1. თორმეტი წლისა იყო მენაშე, როცა გამეფდა და ორმოცდაათი წელი იმეფა იერუსალიმში. დედამისი იყო ხეფციბა.
2. უკუღმართად იქცეოდა უფლის თვალში, იმ ხალხების სიბილწეთა კვალზე, რომლებიც აჰყარა უფალმა ისრაელიანთაგან.
3. ისევ ააგო გორაკები, მამამისმა ხიზკიამ რომ მოსპო, სამსხვერპლოები აღუმართა ბაალს, გააკეთა აშერა, როგორც ახაბ ისრაელის მეფეს ჰქონდა გაშენებული; თაყვანს სცემდა ცის ვარსკვლავებს და ემსახურებოდა მათ.
4. ააშენა სამსხვერპლოები უფლის სახლში, რაზეც ნაბრძანები ჰქონდა უფალს, იერუსალიმში დავდებო ჩემს სახელს.
5. აუშენა სამსხვერპლოები ცის მთელ ვარსკვლავეთს უფალის სახლის ორსავე ეზოში.
6. ცეცხლში ატარებდა თავის შვილს, მკითხაობდა, მისნობდა და განაწესა სულთა გამომხმობნი და ჯადოქრები, ბევრ უკუღმართობას სჩადიოდა უფლის თვალში მის განსარისხებლად.
7. გააკეთა აშერას კერპი და დადგა სახლში, რომელზეც ეუბნებოდა უფალი დავითს და მის ძეს სოლომონს: ამ სახლში და იერუსალიმში, რომელიც მე ამოვირჩიე ისრაელის ყველა შტოდან, სამარადისოდ დავამკვიდრებო ჩემს სახელს.
8. აღარ მოვაცვლევინებ ფეხს ისრაელის ამ მიწიდან, რომელიც მივეცი მის მამა-პაპას, ოღონდ მოექცნენ ისე, როგორც ვუბრძანე, და თანახმად რჯულისა, ჩემმა მორჩილმა მოსემ რომ დაუწესაო მათ.
9. მაგრამ არ ისმინეს. აცთუნა ისინი მენაშემ და იმ ხალხებზე უფრო უკუღმართად იქცეოდნენ, რომლებიც ამოწყვიტა უფალმა ისრაელიანთა გულისთვის.
10. ამბობდა უფალი თავის მორჩილთა, წინასწარმეტყველთა, პირით:
11. იმის გამო, რომ ჩაიდინა მენაშემ, იუდას მეფემ, ეს სიბილწენი, გადააჭარბა უკუღმართის ქმნაში ამორეველებს, მასზე წინ რომ იყვნენ, და იუდაც შეაცდინა თავისი კერპებით,
12. ამიტომაც, ასე ამბობს უფალი, ისრაელის ღმერთი: აჰა, ისეთ ბოროტებას დავატეხ იერუსალიმს და იუდას, რომ ორთავე სასმენელნი გაუყრუვდება ამის გამგონეს.
13. სამარიის ლარს და აქაბის სახლის შვეულს გადავჭიმავ იერუსალიმზე, პირწმინდად ამოვრეცხ იერუსალიმს, როგორც ჯამს ამორეცხავს კაცი, ამორეცხავს და გადმოაპირქვავებს.
14. მივატოვებ ჩემი წილხვედრილის ნარჩომს და მტრებს ჩავუგდებ ხელში, საძარცვავად და დასატაცებლად შეიქნებიან მათი მტრებისათვის,
15. რადგან უკუღმართად იქცეოდნენ ჩემს თვალში და მაჯავრებდნენ იმ დღიდან მოკიდებული, რაც მათი მამა-პაპა გამოვიდა ეგვიპტიდან, დღევანდლამდე.
16. უბრალო სისხლიც ბევრი დაღვარა მენაშემ, ისე რომ პირთამდე აავსო იერუსალიმი, გარდა იმ ცოდვისა, იუდა რომ შეაცდინა და უფლის თვალში უკუღმართი საქმე აკეთებინა.
17. მენაშეს დანარჩენი საქმენი, ყველაფერი, რაც გაუკეთებია, მისი ცოდვები, რაც კი შეუცოდავს, იუდას მეფეთა მატიანეშია ჩაწერილი.
18. განისვენა მენაშემ თავის მამა-პაპასთან და დაიმარხა თავისი სასახლის ბაღში, ყუზას ბაღში. მის ნაცვლად მისი ძე ამონი გამეფდა.
19. ოცდაორი წლისა იყო ამონი, როცა გამეფდა, და ორი წელი იმეფა იერუსალიმში. მისი დედა იყო მეშულემეთი, ხარუცის ასული, იატბიდან.
20. უკუღმართად იქცეოდა უფლის თვალში, როგორც მამამისი მენაშე იქცეოდა.
21. ყველაფერში იმ გზას ადგა, რითაც მამამისი დადიოდა, და ემსახურებოდა იმ კერპებს, რომელთაც მამამისი ემსახურებოდა და თაყვანს სცემდა.
22. დავიწყებული ჰყავდა უფალი, თავისი მამა-პაპის ღმერთი, და უფლის გზით არ დადიოდა.
23. შეთქმულება მოუწყეს ამონს მისმა მორჩილებმა და საკუთარ სახლში მოკლეს მეფე.
24. დახოცა ქვეყნის ერმა მეფე ამონის წინააღმდეგ შეთქმულნი. მის ნაცვლად მისი ძე, იოშია გაამეფა ქვეყნის ერმა.
25. ამონის დანარჩენი საქმენი, რაც გაუკეთებია, იუდას მეფეთა მატიანეშია ჩაწერილი.
26. დამარხეს იგი თავის სამარხში, ყუზას ბაღში, და მის ნაცვლად მისი ძე, იოშია გამეფდა.