1. როცა უფალი ელიას ცადაყვანას აპირებდა ქარბორბალათი, გილგალიდან გადიოდა ამ დროს ელია ელისესთან ერთად.
2. უთხრა ელიამ ელისეს: აქ დარჩი, რადგან ბეთელში მაგზავნის უფალი. მიუგო ელისემ: უფალს და შენს თავს გეფიცები, არ მიგატოვებ. და წავიდნენ ბეთელს.
3. გამოვიდა ბეთელის წინასწარმეტყველთა გუნდი ელისესაკენ და უთხრეს: ხომ იცი, რომ დღეს წაიყვანს უფალი შენს ბატონს შენს თავს ზემოთ? მიუგო: მეც ვიცი. იდუმეთ.
4. უთხრა მას ელიამ: ელისე! აქ დარჩი, რადგან იერიხონში მაგზავნის უფალი. მიუგო: უფალს და შენს თავს გეფიცები, თუ მიგატოვო. და წავიდნენ იერიხონში.
5. მიადგა ელისეს იერიხონის წინასწარმეტყველთა გუნდი და უთხრა: ხომ იცი, რომ დღეს წაიყვანს უფალი შენს ბატონს შენს თავს ზემოთ? მიუგო ელისემ: მეც ვიცი. იდუმეთ.
6. უთხრა მას ელიამ: აქ დარჩი, რადგან იორდანეზე მგზავნის უფალი. მიუგო: უფალს და შენს თავს გეფიცები, თუ მიგატოვო. წავიდნენ ორნი.
7. წამოვიდა ორმოცდაათი კაცი წინასწარმეტყველთა გუნდიდან და მოშორებით დადგნენ მათ პირისპირ. ეს ორნი იორდანესთან იდგნენ.
8. აიღო ელიამ თავისი მოსასხამი, დაგორგლა და დაარტყა წყალს, შუა გაიპო წყალი და ორივენი მშრალად გავიდნენ.
9. როცა გაღმა იყვნენ გასული, უთხრა ელიამ ელისეს: მთხოვე, რა გაგიკეთო, ვიდრე ავმაღლდებოდე შენგან. მიუგო ელისემ: შენი სულის ორმაგი წილი გადმოვიდეს ჩემზე.
10. უთხრა: ძნელს რასმე ითხოვ. თუ მომკრავ თვალს შენგან ამაღლებულს, აგისრულდება; თუ ვერა, და არ აგისრულდება.
11. როცა მიდიოდნენ და მისაუბრობდნენ, აჰა, ჩადგა მათ შორის ცეცხლის ეტლი და ცეცხლის ცხენები და განაშორა ორნი ერთმანეთს და ცად ავიდა ელია ქარბორბალათი.
12. უყურებდა ელისე და ეძახდა: ჩემო მამავ, ჩემო მამავ! ისრაელის ეტლო და მხედრობავ! მეტი არაფერი დაუნახავს. ხელი ჩაავლო თავის სამოსელს და ორად გახია.
13. აიღო მოსასხამი, ელიას რომ დაუვარდა, გაბრუნდა და იორდანეს ნაპირზე ჩამოჯდა.
14. დაარტყა წყალს მოსასხამი, ელიას რომ დაუვარდა, და თქვა: სად არის უფალი, ელიას ღმერთი? დაარტყა წყალს და შუა გაიპო წყალი და გავიდა ელისე გაღმა.
15. შორიდან დაინახეს იგი იერიხონში მყოფმა წინასწარმეტყველებმა და თქვეს: ელიას სული გადმოვიდა ელისეზე. მიეგებნენ და მიწამდე თაყვანისცეს.
16. უთხრეს: აჰა, ორმოცდაათი მარჯვე კაცი გვყავს შენს მორჩილთ; თუ გინდა წავლენ და მოგიძებნიან შენს ბატონს. იქნებ უფლის სულმა აიტაცა და სადმე მთაში, ან ხევში ჩამოაგდო. მიუგო: ნუ გაგზავნით.
17. დიდხანს არ ეშვებოდნენ და ბოლოს უთხრა: გაგზავნეთ. გაგზავნეს ორმოცდაათი კაცი; სამ დღეს ეძებს, მაგრამ ვერ იპოვეს.
18. მობრუნდნენ ელისესთან, რომელიც იერიხონმი იჯდა; უთხრა მან: ხომ გეუბნებოდით, ნუ წახვალთ-მეთქი.
19. უთხრეს ქალაქის მცხოვრებლებმა ელისეს: კარგი მდებარეობა აქვს ამ ქალაქს, როგორც თავად ხედავს ჩემი ბატონი; მაგრამ ცუდი წყალი აქვს და უნაყოფო მიწა.
20. თქვა: მომეცით ახალი თასი და მარილი ჩაყარეთ შიგ. მისცეს.
21. ავიდა წყლის სათავესთან და ჩაყარა მარილი, თქვა: ასე ამბობს უფალი: განმიკურნავს ეს წყალი. ამიერიდან ნუღარ იქნება მისგან სიკვდილი და უნაყოფობა.
22. დღემდე ჯანსაღია ეს წყალი ელისეს სიტყვით, რომელიც წარმოთქვა მან.
23. იქიდან ბეთელისკენ დაიძრა. აღმართს რომ შეუყვა, პატარა ბიჭები გამოვიდნენ ქალაქიდან, დასცინოდნენ და მისძახოდნენ: წადი, ქაჩალო! წადი, ქაჩალო!
24. უკან მოხედა, დაინახა ისინი და უფლის სახელით შეაჩვენა. გამოვიდა ტყიდან ორი დათვი და დაგლიჯეს მათგან ორმოცდაორი ბავშვი.
25. იქიდან ქარმელის მთისკენ წავიდა და კვლავ სამარიაში დაბრუნდა.