1. ისრაელის მეფის იოაშ იოახაზის ძის, მეორე წელს გამეფდა ამაციაჰუ, იოაშის ძე, იუდას მეფე.
2. ოცდახუთი წლისა იყო, რომ გამეფდა და ოცდაცხრა წელი იმეფა იერუსალიმში. დედამისი იყო იეჰოყადანი, იერუსალიმიდან.
3. სწორედ იქცეოდა უფლის თვალში, ოღონდ არა ისე, როგორც მისი მამა დავითი. ყველაფერს ისე აკეთებდა, როგორც იოაში, მამამისი.
4. ოღონდ გორაკები არ იყო ჯერ კიდევ გაუქმებული. გორაკებზე სწირავდა ხალხი მსხვერპლს და აკმევდა საკმეველს.
5. როცა ხელში გაუმტკიცდა მეფობა, დახოცა თავისი მორჩილნი, რომელთაც მოკლეს მეფე, მისი მამა.
6. მკვლელების შვილები კი არ დაუხოცავს, როგორც სწერია მოსეს რჯულის წიგნში, უფლის ბრძანებისამებრ: არ უნდა დაისაჯონ სიკვდილით მამები შვილთა გამო და შვილები მამათა გამო. არ უნდა დაისაჯონ სიკვდილით, არამედ თითოეული თავისი დანაშაულისთვის უნდა მოკვდეს.
7. მან სძლია ედომელებს მარილოვან ველზე - ათი ათას კაცს, და ბრძოლით აიღო სელაყი და უწოდა სახელად იოკთიელი, როგორც დღემდე ეწოდება.
8. მაშინ გაუგზავნა ამაციამ მოციქულები იოაშს, იოახაზს იეჰუს ძის ძეს, ისრაელის მეფეს და შეუთვალა: მოდი, მოვსინჯოთ ერთმანეთი.
9. შეუთვალა იოაშ ისრაელის მეფემ ამაციაჰუს, იუდას მეფეს: ლიბანის კვრინჩხმა შეუთვალა ლიბანის კედარს: ცოლად მიათხოვე შენი ასული ჩემს ვაჟს. მაგრამ ჩაიარა ლიბანის გარეულმა მხეცმა და გათელა კვრინჩხი.
10. დაგიმარცხებია ედომი და გადიდგულებულხარ. ღირსეულად გეჭიროს თავი და შენთვის იჯექი სახლში. რისთვის სტეხ შფოთს? შენც დაეცემი და იუდაც შენთან ერთად.
11. ყური არ ათხოვა ამაციაჰუმ, მაშინ გამოვიდა იოაშ ისრაელის მეფე და მოსინჯეს ერთმანეთი, მან და ამაციაჰუმ, იუდას მეფემ ბეთშემეშთან, იუდაში რომ არის.
12. დამარცხდნენ იუდაელები ისრაელიანებთან და თავთავის კარვებში გაიფანტნენ.
13. ხოლო ამაციაჰუ, იუდას მეფე, იოაშ ახაზიაჰუს ძის ძე, შეიპყრო იოაშ ისრაელის მეფემ ბეთ-შემეშში და მიადგა იერუსალიმს. დაანგრია იერუსალიმის კედელი ეფრემის კარიბჭიდან კუთხის კარიბჭემდე, ოთხასი წყრთის სიგრძეზე.
14. წაიღო მთელი ოქრო-ვერცხლი და მთელი ჭურჭელი, რაც კი უფლის სახლში და მეფის სახლის საგანძურებში ინახებოდა, აიყვანა მძევლები და გაბრუნდა სამარიას.
15. იეჰოაშის დანარჩენი საქმენი, რაც გააკეთა და გმირობანი, როგორ ებრძოდა ამაციაჰუს, იუდას მეფეს, ისრაელის მეფეთა მატიანეშია ჩაწერილი.
16. განისვენა იეჰოაშმა თავის მამა-პაპასთან და დაიმარხა სამარიაში ისრაელის მეფეთა გვერდით; მის ნაცვლად მისი ძე იერობოამი გამეფდა.
17. ისრაელის მეფის იეჰოაშ იეჰოახაზის ძის სიკვდილის შემდეგ თხუთმეტი წელი იცოცხლა ამაციაჰუ იოაშის ძემ, იუდას მეფემ.
18. ამაციაჰუს დანარჩენი საქმენი იუდას მეფეთა მატიანეშია ჩაწერილი.
19. შეითქვნენ მის წინააღმდეგ იერუსალიმში და თავი შეაფარა მან ლაქიშს. მიუგზავნეს კაცები ლაქიშში და იქ მოკლეს.
20. წამოასვენეს ცხენებით და დამარხეს იერუსალიმში თავისი მამა-პაპის გვერდით, დავითის ქალაქში.
21. გამოიყვანა იუდას მთელმა ხალხმა ყაზარია, თექვსმეტი წლის ყმაწვილი, და მამამისის, ამაციაჰუს ნაცვლად გაამეფეს.
22. მან აღადგინა ელათი და დაუბრუნა იუდას. მერე განისვენა მეფემ თავის მამა-პაპასთან.
23. იუდას მეფის ამაციაჰუ იოაშის ძის მეთხუთმეტე წელს გამეფდა იერობოამ იოაშის ძე, ისრაელის მეფე, სამარიაში და იმეფა ორმოცდაერთი წელი.
24. უკუღმართად იქცეოდა იგი უფლის თვალში და არ მიუტოვებია იერობოამ ნაბატის ძის ცოდვები, რომელმაც შეაცდინა ისრაელი.
25. მან აღადგინა ისრაელის საზღვრები ხამათის ყელიდან უდაბნოს ზღვამდე, როგორც ნათქვამი ჰქონდა უფალს, ისრაელის ღმერთს, თავისი მორჩილის, გათხეფერელი წინასწარმეტყველის, იონა ამითაის ძის, პირით.
26. რადგან დაინახა უფალმა ისრაელის გაჭირვება, ძალზე მწარე, არ დარჩენილა არც ყმა და არც აზატი, და არ ჰყავდა შემწე ისრაელს.
27. არ ინება უფალმა ისრაელის სახსენებლის მოსპობა ცისქვეშეთიდან და იერობოამ იოაშის ძის ხელით იხსნა იგი.
28. იერობოამის დანარჩენი საქმენი, ყველაფერი, რაც გააკეთა, მისი გმირობანი, რომ იბრძოდა და ისრაელს დაუბრუნა იუდას კუთვნილი დამასკო და ხამათი, ისრაელის მეფეთა მატიანეშია ჩაწერილი.
29. განისვენა იერობოამმა თავის მამა-პაპასთან, ისრაელის მეფეებთან. მის ნაცვლად მისი ძე ზაქარია გამეფდა.