1. შეუთვალა მეფემ და შეიკრიბა მასთან იუდას მთელი უხუცესობა და იერუსალიმი.
2. ავიდა მეფე უფლის სახლში და ყველა იუდაელი, და იერუსალიმის ყოველი მცხოვრებნი, მასთან ერთად მღვდლები და წინასწარმეტყველნი, მთელი ერი დიდიან-პატარიანად, და ხმამაღლა წაუკითხა მათ მეფემ ყოველი სიტყვა აღთქმის წიგნისა, რომელიც უფლის სახლში იპოვეს.
3. შედგა მეფე ამაღლებულზე და დადო აღთქმა უფლის წინაშე, რომ ივლიდა უფლის კვალზე, ყურად იღებდა მის ბრძანებებს, მის გაფრთხილებებს და მის წესებს მთელი გულითა და სულით, რათა აღსრულებულიყო ამ წიგნში ჩაწერილი აღთქმის სიტყვები. მოიწონა აღთქმა მთელმა ერმა.
4. გამოატანინა მეფემ ხილკია მღვდელმთავარს, მეორე ხარისხის მღვდლებს და ზღურბლის მცველებს უფლის ტაძრიდან ბაალისთვის, ამ აშერასათვის და ცის მთელი ვარსკვლავეთისთვის გაკეთებული ნივთები და ცეცხლს მისცა იერუსალიმს გარეთ, კედრონის ყანებში, ხოლო ნაცარი ბეთელში წაიღო.
5. გაყარა იუდას მეფეთა მიერ დაყენებული ქურუმები, რომლებიც მსხვერპლს სწირავდნენ გორაკებზე იუდას ქალაქებში და იერუსალიმის სანახებში, და ბაალის, მზისა და მთვარის, ცთომილთა და ცის მთელი ვარსკვლავეთისთვის გუნდრუკის მკმეველნი.
6. გაიტანა აშერა უფლის სახლიდან იერუსალიმს გარეთ, კედრონის ხევისკენ, დაწვა კედრონის ხევში, ნაცარტუტად აქცია და მისი ფერფლი მდაბიორთა სასაფლაოზე დაყარა.
7. დაანგრია უფლის ტაძართან მდგარი როსკიპთა სახლები, სადაც დედაკაცები კარვებს უქსოვდნენ აშერას.
8. გამოყარა იუდას ქალაქებიდან მღვდლები და წაბილწა გორაკები, სადაც აკმევდნენ ისინი გუნდრუკს, გებაყიდან ბერშებამდე, და დაანგრია კარიბჭის გორაკები, ერთი - ქალაქის მთავრის, იესოს, კარიბჭის შესასვლელთან რომ იყო, და მეორე - ქალაქის კარიბჭის ხელმარცხნივ.
9. თუმცა გორაკთა მღვდლები არ აღავლენდნენ უფლის სამსხვერპლოზე იერუსალიმში, მაგრამ ხმიადებს კი ჭამდნენ თავიანთ მოძმეებთან ერთად.
10. წაბილწა თოფეთი, ჰინომის ძეთა ველზე რომ იყო, რათა არავის გაეტარებინა ცეცხლში მოლოქისთვის თავისი ვაჟი ან ასული.
11. გაუშვა ცხენები, რომლებიც იუდას ნეფეებს მზისთვის ჰყავდათ მიძღვნილი უფლის სახლში შესასვლელის წინ, კარისკაც ნათან-მელექის პალატთან, გარეუბანში რომ არის; მზის ეტლები კი ცეცხლში დაწვა.
12. სამსხვერპლოებიც, ახაზისეული სამყოფელის ბანზე იუდას მეფეებმა რომ აღმართეს, და სამსხვერპლოები, რომლებიც აღმართა მენაშემ უფლის სახლის ორთავე ეზოში, დაანგრია მეფემ, მოაშორა იქაურობას და კედრონის ხევში ჩაყარა მისი ფერფლი.
13. წაბილწა გორაკები, იერუსალიმის გასწვრივ რომ არის, წარწყმედის მთის მარჯვნივ, რომლებიც სოლომონ ისრაელის მეფემ მოუწყო აშთორეთს, ციდონელთა სიბილწეს, ქამოშს, მოაბის სიბილწეს, და მილქომს, ყამონიანთა სისაძაგლეს.
14. დაამტვრია სვეტები და გაჩეხა მუხნარი, ადამიანის ძვლებით აავსო ის ადგილი.
15. ბეთელის სამსხვერპლოც და ისრაელის შემაცდენელის, იერობოამ ნაბატის ძის გამართული გორაკი, ეს სამსხვერპლოც და გორაკი დაანგრია; გადაწვა გორაკი და გააცამტვერა, გადაწვა აშერაც.
16. გაიხედა იოშიამ და დაინახა სამარხები, მთაზე რომ იყო, ამოაღებინა სამარხებიდან ძვლები, სამსხვერპლოზე დააწვევინა და ამით წაბილწა იგი უფლის სიტყვისამებრ, როგორც გამოცხადებული ჰქონდა ღვთისკაცს, რომელმაც წინასწარ აუწყა ეს ამბები.
17. თქვა: ეს რა ძეგლია, აქ რომ ვხედავ? მიუგეს ქალაქის მცხოვრებლებმა: იუდადან მოსული ღვთისკაცის სამარხია, რომელმაც ეს ამბები გვიწინასწარმეგყველა, შენ რომ დაათიე ახლა ბეთელის სამსხვერპლოებს.
18. თქვა: მოასვენეთ, ნურვინ დაძრავს მის ძვლებს. ასე იხსნა მისმა ძვლებმა სამარიიდან მოსული წინასწარმეტყველის ძვლები.
19. ასევე გორაკთა ყველა სახლი, სამარიის ქალაქებში რომ ჰქონდათ აშენებული ისრაელის მეფეებს უფლის გასარისხებლად, დაანგრია იოშიამ და ისეთივე დღე დააწია მათ, როგორც ბეთელში.
20. სამსხვერპლოებზე დაკლა გორაკთა მღვდლები, ვინც კი იქ იყო, ზედ დაწვა ადამიანის ძვლები და იერუსალიმში დაბრუნდა.
21. ასე უბრძანა მეფემ მთელს ერს: მოუმზადეთ პასექი უფალს, თქვენს ღმერთს, როგორც ამ აღთქმის წიგნში სწერია.
22. რადგან არ მომზადებულა ამგვარი პასექი არც მსაჯულთა დროიდან, რომლებიც განაგებდნენ ისრაელს, და არც ისრაელის მეფეთა და იუდას მეფეთა ხანაში.
23. მეფე იოშიას მეთვრამეტე წელს მომზადდა ეს პასექი უფლისათვის იერუსალიმში.
24. ასევე მესულთანეებიც, ჯადოქრები, თერაფიმები, კერპები და ყოველი სისაძაგლე, რაც კი გამოჩნდა იუდას ქვეყანაში და იერუსალიმში, აღმოფხვრა იოშიამ, რათა აღსრულებულიყო იმ წიგნში დაწერილი აღთქმის სიტყვები, რომელიც უფლის სახლში იპოვნა ხილკია მღვდელმა.
25. არ ყოფილა მანამდე მისი მსგავსი მეფე, რომელიე მთელი გულითა და სულით, მთელი თავისი არსებით, მოსეს რჯულის თანახმად, ყოფილიყო მოქცეული უფლისადმი. არც მის მერე გამოჩენილა მისი მსგავსი.
26. მაგრამ არ მოჰბრუნებია გული უფალს დიდი რისხვისაგან, რომელიც აღიგზნო იუდაში ყველა იმ წყენის გამო, მენაშემ რომ აწყენინა მას.
27. თქვა უფალმა: იუდასაც მოვიშორებ ჩემგან, როგორც ისრაელი მოვიშორე; არად ჩავაგდებ ამ ქალაქს, იერუსალიმს, რომელიც ავირჩიე, იერუსალიმს და სახლს, რომელზეც ვთქვი, აქ იქნება-მეთქი ჩემი სახელი.
28. იოშიას დანარჩენი საქმენი, ყველაფერი, რაც გაუკეთებია, იუდას მეფეთა მატიანეშია ჩაწერილი.
29. მის დროს გამოვიდა ფარაონი ნექო, ეგვიპტელთა მეფე, აშურის მეფის წინააღმდეგ, მდინარე ევფრაგზე. გაემართა მეფე იოშია მის შესახვედრად, და მოკლა იგი ფარაონმა მეგიდოში, დანახვისთანავე.
30. წაასვენეს იგი მისმა მორჩილებმა მეგიდოდან იერუსალიმში და მის სამარხში დამარხეს. გამოიყვანა ქვეყნის ერმა იეჰოახაზი, იოშიას ძე, სცხო ზეთი და მამამისის ნაცვლად გაამეფა.
31. ოცდასამი წლისა იყო იეჰოახაზი, როცა გამეფდა, და სამი თვე იმეფა იერუსალიმში. მისი დედა იყო ხამიტალი, იერემიას ასული, ლიბნადან.
32. უკუღმართად იქცეოდა უფლის თვალში, როგორც მისი მამა-პაპანი იქცეოდნენ.
33. დააკავა იგი ფარაონმა ნექომ რიბლაში, ხამათის ქვეყანაში, რომ იერუსალიმში არ ემეფა, და დააკისრა ქვეყანას ასი ქანქარი ვერცხლი და ერთი ქანქარი ოქრო.
34. გაამეფა ფარაონმა ნექომ ელიაკიმი, იოშიას ძე, მამამისის, იოშიას, ნაცვლად და დაარქვა სახელად იეჰოიაკიმი. ადგა იეჰოახაზი და წავიდა ეგვიპტეს და იქ მოკვდა.
35. ოქრო-ვერცხლს აძლევდა იეჰოიაკიმი ფარაონს. ოღონდ ქვეყანაზე გაანაწილა ფარაონის ბრძანებისამებრ მისაცემი ვერცხლი; ქვეყნის ერში თითოეულს მისი შეძლების მიხედვით დააკისრა ფარაონ ნექოსათვის მისცემი ვერცხლი.
36. ოცდახუთი წლისა იყო იეჰოიაკიმი, როცა გამეფდა, და თერთმეტი წელი იმეფა იერუსალიმში. მისი დედა იყო ზებუდა, ფედიას ასული, რუმადან.
37. უკუღმართად იქცეოდა უფლის თვალში, როგორც მისი მამა-პაპა იქცეოდა.