხართ. აჰა, მე ავუჯანყდი ჩემს ბატონს, მე მოვკალი, მაგრამ ესენი ვინ დახოცა?
10. ამიერიდან იცოდეთ, რომ უფლის არცერთი სიტყვა, რაც უბრძანებია უფალს, აქაბის სახლზე, ფუჭად არ ჩაივლის. აღასრულა უფალმა, რაც ბრძანა თავისი მსახურის, ელიას პირით.
11. ამოხოცა იეჰუმ ვინც კი იყო დარჩენილი აქაბის სახლიდან იზრეყელში, ყველა მისი დიდებული, მისი მახლობლები, მისი მღვდლები; არავინ დარჩენილა მისიანი ცოცხალი.
12. ადგა და წავიდა სამარიაში. მწყემსების ბინებთან მისულს, გზაზე
13. შეხვდა იეჰუს იუდას მეფის, ახაზიას ძმები და ჰკითხა: ვინა ხართ? მიუგეს: ახაზიას ძმები ვართ. მეფისა და დედოფლის შვილების ამბის გასაგებად მივდივართ.
14. თქვა: ცოცხლად შეიპყარით. შეიპყრეს ცოცხლად და ჭასთან დახოცეს, მწყემსთა ბინაში - ორმოცდაორი კაცი. ერთიც არ გადარჩენილა მათგან ცოცხალი.
15. წავიდა იქიდან და შეეყარა იონადაბ რექაბის ძეს, რომელიც მის შესახვედრად მოდიოდა, მიესალმა და უთხრა: ისევე წრფელია შენი გული, როგორც ჩემი გული შენდამი? მიუგო იონადაბმა: წრფელია. წრფელია და მომეცი ხელი. მისცა ხელი და მანაც აიყვანა თავის ეტლზე.
16. უთხრა: წამომყევი და ნახე ჩემი შური უფლისადმი. და დასვეს ეტლზე.
17. მივიდა სამარიას და ამოხოცა ყველა, ვინც კი დარჩენოდა აქაბს სამარიაში; ისე რომ გაანადგურა ყველანი, უფლის სიტყვისამებრ, როგორც ნაბრძანები ჰქონდა უფალს ელიასთვის.
18. შეკრიბა იეჰუმ მთელი ერი და გამოუცხადა: ცუდად ემსახურებოდა აქაბი ბაალს. ახლა იეჰუ მოუმატებს სამსახურს.
19. ახლა შემიყარეთ ბაალის ყველა ქადაგი, ყველა მისი მსახური და ყველა მისი ქურუმი, კაციშვილი არ აკლდეს, რადგან დიდი მსხვერპლშეწირვა მექნება ბაალისთვის. ვინც დააკლდება, ვერ გადარჩება ცოცხალი. ასეთი ხრიკი მოიგონა იეჰუმ, რომ ამოეწყვიტა ბაალის თაყვანისმცემლები.
20. თქვა იეჰუმ: გამოაცხადეთ ბაალის დღესასწაული. და გამოაცხადეს.
21. დაგზავნა იეჰუმ მოციქულები მთელს ისრაელში. და მოვიდა ბაალის ყველა მსახური, კაციშვილი არ დარჩენილა მოუსვლელი. შევიდნენ ბაალის სახლში და პირთამდე გაივსო ბაალის სახლი.
22. უთხრა მეტანსაცმელეს იეჰუმ: გამოუტანე სამოსელი ბაალის ყველა მსახურს. მანაც გამოუტანა შესამოსელი.
23. შევიდა იეჰუ იონადაბ რექაბის ძესთან ერთად ბაალის სახლში და უთხრა ბაალის მსახურებს: მიათვალ-მოათვალიერეთ, არ იყოს თქვენს შორის უფლის მსახურთაგანი ვინმე, რადგან მხოლოდ ბაალის მსახურები უნდა იყოთ აქ.
24. შეუდგნენ მსხვერპლშეწირვას და აღსავლენს. გარეთ დააყენა იეჰუმ ოთხმოცი კაცი და უბრძანა: იცოდეთ, თუ ვინმე გადარჩა იმათგან, ვისაც გაბარებთ, მის სულს თქვენ მოგკითხავთ.
25. როცა დასრულდა აღსავლენი, უბრძანა იეჰუმ მალემსრბოლებსა და მეთაურებს: წადით და დახოცეთ, არავინ გაგექცეთ. მახვილით დახოცეს და იქვე დაყარეს მალემსრბოლებმა და მეთაურებმა, თავად კი ბაალის სახლის ქალაქისკენ წავიდნენ.
26. გამოიტანეს ბაალის სახლიდან ბაალის ქანდაკებები და დაწვეს.
27. დაამსხვრიეს ბაალის ქანდაკი, დაანგრიეს ბაალის სახლი და სანაგვე ადგილად აქციეს დღესამომდე.
28. ასე გადააშენა იეჰუმ ბაალი ისრაელიდან.
29. ოღონდ იერობოამ ნაბატის ძის ცოდვებისთვის, რითაც მან აცთუნა ისრაელი, არ დაუნებებია იეჰუს თავი, და არც ოქროს ხბოებისთვის, ბეთელსა და დანში რომ იყო.
30. უთხრა უფალმა იეჰუს: იმის გამო, რომ სწორად მოიქეცი ჩემს თვალში და ყველაფერი აღასრულე აქაბის სახლზე, რაც გულში მქონდა, მეოთხე თაობამდე ისხდებიან შენი შთამომავლები ისრაელის ტახტზე.
31. მაგრამ მთელი გულით არ იცავდა იეჰუ უფლის, ისრაელის ღმერთის რჯულს; არ დაუნებებია თავი იერობოამის ცოდვებისთვის, რითაც აცთუნა მან ისრაელი.
32. იმ ხანებში დაიწყო უფალმა მიწების ჩამოჭრა ისრაელისთვის; სძლია ისრაელს ხაზაელმა მთელს მის საზღვარზე და წაართვა
33. იორდანედან მზის აღმოსავლეთით გალაადის მთელი მხარე, გადის, რეუბენის, მენაშეს მიწები ყარომერიდან დაწყებული, არნონის ხეობაში რომ არის, გალაადი და ბაშანი.
34. იეჰუს დანარჩენი საქმენი, ყველაფერი, რაც გააკეთა, ყველა მისი გმირობა, ისრაელის მეფეთა მატიანეშია ჩაწერილი.
35. განისვენა იეჰუმ თავის მამა-პაპასთან და დამარხეს სამრიაში. მის ნაცვლად მისი ძე იოახაზი გამეფდა.
36. სულ ოცდარვა წელი იმეფა იეჰუმ ისრაელზე სამარიაში.