1. ნაყამანი, არამის მეფის სარდალი, დიდად მიღებული და პატივდებული კაცი იყო თავის ბატონის წინაშე, რადგან მისი წყალობით გაამარჯვებინა უფალმა არამელებს. მამაცი კაცი იყო, მაგრამ კეთროვანი.
2. როცა სათარეშოდ იყვნენ გასული არამელები, ტყვედ წამოიყვანეს ისრაელის ქვეყნიდან პატარა გოგონა. ნაყამანის ცოლს ემსახურებოდა იგი.
3. უთხრა თავის ქალბატონს: ნეტავ მისულიყო ჩემი ბატონი წინასწარმეტყველთან სამარიაში, ხომ განკურნავდა კეთრისგან.
4. მივიდა და უამბო თავის ბატონს, ასე და ასე ამბობსო ისრაელის ქვეყნიდან წამოყვანილი გოგონა.
5. თქვა არამის მეფემ: წადი, წერილს გაგატან ისრაელის მეფესთან. წავიდა, და თან წაიღო ათი ქანქარი ვერცხლი, ექვსი ათასი შეკელი ოქრო და ათი ხელი ტანისამოსი.
6. მიართვა ისრაელის მეფეს წერილი, სადაც ეწერა: ამ წერილთან ერთად გიგზავნი ნაყამანს, ჩემს მორჩილს, რომ განკურნო იგი კეთრისგან.
7. როცა წაიკითხა ისრაელის მეფემ წერილი, შემოიხია სამოსელი და თქვა: ღმერთი არა ვარ, რომ ვკლავდე და ვაცოცხლებდე, რომ მითვლის, კეთრისგან განკურნეთ ეს კაცი. იცოდეთ, შემოჩენილია იგი და მიზეზს ეძებს.
8. როცა გაიგო ელისემ, ღვთისკაცმა, სამოსელი შემოუხევიაო ისრაელის მეფეს, შეუთვალა: რისთვის შემოიხიე სამოსელი? მოვიდეს ჩემთან და დარწმუნდეს, რომ არის წინასწარმეტყველი ისრაელში.
9. მივიდა ნაყამანი თავისი ცხენებითა და ეტლით და ელისეს სახლის შესასვლელთან გაჩერდა.
10. გაუგზავნა მოციქული ელისემ და შეუთვალა: წადი, შვიდგზის იბანე იორდანეში და გაგიახლდება ხორცი, და გაწმედილი იქნები.
11. გაბრაზდა ნაყამანი, წავიდა და თქვა: აჰა, ვიფიქრე, გარეთ გამოვა, დადგება და უფლის, თავის ღვთის სახელს ახსენებს, ადგილზე დამადებს ხელს და კეთრისგან განმკურნავს-მეთქი.
12. განა დამასკოს მდინარეები აბანა და ფარფარი ისრაელის ყველა მდინარეს არ სჯობია? განა იქ ვერ ვიბანებ და ვერ განვიწმიდები? გატრიალდა და წავიდა ბრაზმორეული.
13. მიეახლნენ მისი მორჩილნი, ელაპარაკნენ და ასე უთხრეს: ჩემო მამავ! საძნელო რამე რომ მოეთხოვა შენგან მაგ წინასწარმეტყველს, ხომ შეასრულებდი? მით უმეტეს, როცა გეუბნება: იბანე და განიწმიდებიო!
14. ჩავიდა, შვიდგზის ჩაყვინთა იორდანეში, ღვთისკაცის სიტყვისამებრ, და ჩვილი ბავშვივით განუახლდა ხორცი და განიწმიდა.
15. დაბრუნდა ღვთისკაცთან ის და მთელი მისი ამალა; მივიდა და გაჩერდა მის წინ და უთხრა: აჰა, დავრწმუნდი, რომ მთელს ქვეყანაზე მხოლოდ ისრაელშია ღმერთი. ახლა, მიიღე საჩუქარი შენი მორჩილისგან.
16. თქვა ელისემ: ვფიცავ უფალს, რომლის წინაშეც ედგავარ, თუ მივიღო. აიძულებდა აღებას, მაგრამ არ დაჰყვა.
17. თქვა ნაყამანმა: თუ ასეა, მიეცეს შენს მორჩილს იმდენი მიწა, რამდენსაც წყვილი ვირი წაიღებს, რომ ამიერიდან უფლის გარდა სხვა ღმერთებს არ შესწიროს მსხვერპლი შენმა მორჩილმა.
18. ეს ერთი რამე აპატიოს უფალმა შენს მორჩილს. როცა მივა ხოლმე ჩემი ბატონი რიმონის სახლში თაყვანისაცემად, დაეყრდნობა ჩემს ხელს და მეც მომიხდება თაყვანისცემა რიმონის სახლში, ჰოდა, რიმონის სახლში თაყვანისცემისას აპატიოს უფალმა ეს შენს მორჩილს.
19. უთხრა: მშვიდობით იარე. წავიდა და როცა მცირე მანძილზე გასცდა მას,
20. თქვა გეხაზიმ, ღვთისკაცის მსახურმა: აჰა, არ გამოართვა ჩემმა ბატონმა ნაყამანს, ამ არამელს, მათი მორთმეული ძღვენი. უფლის მადლმა, გავეკიდები და მე გამოვართმევ რამეს.
21. დაედევნა გეხაზი ნაყამანს. როცა დაინახა ნაყამანმა, რომ ვიღაც მისდევს, ეტლიდან ჩამოვიდა და წინ შეეგება, ჰკითხა: ხომ მშვიდობაა?
22. მიუგო: მშვიდობა. ჩემმა ბატონმა შემოგითვალა: ეფრემის მთიდან მესტუმრა ორი ყმაწვილი წინასწარმეტყველთაგან. იქნებ ერთი ქანქარი ვერცხლი და ორი ხელი ტანსაცმელი გეჩუქებინა მათთვის.
23. უთხრა ნაყამანმა: ორი ქანქარი აიღე ბარემ ეხვეწა და მერე ჩაუწყო ორი ქანქარი ვერცხლი ორ ქისაში და ორ ხელ ტანსაცმელთან ერთად გაატანა თავის ორ მსახურს.
24. როცა მივიდნენ ბორცვთან, გამოართვა მათ ეს ყველაფერი და სახლში გადამალა. უკან გაისტუმრა მსახურები და წავიდნენ ისინიც.
25. მივიდა და გამოცხადდა ბატონთან. ჰკითხა ელისემ: საიდან მოდისარ, გეხაზი? მიუგო: არსად არ წასულა შენი მორჩილი.
26. უთხრა: არსად არ წასულა ჩემი გული, როცა ეტლიდან ჩამოხდა ის კაცი და წინ შეგეგება. დრო დაგიდგა, რომ იხვეჭდე ვერცხლს, იხვეჭდე ტანსაცმელს, ზეთსა და ყურძენს, ცხვარ-ძროხას, ყმებსა და მხევლებს?
27. შენ და შენს შთამომავლობას გადაედოს ნაყამანის კეთრი სამარადისოდ. და წავიდა მისგან გეხაზი კეთროვანი, როგორც თოვლი.