1. ასე უთხრა ელისემ ქალს, შვილი რომ გაუცოცხლა: ადექი და წადი შენი სახლითურთ და დადექი სადმე მდგმურად, სადაც შეგეძლება, რადგან მოუხმო უფალმა შიმშილობას და მოვიდა კიდეც ქვეყანაზე შვიდი წლით.
2. ადგა ის ქალი და ღვთისკაცის სიტყვისამებრ მოიქცა: წავიდა თავისი სახლითურთ და შვიდ წელიწადს მდგმურობდა ფილისტიმელთა ქვეყანაში.
3. შვიდი წლის თავზე დაბრუნდა ეს ქალი ფილისტიმელთა ქვეყნიდან, და მივიდა მეფესთან თავისი სახლკარისა და ყანის გამოსათხოვად.
4. ამ დროს გეხაზის, ღვთისკაცის მსახურს ელაპარაკებოდა მეფე და ეუბნებოდა, მომიყევი ყველა დიდი საქმე, რაც ელისეს გაუკეთებია.
5. ისიც უყვებოდა მეფეს, როგორ გააცოცხლა ელისემ მკვდარი და სწორედ მაშინ მივიდა მეფესთან ქალი, რომელსაც შვილი გაუცოცხლა, თავისი სახლ-კარისა და ყანის სათხოვნელად. თქვა გეხაზიმ: მეფევ-ბატონო! ის ქალია! ამის შვილია, ელისემ რომ გააცოცხლა!
6. გამოჰკითხა მეფემ ქალს და მანაც უამბო. მიუჩინა მას მეფემ ერთი კარისკაცი და უთხრა: დაუბრუნეთ მისი საბადებელი და მთელი მოსავალი იმ დღიდან, რაც ქვეყანა მიატოვა, დღემდე.
7. მივიდა ელისე დამასკოში, როცა ავად იყო ბენ-ჰადადი, არამის მეფე. მოახსენეს და უთხრეს, ღვთისკაციაო მოსული.
8. უთხრა მეფემ ხაზაელს: აიღე ხელში ძღვენი და შეეგებე ღვთისკაცს; უფალთან აკითხინე, განვიკურნები თუ არა ამ სენისგან?
9. წავიდა ხაზაელი მისაგებებლად; ხელში აიღო ძღვენი და ყველაფერი, რაც საუკეთესო იყო დამასკოში, ორმოცი აქლემის ტვირთი; მივიდა, წარუდგა მას და თქვა: შენმა შვილმა ბენ-ჰადადმა, არამის მეფემ, გამომგზავნა შენთან საკითხავად, განვიკურნები თუ არა ამ სენისგანო?
10. უთხრა ელისემ: წადი და უთხარი: განიკურნები-თქო. მაგრამ გამომიცხადა უფალმა, რომ მაინც მოკვდება.
11. გააშტერა ელისემ სახე და უყურებდა, ვიდრე არ შერცხვა მას. მერე ატირდა ღვთისკაცი.
12. თქვა ხაზაელმა: რატომ სტირი, ბატონო? მიუგო: იმიტომ, რომ ვიცი, თუ რა ბოროტებას უზამ ისრაელიანებს: ცეცხლს მისცემ მათ ციხე-სიმაგრეებს, მახვილით ამოხოცავ მათ ჭაბუკებს, გასრეს მათ თოთო ბავშვებს და შუაზე გაკვეთ მათ ორსულ ქალებს.
13. თქვა ხაზაელმა: ვინ ძაღლი გდია შენი მორჩილი, რომ ასეთი დიდი საქმე გააკეთოს? მიუგო ელისემ: შენი თავი მახილვინა უფალმა არამის მეფედ.
14. წავიდა ელისესგან და მივიდა თავის ბატონთან. ჰკითხა: რა გითხრა ელისემ? თქვა: მითხრა, რომ გამოჯანმრთელდები.
15. აიღო მეორე დღეს საბანი ხაზაელმა, წყალში დაასველა და სახეზე დაადო მას. მოკვდა ბენ-ჰადადი და გამეფდა მის ნაცვლად ხაზაელი.
16. ისრაელის მეფის იორამ აქაბის ძის მეხუთე წელს, იუდას შვილის იოშაფატის შემდეგ გამეფდა იორამ იოშაფატის ძე, იუდას მეფე.
17. ოცდათორმეტი წლისა იყო, როცა გამეფდა, და რვა წელი იმეფა იერუსალიმში.
18. ისრაელის მეფეთა გზით დადიოდა იგი, როგორც იქცეოდა აქაბის სახლი, რადგან აქაბის ასული ჰყავდა ცოლად და უკუღმართად იქცეოდა უფლის თვალში.
19. მაგრამ არ უნდოდა უფალს იუდას დაღუპვა დავითის, თავისი მორჩილის გამო, როგორც შეპირებული იყო, რომ მისცემდა ლამპარს მას და მის შთამომავალთ სამარადისოდ.
20. მის დროს განუდგა ედომი იუდას და დაისვეს მეფე.
21. გაემართა იორამი ცაყირისკენ მთელი თავისი ეტლებითურთ, ადგა ღამით და სძლია ედომელებს, გარს რომ ეხვივნენ, და ეტლის მეთაურებს, მაგრამ გაიქცა ხალხი თავ-თავის კარვებში.
22. განუდგა ედომი იუდას და ასეა დღემდე. იმ ხანადვე განდგა ლიბნაც.
23. იორამის დანარჩენი საქმენი, ყველაფერი, რაც გაუკეთებია, იუდას მეფეთა მატიანეშია ჩაწერილი.
24. განისვენა იორამმა თავის მამა-პაპასთან და დაიმარხა თავის მამა-პაპის გვერდით დავითის ქალაქში. მის ნაცვლად მისი ძე ახაზია გამეფდა.
25. ისრაელის მეფის, იორამ აქაბის ძის მეთორმეტე წელს გამეფდა ახაზია იორამის ძე, იუდას მეფე.
26. ოცდაორი წლისა იყო ახაზია, რომ გამეფდა, და ერთი წელი იმეფა იერუსალიმში. მისი დედა იყო ღოთოლია, ისრაელის მეფის, ყომრის ასული.
27. აქაბის სახლის გზით დადიოდა იგი და უკუღმართად იქცეოდა უფლის თვალში, როგორც აქაბის სახლი, რადგან აქაბის სახლის სიძე იყო.
28. წავიდა იორამ აქაბის ძე ხაზაელთან, არამის მეფესთან საომრად გალაადის რამოთში და დაჭრეს არამელებმა იორამი.
29. მობრუნდა იორამ მეფე, რომ იზრეყელში ემკურნალა ჭრილობისთვის, არამელებმა რომ მიაყენეს რამოთში, როცა ხაზაელს, არამის მეფეს, ეომებოდა. ჩამოვიდა ახაზია იორამის ძე, იუდას მეფე, იზრეყელში იორამ აქაბის ძის სანახავად, რადგან ავად იყო იგი.