1. შვიდი წლისა იყო იოაში, როცა გამეფდა.
2. იეჰუს მეშვიდე წელს გამეფდა იოაში და ორმოცი წელი იმეფა იერუსალიმში. მისი დედა იყო ციბია, ბერშებადან.
3. სწორად იქცეოდა უფლის თვალში იოაში მთელი თავისი სიცოცხლე, სანამ იეჰოიადაყ მღვდელი მოძღვრავდა მას.
4. ოღონდ გორაკები არ ყოფილა გაუქმებული; გორაკებზე სწირავდა ხალხი მსხვერპლს და აკმევდა საკმეველს.
5. უთხრა იოაშმა მღვდლებს: მთელი შემოწირული ვერცხლი, რომელიც უფლის სახლში შემოდის, ტრიალში მყოფი ვერცხლი, ვისაც რამდენი შემოაქვს, მთელი ვერცხლი, რომელიც სურვილთსამებრ შემოაქვთ უფლის სახლში,
6. აიღონ მღვდლებმა თავ-თავისი ნაცნობებისგან და შეაკეთონ სახლში ყველაფერი, რასაც შესაკეთებელს აღმოაჩენენ.
7. როცა, მეფე იოაშის ოცდამესამე წელს, მაინც არ ჰქონდათ შეკეთებული მღვდლებს, რაც შესაკეთებელი იყო სახლში,
8. დაუძახა მეფე იოაშმა იეჰოიადაყ მღვდელს და სხვა მღვდლებს და უთხრა: რატომ არ შეგიკეთებიათ სახლი, მეტად ნუღარ აიღებთ თქვენ-თქვენი ნაცნობებისგან ვერცხლს სახლის შესაკეთებლად.
9. შეთანხმდნენ მღვდლები, აღარ აეღოთ ხალხისგან ვერცხლი სახლის შესაკეთებლად.
10. აიღო იეჰოიადაყ მღვდელმა ერთი კიდობანი, ზემოდან ნახვრეტი გაუკეთა და სამსხვერპლოს გვერდით დადგა, უფლის სახლში შემომსვლელთა მხარმარჯვნივ. იქ ყრიდნენ ზღურბლის მცველი მღვდლები უფლის სახლში შემოტანილ მთელს ვერცხლს.
11. როცა ნახავდნენ, რომ ბევრი ვერცხლი დაგროვდა კიდობანში, ამოვიდოდნენ მეფის მწერალი და მღვდელმთავარი, გადმოყრიდნენ და დაითვლიდნენ უფლის სახლში შეგროვებულ ვერცხლს.
12. ხელში აბარებდნენ დათვლილ ვერცხლს სამუშაოთა შემსრულებლებს, რომელნიც უფლის სახლში იყვნენ განწესებულნი. ესენი ურიგებდნენ დურგლებს და მშენებლებს, უფლის სახლში მომუშავეთ,
13. ქვისმთლელებს და ქვითხუროებს, ყიდულობდნენ ხეს და თლილ ქვას უფლის სახლის შესაკეთებლად და ყველაფერს, რაც სახლის გასამაგრებლად იყო საჭირო.
14. ოღონდ უფლის სახლისთვის საჭირო ვერცხლის თასები, მაშები, სასხურებლები, საყვირები, ოქროს და ვერცხლის ყოველგვარი ჭურჭელი არ მზადდებოდა უფლის სახლში შემოსული ვერცხლით,
15. რადგან სამუშაოთა შემსრულებლებს ეძლეოდათ, რომ მისი ხარჯით შეეკეთებინათ უფლის სახლი.
16. ანგარიშს არ სთხოვდნენ იმ პირებს, რომელნიც სამუშაოთა შემსრულებლებს აბარებდნენ ხელში ვერცხლს, რადგან პატიოსნად იქცეოდნენ.
17. დანაშაულის გამოსასყიდი ვერცხლი და ცოდვის გამოსასყიდი ვერცხლი არ შემოდიოდა უფლის სახლში; მღვდლებს ეკუთვნოდათ იგი.
18. მაშინ გაემართა ხაზაელი, არამის მეფე, და გაილაშქრა გათის წინააღმდეგ და აიღო იგი. მერე იერუსალიმზე გალაშქრება განიზრახა.
19. მაშინ აიღო იოაშ იუდას მეფემ მთელი შემოწირულობა, რაც შემოწირული ჰქონდათ იოშაფატს, იორამს და ახაზიას - მის მამა-პაპას, იუდას მეფეებს, თავისი შემოწირულობაც და მთელი ოქროულობა, რაც კი იპოვებოდა უფლის სახლსა და მეფის სახლის საგანძურებში, და გაუგზავნა ხაზაელს, არამის მეფეს; და ისიც გაეცალა იერუსალიმს.
20. იოაშის დანარჩენი საქმენი, ყველაფერი, რაც გააკეთა, იუდას მეფეთა მატიანეშია ჩაწერილი.
21. აღდგნენ მისი მორჩილნი და შეითქვნენ მის წინააღმდეგ, და მოკლეს იოაში მილოს სახლში, სილას ჩასავალთან.
22. მისმა მორჩილებმა - იოზაქარ შიმყათის ძემ და იეჰოზაბად შომერის ძემ, მოკლეს იგი; მოკვდა და დამარხეს თავის მამა-პაპის გვერდით, დავითის ქალაქში. მის ნაცვლად მისი ძე ამაცია გამეფდა.