1. როცა დაინახა ღოთოლიამ, ახაზიას დედამ, რომ მოკვდა მისი შვილი, ადგა და ამოწყვიტა მთელი სამეფო მოდგმა.
2. მაგრამ იეჰოშებაყმა, მეფე იორამის ასულმა, ახაზიას დამ, მოარიდა იოაში, ახაზიას ძე, დასახოცად განწირულ უფლისწულებს და მის ძიძასთან ერთად საწოლ ოთახში დამალა ღოთოლიასგან და ვერ მოკლეს.
3. ექვს წელს იმალებოდა მასთან ერთად უფლის სახლში, ხოლო ღოთოლია მეფობდა ქვეყანაზე.
4. მეშვიდე წელს დაიბარა იეჰოიადაყმა მცველთა და მალემსრბოლთა ასისთავები და შეიყვანა ისინი უფლის სახლში. აღთქმა მოსთხოვა მათ, დააფიცა უფლის სახლში და აჩვენა მეფისწული.
5. უბრძანა: აი, როგორ უნდა მოიქცეთ: თქვენგან მესამედმა, შაბათს მომსვლელთაგან მეფის სასახლეში უნდა იყარაულოს;
6. მესამედმა - სურის კარიბჭესთან, მესამედმა - კარიბჭესთან, მალემსრბოლთა უკან. მორიგეობით იყარაულეთ სასახლეში.
7. თქვენგან ორმა მესმედმა, შაბათს გამომსვლელთაგან, უფლის სახლში უნდა იყარაულოს მეფის წინაშე.
8. გარს შემოერტყით მეფეს იარაღით ხელში; ვინც რიგებში შემოვა, მოკვდეს. ედექით მეფეს მისი გამოსვლისას და შესვლისას.
9. ყველაფერი ისე გააკეთეს ასისთავებმა, როგორც დაარიგა მათ იეჰოიადაყ მღვდელმა: წაიყვანეს თავ-თავისი ხალხი - შაბათს მომსვლელნი შაბათს გამსვლელებთან ერთად და იეჰოიადაყ მღვდელთან მივიდნენ.
10. დაურიგა მღვდელმა ასისთავებს შუბები და ფარები, მეფე დავითს რომ ჰქონდა უფლის სახლში.
11. დადგნენ მალემსრბოლები იარაღით ხელში სახლის მარჯვენა ფრთიდან სახლის მარცხენა ფრთამდე, სამსხვერპლოსთან და სახლთან, მეფის ირგვლივ.
12. გამოიყვანა მეფისწული, დაადგა შარავანდი და მისცა მოწმობა; გაამეფეს და სცხეს მირონი. ტაშს უკრავდნენ და იძახდნენ: იცოცხლოს მეფემ!
13. შემოესმა ღოთოლიას ხალხის ჩოჩქოლი და გავიდა ხალხთან უფლის სახლში.
14. დაინახა, დგას მეფე წესისამებრ და სარდლები და საყვირები მეფის გვერდით, მხიარულობს ქვეყნის ერი და საყვირებს ახმიანებენ. შემოიგლიჯა სამოსელი ღოთოლიამ და იყვირა: ღალატია! ღალატი!
15. უბრძანა იეჰოიადაყ მღვდელმა. ასისთავებს, ჯარის მეთაურებს და უთხრა: გარეთ გაიყვანეთ. ვინც უკან გაჰყვება, მახვილით მოკალით. რადგან იფიქრა მღვდელმა, უფლის სახლში არ მოკლანო.
16. გზა მისცეს და წავიდა ცხენთა შესასვლელით სასახლისაკენ, და იქ მოკლეს.
17. დადო იეჰოიადაყმა აღთქმა უფალსა და მეფეს შორის, და ერს შორის, რათა ერი საუფლო ყოფილიყო, და მეფესა და ერს შორის.
18. შევიდა მთელი ქვეყნის ხალხი ბაალის სახლში და დაანგრიეს იგი სამსხვერპლოიანად, დალეწეს მისი გამოსახულებანი და მოკლეს მათანი, ბაალის ქურუმი, სამსხვერპლოების წინ. დააწესა მღვდელმა ზედამხედველობა უფლის სახლზე.
19. წამოიყვანა ასისთავები, სასახლის მცველები, მალემსრბოლები და ქვეყნის ერი და მათაც გამოიყვანეს მეფე უფლის სახლიდან. მალემსრბოლთა შესასვლელით სამეფო სახლში მივიდნენ და მეფეთა ტახტზე დაჯდა მეფე.
20. გამხიარულდა მთელი ქვეყნის ერი და დაწყნარდა ქალაქი. ხოლო ღოთოლია მახვილით მოკლეს სამეფო სახლში.