1. თავისი მეფობის მეცხრე წელს, მეცხრე თვის მეათე დღეს წამოვიდა ბაბილონის მეფე ნაბუქოდონოსორი მთელი თავისი ლაშქრითურთ იერუსალიმის წინააღმდეგ, შემოადგა მას და მიწაყრილები შემოავლო ირგვლივ.
2. ასე იყო ალყაში ქალაქი მეფე ციდკიაჰუს მეთერთმეტე წლამდე.
3. თვის მეცხრე დღეს გამძვინვარდა შიმშილობა ქალაქში და არ ჰქონდა პური ქვეყნის ერს.
4. გატყდა ქალაქი და გაიქცნენ ღამით მეომრები კარიბჭის გზით ორ კედელს შუა, სამეფო ბაღთან რომ არის. ქალაქის ირგვლივ იდგნენ ქალდეველები, ხოლო ციდკიაჰუმ მიმართა დაბლობისკენ მიმავალ გზას.
5. დაედევნა ქალდეველთა ჯარი და მიეწივნენ ერიქონის დაბლობზე. მთელი ჯარი გაეფანტა ციდკიაჰუს.
6. შეიპყრეს მეფე და მიუყვანეს ბაბილონის მეფეს რიბლაში, და მსჯავრი დასდეს.
7. თვალწინ დაუკლეს შვილები ციდკიაჰუს, ხოლო თავად მას თვალები დათხარეს, სპილენძის ბორკილები დაადეს და ბაბილონს მიიყვანეს.
8. მეხუთე თვის მეშვიდე დღეს, ესე იგი, ბაბილონის მეფის ნაბუქოდონოსორის მეცხრამეტე წელს, მოვიდა ნებუზარდანი, ქონდაქართუხუცესი, ბაბილონის მეფის მორჩილი, იერუსალიმს.
9. და გადაწვა უფლის სახლი და მეფის სახლი, იერუსალიმის ყველა სახლი, ყველა დიდი სახლი ცეცხლს მისცა.
10. დაანგრია კედლები იერუსალიმის ირგვლივ ქალდეველთა ჯარმა, რომელიც ქონდაქართუხუცესს მოჰყვა.
11. ქალაქში დარჩენილი მოსახლეობა და ისინი, ვინც ბაბილონის მეფეს ჩაბარდნენ, ჭრელ ხალხთან ერთად აჰყარა ნებუზარდანმა, ქონდაქართუხუცესმა.
12. ნაწილი ქვეყნის ხალხისა მევენახეებად და მხვნელ-მთესველებად დატოვა ქონდაქართუხუცესმა.
13. სპილენძის სვეტები, უფლის სახლში რომ იდგა, კვარცხლბეკები და სპილენძის ზღვა, უფლის სახლში რომ იდგა, დალეწეს ქალდეველებმა და სპილენძი ბაბილონში გაზიდეს.
14. ქვაბები, აქანდაზები, მაშები, კოვზები, სპილენძის ყველა ჭურჭელი, ღვთისმსახურებისას რომ იყენებდნენ, გაზიდეს;
15. სასაკმევლეები და სასხურებლები, ოქროსა და ვერცხლის რაც იყო, ქონდაქართუხუცესმა წაიღო.
16. წყვილი სვეტი, ერთი ზღვა და კვარცხლბეკები, სოლომონმა რომ დაამზადა უფლის სახლისთვის; წონა არ ჰქონდა სპილენძს, რისგანაც ეს საგნები იყო გაკეთებული.
17. თვრამეტი წყრთა იყო ერთი სვეტის სიმაღლე, ზედ სპილენძის გვირგვინი ედგა; სამი წყრთა იყო გვირგვინის სიმაღლე; ცხაური და ბროწეულები გვირგვინის გარშემო ყველაფერი სპილენძისა იყო. ასეთივე იყო მეორე სვეტი ცხაურიანად.
18. გამოიყვანა ქონდაქართუხუცესმა მღვდელმთავარი სერაია, მეორე მღვდელი ცეფანიაჰუ და სამი ზღურბლის მცველი;
19. ქალაქიდან გამოიყვანა ერთი კარისკაცი, რომელიც მეომრებზე ზედამხედველობდა, ხუთი კაცი, მეფის პირისმხილეელნი, რომელნიც ქალაქში იმყოფებოდნენ, ლაშქრის მთავარი მწერალი, რომელიც იწვევდა ჯარში ქვეყნის ერს, და ექვსასი კაცი ქვეყნის ერიდან, რომლებიც ქალაქში იმყოფებოდნენ.
20. აიყვანა ისინი ნებუზარდანმა, ქონდაქართუხუცესმა, და მიჰგვარა ბაბილონის მეფეს რიბლაში.
21. დაჰკრა მათ ბაბილონის მეფემ და დაახოცინა რიბლაში, ხამათის მხარეში. ასე აჰყარა იუდა თავისი ქვეყნიდან.
22. იუდას ქვეყანაში დარჩენილ ხალხს კი, რომელიც დატოვა იქ ნაბუქოდონოსორმა, ბაბილონის მეფემ, უფროსად მიუჩინა გედალიაჰუ, ძე ახიკამისა, შაფანის ძისა.
23. გაიგეს ჯარის სარდლებმა და მათმა ხალხმა, რომ გედალიაჰუ დანიშნა უფროსად ბაბილონის მეფემ, და ეახლნენ გედალიაჰუს მიცფაში. ესენი იყვნენ: ისმაელ ნეთანიას ძე, იონათან კარეახის. ძე, სერაია თანხუმეთის ძე, ნეტოფათიდან, იაზანიაჰუ მაყაქათელის ძე და მათი ხალხი.
24. შეჰფიცა გედალიაჰუმ მათ და მათ ხალხს და უთხრა: ნუ გეშინიათ ქალდეველთა მორჩილებისა, დასახლდით ქვეყანაში, დაემორჩილეთ ბაბილონის მეფეს და კარგი იქნება თქვენთვის.
25. მეშვიდე თვეს მოვიდა ისმაელი, ძე ნეთანიასი, ელიშამაყის ძისა, მეფეთა ნათესავი ათი კაცითურთ, და მოკლა გედალიაჰუ, და ამოხოცა იუდაელები და ქალდეველები, ვინც მიცფაში ახლდნენ მას.
26. ადგა მთელი ხალხი დიდიან-პატარიანად და მხედართმთავრები და ეგვიპტეში გადაიხვეწნენ ქალდეველების შიშით.
27. იუდას მეფის, იეჰოიაქინის გადასახლებიდან ოცდაშვიდი წლის თავზე, მეთორმეტე თვეს, თვის ოცდამეშვიდე დღეს, ევილ-მეროდახმა, ბაბილონის მეფემ, თავისი გამეფების წელს საპყრობილედან იპატივა იეჰოიაქინი, იუდას მეფე.
28. კეთილად ელაპარაკა და დაუდგა ტახტი იმ მეფეთა ტახტზე მაღლა, რომლებიც ბაბილონში ჰყავდა მას.
29. გამოუცვალა საპყრობილის ტანისამოსი და მის წინ ჭამდა იგი პურს მთელი სიცოცხლე.
30. სამუდამო იყო მისი სარჩო და ეძლეოდა მეფისაგან ყოველდღიურად, მთელი სიცოცხლე.