1. ფეკახ რემალიაჰუს ძის მეჩვიდმეტე წელს გამეფდა ახაზ იოთამის ძე, იუდას მეფე.
2. ოცი წლისა იყო ახაზი, როცა გამეფდა და თექვსმეტი წელი იმეფა იერუსალიმში. არ იქცეოდა სწორად უფლის, თავისი ღვთის თვალში, როგორც იქცეოდა მამამისი დავითი.
3. დადიოდა ისრაელის მეფეთა გზით; თავისი შვილიც კი ცეცხლში გაატარა, იმ წარმართთა ბილწი ჩვეულებისამებრ, რომელნიც აჰყარა უფალმა ისრაელიანთაგან.
4. მსხვერპლს სწირავდა და საკმეველს აკმევდა გორაკებზე, ბორცვებზე და ყოველი ხემხვივანის ქვეშ.
5. მაშინ აღდგნენ რეცინი, არამის მეფე, და ფეკახ რემალიაჰუს ძე, ისრაელის მეფე, იერუსალიმის წინააღმდეგ საომრად, მოიმწყვდიეს ახაზი, მაგრამ ვერ სძლიეს მას.
6. იმხანად დაუბრუნა რეცინმა, არამის მეფემ, ელათი არამს და აჰყარა იუდაელები ელათიდან. ედომელები შევიდნენ ელათში და დღემდე იქ ცხოვრობენ.
7. გაუგზავნა ახაზმა თიგლათფალასარს, აშურის მეფეს, მოციქულები და შეუთვალა: შენი მორჩილი და შენი შვილი ვარ მე. მოდი და მიხსენი არამის მეფისა და ისრაელის მეფისგან, რომელნიც აღდგნენ ჩემს წინააღმდეგ.
8. აიღო ახაზმა ოქრო-ვერცხლი, რაც კი უფლის სახლში და მეფის სახლის საგანძურებში იპოებოდა და ძღვნად გაუგზავნა აშურის მეფეს.
9. ისმინა მისი აშურის მეფემ და მოადგა აშურის მეფე დამასკოს, აიღო იგი, ხალხი კირში გადაასახლა, ხოლო რეცინი მოკლა.
10. წავიდა მეფე ახაზი აშურის მეფის, თიგლათფალასარის მისაგებებლად დამასკოში; ნახა სამსხვერპლო, დამასკოში რომ იყო, და გაუგზავნა მეფე ახაზმა ურია მღვდელს სამსხვერპლოს ნახატი და მთელი ნაგებობის გეგმა.
11. ააშენა ურია მღვდელმა სამსხვერპლო; როგორც შეუთვალა მეფე ახაზმა დამასკოდან, ისე გააკეთა ყველაფერი ურია მღვდელმა მეფე ახაზის დაბრუნებამდე დამასკოდან.
12. დაბრუნდა მეფე დამასკოდან და იხილა მეფემ სამსხვერპლო, მიეახლა მეფე სამსხვერპლოს და მიიტანა მსხვერპლი.
13. და დაწვა აღსავლენი მსხვერპლი და შესაწირავი, დაღვარა საღვრელი, და თავისი სამადლობელი მსხვერპლის სისხლი ასხურა სამსხვერპლოს.
14. სპილენძის სამსხვერპლო კი, უფლის წინაშე რომ იდგა, გადაანაცვლა ტაძრის წინა მხრიდან, სამსხვერპლოსა და უფლის სახლის შუა ადგილიდან და მოათავსა სამსხვერპლოს გვერდით ჩრდილოეთის მხარეს.
15. ასე უბრძანა მეფე ახაზმა ურია მღვდელს: დიდ სამსხვერპლოზე დაწვი დილის აღსავლენი მსხვერპლი და საღამოს ძღვენი, მეფის აღსავლენი მსხვერპლი და მისი ძღვენი, ქვეყნის მთელი ხალხის აღსავლენი მსხვერპლი, მათი ძღვენი და მათი საღვრელი; ყოველი აღსავლენის სისხლი და ყოველი საკლავის სისხლი ასხურე მას; სპილენძის სამსხვერპლო კი სამკითხაოდ მექნება.
16. ყველაფერი ისე გააკეთა ურია მღვდელმა, როგორც უბრძანა მას მეფე ახაზმა.
17. მოახლიჩა მეფე ახაზმა კედლები კვარცხლბეკებს, მოხსნა მათი საბანელი, ჩამოიღო ზღვა სპილენძის ხარებიდან, რომლებზედაც იდგა ის, და ქვის იატაკზე დადგა.
18. საშაბათო ტალანი, სახლში რომ იყო გაყვანილი, და გარეთა სამეფო შესასვლელი უფლის სახლისკენ მოაქცია აშურის მეფის გულისთვის.
19. ახაზის დანარჩენი საქმენი, რაც გაუკეთებია, იუდას მეფეთა მატიანეშია ჩაწერილი.
20. განისვენა ახაზმა თავის მამა-პაპასთან და დაიმარხა თავისი მამა-პაპის გვერდით დავითის ქალაქში. მის ნაცვლად მისი ძე, ხიზკიაჰუ გამეფდა.