1. იორაბამ აქაბის ძე გამეფდა ისრაელზე სამარიაში იუდას მეფის იოშაფატის მეთვრამეტე წელს და იმეფა თორმეტი წელი.
2. უკუღმართად იქცეოდა უფლის თვალში, ოღონდ არა მამამისივით და დედამისივით. მან გადააგდო ბაალის სვეტი, მამამისმა რომ აღმართა.
3. მაგრამ მიწებებული იყო და არ განრიდებია ცოდვებს იერობოამისა, ნაბატის ძისა, რომელმაც აცთუნა ისრაელი.
4. მეშას, მოაბის მეფეს, ბევრი ცხვარი ჰყავდა და უგზავნიდა ისრაელის მეფეს ასი ათას ბატკანს და ასი ათას მატყლიან ვერძს.
5. მხოლოდ აქაბის სიკვდილის შემდეგ განუდგა მოაბის მეფე ისრაელის მეფეს.
6. გავიდა მეფე იორამი იმხანად სამარიიდან და აღრიცხა მთელი ისრაელი.
7. წავიდა და შეუთვალა იოშაფატს, იუდას მეფეს: განმიდგა მოაბის მეფე. ხომ არ წამოხვალ ჩემთან ერთად მოაბის წინააღმდეგ? მიუგო: წამოვალ. რამ გაგვყო მე და შენ, რამ გაჰყო ჩემი ხალხი და შენი ხალხი, ჩემი ცხენები და შენი ცხენები?
8. ჰკითხა: რომელი გზით წავიდეთ? მიუგო: ედომის უდაბნოს გზით.
9. წავიდნენ ისრაელის მეფე, იუდას მეფე და ედომის მეფე; იტრიალეს შვიდი დღე და ვერ ნახეს წყალი ლაშქრისთვის და პირუტყვისთვის, უკან რომ მოჰყვებოდათ.
10. თქვა ისრაელის მეფემ: აჰა, შეჰყარა უფალმა ეს სამი მეფე, მოაბს რომ ჩაუგდოს ხელში.
11. თქვა იოშაფატმა: ხომ არ არის აქ სადმე უფლის წინასწარმეტყველი, რომ უფლისთვის ვაკითხვინოთ? მიუგო ისრაელის მეფის ერთ-ერთმა მორჩილმა და თქვა: არის აქ ელისე შაფატის ძე, რომელიც ელიას უსხამდა წყალს ხელის დასაბანად.
12. თქვა იოშაფატმა: უფლის სიტყვაა მასთან. ჩააკითხეს მას ისრაელის მეფემ, იოშაფატმა და ედომის მეფემ.
13. უთხრა ელისემ ისრაელის მეფეს: რა გინდა ჩემგან? წადი მამაშენის წინასწარმეტყველებთან და დედაშენის წინასწარმეტყველებთან. მიუგო ისრაელის მეფემ: არა. იმისთვის ხომ არ შეუყრია უფალს ეს სამი მეფე, რომ მოაბს ჩაუგდოს ხელში.
14. თქვა ელისემ: ცაბაოთ უფალს გეფიცები, რომლის წინაშეც მე ვდგავარ, რომ ზედაც არ შეგხედავდი, პატივს რომ არ ვცემდე იოშაფატს, იუდას მეფეს.
15. ახლა, მომიყვანეთ მეჩანგე. როცა უკრავდა მეჩანგე, უფლის ხელი იყო ელისეზე.
16. თქვა: ასე ამბობს უფალი: თხრილები დათხარეთ ამ ხევში.
17. რადგან ასე ამბობს უფალი: ვერ დაინახავთ ქარს, ვერ დაინახავთ წვიმას, მაგრამ წყლით აივსება ეს ხევი. თქვენც სვით, თქვენმა ჯოგმაც და თქვენმა პირუტყვმაც.
18. ამას არ იკმარებს უფალი: მოაბსაც ჩაგაგდებინებთ ხელში.
19. ყველა გამაგრებულ ქალაქს, ყველა რჩეულ ქალაქს შემუსრავთ, ყველა საუკეთესო ხეს აჩეხავთ, ყველა წყაროსთვალს ამოყორავთ, საუკეთესო ყანებს ქვებით აავსებთ.
20. დილით, მსხვერპლის მიტანისას, წამოვიდა წყალი ედომის გზაზე და წყლით აივსო მიწა.
21. გაიგო მთელმა მოაბმა, რომ დაიძრნენ მეფეები მათთან საომრად. ყველამ თავი მოიყარა, სარტყლის მატარებელმა და უხნესებმაც, და დადგნენ საზღვართან.
22. გაიღვიძეს დილაადრიანად და, როცა მზე წყალზე გაბრწყინდა, მოაბელებს შორიდან წყალი სისხლივით წითელი მოეჩვენათ.
23. თქვეს: ეს სისხლია. დატაკებიან მეფეები და ერთმანეთი დაუხოცავთ. აბა, შენია - ნადავლი, მოაბ!
24. მიადგნენ ისრაელის ბანაკს. შეუტია ისრაელმა და დასცხო მოაბს და უკუაქცია. მიეწივნენ და დახოცეს მოაბელები.
25. ქალაქები დაანგრიეს, საუკეთესო ყანებში თითოეულმა თითო ქვა ისროლა და ქვებით აავსეს, ყველა წყაროსთვალი ამოყორეს, ყველა საუკეთესო ხე აჩეხეს, ქვა ქვაზე არ დაუტოვებიათ კირ-ხარაშეთში, შემოადგნენ მეშურდულენი და დააქციეს.
26. დაინახა მოაბის მეფემ, რომ იძლია ბრძოლაში, გაიყოლა შვიდასი კაცი, მახვილის ამომღები, და შეეცადა, ედომის მეფისკენ გაეღწია. მაგრამ ვერ შეძლეს.
27. მაშინ მოჰკიდა ხელი თავის პირმშოს, მის ნაცვლად რომ უნდა გამეფებულიყო, და აღსავლენ მსხვერპლად შესწირა გალავანზე. დიდად შეზარა ამან ისრაელი; მოსცილდნენ მოაბს და თავის ქვეყანაში დაბრუნდნენ.