1. ისრაელის მეფის, ჰოშეაყ ელას ძის, მესამე წელს გამეფდა ხიზკია ახაზიას ძე, იუდას მეფე.
2. ოცდახუთი წლისა იყო, როცა გამეფდა და ოცდაცხრა წელი იმეფა იერუსალიმში. დედამისი იყო აბი, ზაქარიას ასული.
3. სწორად იქცეოდა იგი უფლის თვალში, როგორც დავითი, მამამისი იქცეოდა.
4. მან გააუქმა გორაკები, დალეწა სვეტები, აჩეხა აშერა და დაამტვრია სპილენძის გველი, მოსეს გაკეთებული, რადგან იმ დრომდე საკმეველს უკმევდნენ მას ისრაელიანები და ნეხუშთანს უწოდებდნენ.
5. უფალს, ისრაელის ღმერთს, ესავდა იგი; არც მანამდე ყოფილა მისი მსგავსი ისრაელის მეფეთა შორის და არც მის მერე იქნება.
6. მიეწება იგი უფალს, არ განდგომია მას, და იცავდა მის ნაბრძანებს, მოსეს რომ უბრძანა უფალმა.
7. უფალი იყო მასთან და, სადაც კი წავიდოდა, ყველგან გონივრულად იქცეოდა. განუდგა იგი აშურის მეფეს, აღარ დაემორჩილა.
8. მან დაამარცხა ფილისტიმელები ღაზამდე და მისი მხარე საყარაულო გოდოლიდან ციხე-ქალაქამდე.
9. მეფეს ხიზკიას მეოთხე წელს, ანუ ისრაელის მეფის, ჰოშეაყ ელას ძის მეშვიდე წელს, წამოვიდა სამარიაზე აშურის მეფე შალმანასერი და ალყა შემოარტყა მას.
10. სამი წლის ბოლოს აიღეს იგი. ხიზკიას მეექვსე წელს, ანუ ისრაელის მეფის, ჰოშეაყის მეცხრე წელს აღებული იქნა სამარია.
11. გადაასახლა აშურის მეფემ ისრაელი აშურში და დაასახლა ხალახში და ხაბორზე, გოზანის მდინარეზე, და მიდიის ქალაქებში,
12. იმის გამო, რომ არ ისმინეს უფლის, მათი ღვთის ხმა, დაარღვიეს მისი აღთქმა, ყველაფერი, რაც უბრძანა მათ მოსემ, უფლის მორჩილმა; არც ისმენდნენ და არც ასრულებდნენ.
13. ხიზკიას მეთოთხმეტე წელს მიუხდა აშურის მეფე სანხერიბი იუდას ყველა ციხე-ქალაქს და ხელთ იგდო ისინი.
14. შეუთვალა იუდას მეფემ, ხიზკიამ, აშურის მეფეს ლახიშში: დამნაშავე ვარ. გაბრუნდი ჩემგან. რასაც დამაკისრებ, ვიტვირთავ. დააკისრა აშურის მეფემ ხიზკიას, იუდას მეფეს, სამასი ქანქარი ვერცხლი და ოცდაათი ქანქარი ოქრო.
15. გასცა ხიზკიამ მთელი ვერცხლი, რაც კი უფლის სახლში და მეფის სახლის საგანძურებში იპოვებოდა.
16. მაშინ ჩამოფხიკა ხიზკიამ უფლის ტაძრის კარები და სვეტები, რომლებიც თავად ხიზკიას, იუდას მეფის, მოოქროვილი იყო, და მისცა აშურის მეფეს.
17. გაგზავნა აშურის მეფემ ლაქიშიდან თართანი, რაბსარისი და რაბშაკე დიდძალი ჯარით მეფე ხიზკიასთან იერუსალიმში. წამოვიდნენ და მოვიდნენ იერუსალიმში; წამოვიდნენ, მოვიდნენ და დადგნენ ზემო ტბორის არხთან, მრეცხავთა მინდვრის გზაზე რომ არის.
18. დაუძახეს მეფეს და გამოვიდნენ სასახლის მოურავი ელიაკიმ ხილკიაჰუს ძე, შებნა მწერალი და იოახ ასაფის ძე, მემატიანე.
19. უთხრა მათ რაბშაკემ: უთხარით ხიზკიას: ასე ამბობს-თქო დიდი მეფე, აშურის მეფე: რისი იმედი გაქვს, ასე რომ დაიმედებულხარ?
20. ფუჭ სიტყვებს ლაპარაკობ. თათბირი და სიმამაცე უნდა ბრძოლას. შენ კი რისი იმედით განმიდექი?
21. დანდობიხარ მაგ გადატეხილ ლერწამს - ეგვიპტეს, რომელიც, თუ კაცი დაეყრდნო, ხელში შეერჭობა და გაუხვრეტს. ასეთია ფარაონი, ეგვიპტის მეფე, ყველასათვის, ვისაც კი მისი იმედი აქვს.
22. რომ მეუბნებით, უფლის, ჩვენი ღმერთის იმედი გვაქვსო, ეს ის ღმერთი ხომ არ არის, რომლის გორაკები და სამსხვერპლოები ხიზკიამ გააუქმა და უთხრა იუდას და იერუსალიმს: ამ სამსხვერპლოსთან ეცით თაყვანი იერუსალიმშიო?
23. ახლა მოდი და დაუზავდი ჩემს ბატონს, აშურის მეფეს. ათას ცხენს მე მოგცემ, აბა, თუ მხედრებს იშოვი მათთვის.
24. როგორ გააბრუნებ ერთ მოხელესაც კი ჩემი ბატონის უმცირეს მორჩილთაგან, როცა ეგვიპტის ეტლების და ცხენების იმედზე ხარ?
25. მერედა, განა უფლის ნების გარეშე მოვადექი ამ ადგილს გასანადგურებლად? უფალმა მიბრძანა: მიუხდი მაგ ქვეყანას და გაანადგურე.
26. მიუგეს ელიაკიმ ხილკიას ძემ, შებნამ და იოახმა რაბშაკეს: ელაპარაკე შენს მორჩილთ არამის ენაზე, რადგან გვესმის. იუდაურად ნუ გველაპარაკები ამ ხალხის გასაგონად, გალავანზე რომ არიან.
27. უთხრა მათ რაბშაკემ: მხოლოდ შენს ბატონთან და შენთან სალაპარაკოდ როდი გამომგზავნა ჩემმა ბატონმა, არამედ მაგ ხალხთანაც, გალავანზე რომ დამსხდარა, რომ თქვენთან ერთად ჭამოს თავისი განავალი და სვას თავისი შარდი.
28. დადგა რაბშაკე და ხმამაღლა გაჰყვირა იუდაურად და თქვა: ისმინეთ სიტყვა, დიდი მეფისა, აშურის მეფისა.
29. ასე ამბობს მეფე: არ შეგაცდინოთ ხიზკიამ, რადგან ვერ გიხსნით იგი ჩემი ხელიდან.
30. ნუ გაიმედებთ ხიზკია, გვიხსნისო უფალი და არ ჩაუგდებსო ხელში ამ ქალაქს აშურის მეფეს.
31. ნუ დაუჯერებთ ხიზკიას, რადგან ასე ამბობს აშურის მეფე: დამიზავდით და გადმოდით ჩემს მხარეზე, ჭამოს თითოეულმა თავისი ყურძენი და ლეღვი, და სვას თავისი ჭის წყალი.
32. სანამ მოვიდოდე და წაგიყვანდეთ თქვენი ქვეყნისნაირ ქვეყანაში, პურისა და ღვინის ქვეყანაში, ყანებისა და ვენახების ქვეყანაში, ზეთისხილისა და თაფლის ქვეყანაში, იცოცხლებთ და არ დაიხოცებით. ნუ დაუჯერებთ ხიზაკიას, რადგან გაცთუნებთ, რომ გეუბნებათ, უფალი გვიხსნისო.
33. როდის უხსნიათ ღმერთებს თავ-თავისი ქვეყნები აშურის მეფის ხელიდან?
34. სად არიან ხამათისა და არფადის ღმერთები? სად არიან სეფარვაიმის, ჰენაყის და ღივას ღმერთები? თუ იხსნეს სამარია ჩემი ხელიდან?
35. რომელმა ღმერთმა იხსნა ამ ქვეყნის ღმერთებს შორის თავისი ქვეყანა ჩემი ხელიდან, რომ უფალმა იხსნას იერუსალიმი ჩემი ხელიდან?
36. დუმდა ხალხი და პასუხს არ აძლევდა, რადგან მეფისგან ჰქონდათ ნაბრძანები, არ გაეცათ პასუხი.
37. მივიდნენ ელიაკიმ ხილკიას ძე, სასახლის მოურავი, შებნა მწერალი და იოახ ასაფის ძე, მემატიანე, ხიზკიაჰუსთან შემოხეული ტანისამოსით და მოახსენეს მეფეს რაბშაკეს სიტყვები.